წარსულის სკივრი და ვეზირიშვილების სასახლე

   და იქვე ოსიაურიც, თავისი ყვავილოვანი ციხით და რაც მთავარია, ვეზირიშვილების სასახლით და დიდი ისტორიით ბარათაშვილის სახელს რომ უკავშირდება

 წარსულის სკივრში ვიხედები და ჩუმად ვფურცლავ

იმ გარდასულთა დღეთა მათთა გრძნეულ ბარათებს

და ჩემს უნებურ, იმ სკივრიდან ასე უეცრად,

ბარათაშვილის ორი ქალი შემომანათებს.

ერთი – ბაბალე – ვეზირიშვილს რომ ჰყავდა ცოლად,

დიმიტრის – მეფის გენერალს და მაღალჩინოსანს,

ოსიაურში დღესაცა დგას მისი სასახლე,

რომელიც დღესაც მე მახსენებს პოეტს სხივოსანს.

ხოლო მეორე კი – სოფიო სუმბათაშვილი,

პოეტს ხომ მართლაც გამორჩევით უყვარდა იგი,

დიდი პოეტის მგვანი იყო, ნეტავ სად გაქრა,

ან დაიხურა როგორ მათი ცხოვრების წიგნი.

ისე იცხოვრეს, ძმის დიდება ვერც განიცადეს,

თუმც კი მის ნივთებს ინახავდნენ თავისთვის რიდით,

ცხოვრებამ ბევრი სატკივარი არგუნა მათაც,

უბედურებაც მათ ნახეს დიდი…

და მაინც, აბა, ვით იქნება არ გავიხსენოთ

ჩვენ მელიტონი – თარჯიმანი პირველი რანგის,

პოეტის მამა და თვითონაც რჩეული ერთ დროს,

მათ ხსოვნას როგორ შეეპაროს ფერფლი და ბანგი?

ბოლოს, როდესაც აქ ქალების დარჩა ამარა,

ოსიაურში დიდის ხვეწნით ჩამოიყვანეს,

ცხოვრებამ თითქოს საგანგებოდ, ანდა გულდაგულ

მასზე, ჰო, მასზე გულის ჯავრი ამოიყარა.

– როგორ არისო მელიტონი ? – ტფილისისთვის ხომ არ ოხრავსო?

ეკითხებოდა დაღესტნიდან თავის ახლობლებს

კურკა მელექსე, თავადი გრიგოლ ორბელიანი.

აწუხებდაო მელიტონის სულის ავდარი

და ცხოვრებისგან განწირულის სულის ფრიალი.

შვილს განჯის მიწა ხრავდა ისევ, როცა მოხუცმა

და ავადმყოფმა ზამთრის პირზე დახუჭა თვალი,

ოსიაურში მიაბარეს მიწას ვაებით,

სად დაიბადა და სად მოკვდა, ვა ცოდვა-ბრალი.

მას მერე აქ წევს, ვით წარსულის შემონათება,

ვით გენიოსი შვილის სულის შორი ძახილი..

ბარათაშვილი მელიტონი, ვისაც ცხოვრებამ

შიგ გულში ჩასცა არაერთგზის თავის მახვილი..

ჰოი, ცხოვრებავ, ნელა ვფურცლავ ჩვენი წარსულის

მართლაც სევდიან და მტვერწაყრილ გრძნეულ ბარათებს,

ოსიაურში მელიტონის საფლავს ვუმზერ და

ბარათაშვილის თვალთა შუქი შემომანათებს.

—————

მურად მთვარელიძე ,,ხაშურის მისტერია”

ვეზირიშვილების სასახლე

კომენტარები