შეხვედრა თამაზ ლაცაბიძესთან ქართულ უნივერსიტეტში

   საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა 2015 წლის 30 აპრილს ხაშურის რაიონის სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელს ბატონ თამაზ ლაცაბიძეს და ხაშურის რაიონის საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

   შეხვედრა გახსნა და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელს ბატონ თამაზ ლაცაბიძეს დაბადების 60 წლისთავი მიულოცა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა იუბილარის ცხოვრებისა და საქმიანობის ძირითადი მომენტები. ბატონი თამაზ ლაცაბიძე 1978 წლიდან 1991 წლამდე იყო ხაშურის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, 1991-98 წლებში _ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე, 1998-2003 წლებში _ ხაშურის გამგებლის მოადგილე, შემდეგ ისევ სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი. მას ხაშურის რაიონის ეკლესია-მონასტრებზე, ისტორიული მნიშვნელობის ციხე-სიმაგრეებზე, ძველ ქალაქებზე, რაიონის ტოპონიმიკაზე გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი მონოგრაფია. მან უამრავი ისტორიული საბუთები, სამუზეუმო ექსპონატები გადაარჩინა დაღუპვას და შექმნა ხაშურის რაიონის ძლიერი სამუზეუმო გაერთიანება. ასეთი ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ მოფერებასა და პატივისცემას. ჩვენი უნივერსიტეტი მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის მიერაა დაფუძნებული. პატრიარქის კურთხევაა ყველა ღირსეულ ადამიანს სათანადო პატივი მივაგოთ. ჩვენ ამ კურთხევას ვასრულებთ. ბატონი თამაზის ღვაწლი სრულიად საქართველომ უნდა გაიგოს და მოიწონოს დასძინა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.

   იუბილარს მიესალმნენ და ახალი წარმატებები უსურვეს პროფესორებმა: ვახტანგ გურულმა, მიხეილ ქავთარიამ, გურამ ყორანაშვილმა, მურად მთვარელიძემ, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ.

დასასრულს ბატონმა თამაზ ლაცაბიძემ ისაუბრა ხაშურის რაიონის კულტურული და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ. მადლობა მოახსენა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს და ქართულ უნივერსიტეტს ასეთი შინაარსიანი საღამოსთვის.

წყარო: sangu.edu.ge

კომენტარები