უპატრონო კულტურული მემკვიდრეობა სოფელ ხცისში

ხაშურის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი წარსულით და მისი მემკვიდრეობით,  მაგრამ ამ მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა.  ,,ხაშური ნიუსის” ადმინისტრაცია რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სოფელ ხცისში,  საიდანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ გიამბობთ.

,,რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდით სოფელ ხცისში და ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო ციციშვილების ნასახლარის და ჯერ კიდევ შემორჩენილი მარნის დაფიქსირება. სასახლეს კვლავ შეხვდებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სიაში, მაგრამ მისი ნარჩენები ფოტოზეც ნათლად ჩანს. მარანი, რომლის დათვალიერების იმედიც გვქონდა და რომელიც ისევ შემორჩენილი გვეგულება ამ ბალახებსა და ეკლიან ბუჩქებშია მოქცეული.
აქვე ვთხოვთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომ გაწმინდოს ეს მიდამო და მარანის გადახურვა მაინც მოხერხდეს, ხომ ხედავთ რა სიტუაციაცაა.

მეორე მიზანი იყო თომა ციციშვილის საფლავის დაფიქსირება, რომელიც მისავე აგებულ წმიდა გიორგის ეკლესიის შიგნით გვეგულებოდა, მაგრამ ეკლესიაში დიდი ხალიჩებია დაფენილი და იატაკის დიდი ნაწილი არ ჩანს, თუმცა იქვე ეკლესიის სტიქაროსანს რომ ვკითხეთ, იქ საფლავის ქვა არსადაა.
იქ არ იყო წარსულში, თომა ციციშვილის შთამომავლების მიერ ეკლესიისთვის გადაცემული მომინანქრებული ღვთისმშობლის ხატი.
იმედია შევძლებთ მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.
მანამდე კი იხილეთ თანდართული ფოტოები.
——-
1887 წლის 30 იანვრის ნომერში გაზეთი ,,ივერია” იუწყება, რომ გორის მაზრის თავად-აზნაურებმა გადაწყვიტეს შეკრიბონ მიდამოებში განთქმული ქართლელი მომღერლები და ცნობილ ჩეხ მომღერალს იოსებ რატილის მოასმენინონ. მის მიერ მოწონებულ სიმღერას პატივცემული რატილი პროფესიონალურად დაამუშავებდა და ნოტებად გადაიტანდა. ცნობის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ მომღერალთა შორის მიიწვევენ თომა ციციშვილს, რომელიც იმ დროს განთქმული მომღერალი იყო და რომელიც შესანიშნავად ასრულებდა საგვარეულო სიმღერას, სახელწოდებით ,,შეკრა წითელი”.
სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია თომა ციციშვილის ეს ნაქები სიმღერა თუ დღეისათვის სადმე შემორჩა და ბატონმა იოსებმაც თუ შეძლო მისი მოსმენა და ჩანიშვნა.

ციციშვილების სასახლე 1874 წელს იქნა აშენებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში, რომელიც ციციშვილების საბატონოს წარმოადგენდა. ციციშვილების სოფლიდან წასვლის შემდეგ, 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს გასაბჭოების პერიოდში სახლი, რომელიც ორივე სართულზე ოც ოთახს ითვლიდა, გადავიდა სასოფლო საბჭოს განკარგულებაში. იქ დიდხანს მოთავსებული იყო სასოფლო საბჭო, კოლმეურნეობის კანტორა, ამბულატორია, ბაგა-ბაღი, ბიბლიოთეკა თუ სასოფლო კლუბი. 1930 წელს შენობის ნაწილი დაიწვა. აღდგენის შემდეგ 1974 წლამდე შენობაში სკოლა იყო განთავსებული.

სამწუხაროდ იგივე ვითარება მეორდება ვეზირიშვილების სასახლეზე, ისიც ზუსტად ასე ქრება და პასუხს არავინ გვცემს საერთოდ გვინდა და გვჭირდება თუ არა კულტურული მემკვიდრეობა”.

კომენტარები