სუმბათაშვილების სასახლის ისტორია და ადგილი, სადაც მეფე ერეკლემ ჯვარი დაიწერა

სუმბათაშვილების სასახლე, ამჟამად სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენციაა. რამდენიმე თვის წინ  რეზიდენციის ეზოში წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც სუმბათაშვილების სასახლის კარის ეკლესიის ადგილას აშენდება (აქ არსებულ ტაძარში დაიწერა ჯვარი მეფე ერეკლე II-მ 1744 წელს).

ქვიშხეთი ქართლის სააბაშიოს ცენტრი იყო და აბაშიძეები აქ ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დამკვიდრდნენ. 1711 წელს უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა პაატა აბაშიძე, რომლის კუთვნილი მამულიც ქართლის მეფე იესემ ვახუშტი აბაშიძეს უბოძა. სწორედ აქ, ქვიშხეთში, ქვიშხეთელ ანა აბაშიძეზე იქორწინა მეფე ერეკლე II-მ მეორედ, 1744 წელს და ამ ქორწინებიდან მას ერთი ვაჟი – ქართლ-კახეთის სამეფოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და ასული თამარი ეყოლა. ანა აბაშიძე 1749 წელს გარდაიცვალა.

XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ქვიშხეთში, ამ სასახლეში სუმბათაშვილები მკვიდრდებიან. გაზეთ ,,ივერიის” 1905 წლის სექტემბრის ნომერში ვეცნობით სამგლოვიარო განცხადებას, სადაც კნეინა სოფიო მელიტონის ასული სუმბათოვისა (სუმბათაშვილისა) ნათესავებსა და ნაცნობებს მწუხარებით აუწყებს ქმრის, ვასილ ალექსანდრეს ძე სუმბათაშვილის გარდაცვალებას. სოფიო მელიტონის ასული სუმბათაშვილი გახლდათ დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და, რომელიც სოფელ ქვიშხეთში, სუმბათაშვილების ოჯახში იყო გათხოვილი. სუმბათაშვილების ოჯახმა ადგილობრივთა მეხსიერებაში ცუდი მოგონებები დატოვა, ამის შესახებ მე-19 საუკუნის პერიოდული პრესაც გვამცნობს. ნიკოლოზ ბარათაშვილის კიდევ ერთი და – ბაბალე ცხოვრობდა სოფელ ოსიაურში, იგი გენერალ-მაიორ დიმიტრი ვეზირიშვილის მეუღლე იყო, მეორე და კი იყო ნინო ბარათაშვილი-ბარათაშვილისა, რომელიც 1906 წელს გარდაცვლილა.
ვასილ ალექსანდრეს ძე სუმბათაშვილი 1843 წელს დაბადებულა, გარდაიცვალა 1905 წლის სექტემბერში და ქაშუეთის ეკლესიიდან გამოუსვენებიათ. სოფიო სუმბათაშვილი 1841 წლის 13 დეკემბერს დაბადებულა, გარდაიცვალა 1916 წლის 29 მაისს. წყვილს ორი ვაჟი -ნიკოლოზი (1868-1930) და გიორგი (1882-?) და ორი ქალიშვილი – თამარი (ტალალე) (1879-?) და ეკატერინე (1887-?) ჰყავდათ.
საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ სუმბათაშვილებს კუთვნილი სასახლე ჩამოართვეს და წლების მანძილზე სოფელ ქვიშხეთის კულტურის სახლი იყო განთავსებული, რომელიც მე-20 საუკუნის მიწურულში მძიმე მდგომარეობაში იყო. 2016 წლიდან სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის (ცაკაშვილი) ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს შენობის რესტავრაცია, სადაც სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია განთავსდება.
——–
მოამზადა გიორგი ჩუბინიძემ

არჩილ სუთიაშვილის ფოტო

კომენტარები