,,სიკვდილი რაა – სულის გაყრა ცოდვილ სხეულთან” – ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

,,მათქმევინე:
ქვეყნად სიცოცხლე ღირდა,
მერე წამოვალ,
წამოვალ, საცა გინდა”.

დიახ, წავიდა ძველი თაობის პოეტთაგან უკანასკნელი მოჰიკანი და შეუერთდა მარადისობას. იმ მარადისობას, პოეტთა მიერ ათასგვარი მეტაფორით რომაა გადმოცემული…

,,როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი”

ასე აღწერდა ,,ლამაზი სიკვდილის” წინაპირობებს ჯანსუღ ჩარკვიანი, მაგრამ მან საწუთრო შემოდგომის სუსხიან დღეებში დატოვა, თუმცა ის მოესწრო საქართველოს სხვა გაზაფხულს – ,,ლომთა ხვედრ თავისუფლებას”, მაგრამ მაშინ წავიდა, როცა ამ თავისუფლების შენარჩუნების უკვე ხანგრძლივი ჭიდილია…

ეს შემოდგომაც მიიწურება, ეს დღეებიც ისტორიას შეუერთდება და მოვა თოვლი უსასრულო სივრციდან:

,,მშვიდობით, ჩემო ლურჯო სიზმარო,
ნახვამდის, ჩემო თეთრო გვირილავ,
მთელი სიცოცხლე უნდა ვიწვალო,
რომ მოგაწვდინო მთიდან ყვირილი.
თოვლი მოსულა,
თოვლი მოსულა,
ქათქათა, შენი თეთრი მკერდივით…
მე, უსასრულო სივრცის მოსურნე _
ვარ მაღალ მთებში გამოკეტილი”.

სული გამოკეტილი არ ჩერდება, ის თავად ხდება უსასრულობის ნაწილი და ბატონი ჯანსუღიც მარადისობაა.
მშვიდობით!

,,შენ ნუ გგონია,
რამეს ვდარდობ,
რამეს მივტირი,
ნურც იმას ფიქრობ,
უზენაესს რამეს შევუთქვამ, _
მე მიჭირს
შენთან გაშორება,
თორემ სიკვდილი?
სიკვდილი რაა –
სულის გაყრა
ცოდვილ სხეულთან”

© გიორგი ჩუბინიძე

კომენტარები