სევდად ქცეული ხაშური – ემოციებად დაცლილი ქალაქი

საქართველოს გულიო, ამბობენ, მაგრამ სულიცაა და ავიწყდებათ.

ემოციები რომ ეძალებათ სიყვარულს უხსნიან და ბოღმა რომ კალაპოტს სცილდება მაშინ იწყება უსაზღვრო ლანძღვა.

მაინც თბილი და ტკბილია შენი მშობლიური ალაგი.

,,სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი“ – თავის დროზე რაფიელს უთქვამს საკუთარი მიწის შესამკობად.

ზოგი აქ მხოლოდ შობილა, ზოგს ისარიც უსროლია, ქვაც, ღორღიც და წიგნიც წაუკითხავს, მაგრამ თავისი ადგილი ყველას ცნობიერებაში ჰპოვა ხაშურზე მოგონებამ. უმეტესობას ბავშვობის სილაღე გვრის სევდას, მონატრებას და ხაშური ბავშვობის ლამაზი წუთია, რომელმაც გაირბინა.

მაგრამ ყველასთვის ხომ მხოლოდ ბავშვობა არაა? ბევრისთვის სიყმაწვილეც აქაა, ცხოვრების დიდი და ვრცელი გზაც აქაა და სიბერეც კი სწორედ აქ მიედინება, იქ სადაც უნდა მიდიოდეს ადამიანის რთული, ეკალ-ბარდებით მოფენილი გზა.

მოგონებებში ახლა ჭადრების ხეივანიც მოჩანს ყოფილ გამარჯვების ქუჩას, რომ მიუყვებოდა, ახლა მას აღმაშენებელი ჰქვია და ჭადრების გარეშეც მშობლიური და თბილია, მაგრამ მოგონებებიდან ჭადართა ხეთა ჯარების ლანდები იცქირებიან. ფეოდალური ხანის კოშკი კი ხაშურის შუა გულში აღმოცენებული განძია. ესეც თბილია, ყველა მხრიდან შეავლებ თვალს და გათბობს.

საკათედრო ტაძარი – ეპოქის ქარცეცხლ გამოვლილი და ხაშურელთა სულის ზეიმი. ახლახანს შევიტყვე აქვე ახლოს უწმიდესი და უნეტარესი დავით V დევდარიანი, რომ სახლობდა ვიდრე კათოლიკოს-პატრიარქი გახდებოდა.

რკინიგზის სადგური – არ კითხულობენ, მაგრამ აბრაც გვამცნობს, რომ აქედან გააგზავნა წმიდა დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოს პავლეს მისამართით წერილი, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა, მაგრამ ზეცაში ეს იყო კვდომა მხიარული, ვინაიდან მან ჰპოვა ადამიანთა სულებში სამუდამო ადგილსამყოფელი და წმიდანთა დასში დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი.

ბიბლიოთეკა- ყველაფრის მიუხედავად მაინც ძვირფასი და სანატრელი, მაინც ჩვენი განათლების კერა.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – ჩვენი დიადი წარსულის სავანე. ისიც დაუფასებელი, ისიც უნუგეშოდ სევდიანი. ცივი კედლები და მომავლისკენ მცქირალი.

ხაშური ემოციის გარეშე რთულად დასახასიათებელია. მასზე ქილიკი მტკივნეული. ზემო სერზე მოგონება ბავშვობის ტრფიალი და ტკივილი ორმაგად მძაფრი, როცა ხაშურის შელახულ იერს, გაჯგიმულ ბიძიებს და მოტყუებულ საზოგადოებას უცქერ.

ფლიდი ყოფილა – იტყვის ვინმე ხაშურელთაგანი და შეამკობს მავანს. სხვა ბევრ ,,ხოტბას“ შეასხამს უმოქმედო ,,ქველმოქმედს“ მაგრამ არსაით ხმა, არსად ძახილი არ ისმის ხაშურელთა საამებლად.

სამაგიეროდ გვახსოვს ,,საბჭოთა კავშირი“. მეთოდები იგივე, სხვა ხალხი, უკვე – აღზრდილები, ან გაზრდილები. ამიტომ მხოლოდ მოგონებანი გვრჩება საფიქრალად და რეალობაზე კი ნუგეში გვჭირდება. რით განუგეშოთ? ჩვენ თვითონ  გვმართებს გამოცოცხლება, ხომ გახსოვთ, ,,როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?“ – ასე დაგვიბარა ილიამ, ჰოდა გამოვფხიზლდეთ, ავყვეთ ჩვენი სულის ტკბილ მელოდიას და ამ ჩანახატსაც ჩავუღრმავდეთ.

ჩვენც ,,ვერცხლი წმიდა“ გვერჩიოს ამ ვითარებაში, ვიდრე ,,რკინა ჟანგიანი“ მომავალში, დუმილის სანაცვლოდ.

გიორგი ჩუბინიძე

კომენტარები

Comments

  1. შემძრა..(
    მიყვარს ხაშური…
    მზად ვარ ერთი გამოფენა დავუთმო ჩემი ბავშვობის ქალაქს..

  2. გვახსოვს საბჭოთა კავშირი, იმიტომ რომ ხაშურში თუ რამე გაკეთდა მაშინ გაკეთდა, მას მერე მხოლოდ ნგრევაა და შენება ჯერ არ დაწყებულა. ერთი რამე დამისახელეთ რაც საბჭოთა პერიოდის შემდეგ აშენდა ხაშურში.( კერძო მშენებლობებს არ ვთვლი)

  3. დიდი მადლობა ბატონო ბესიკ, ძალიან გაგვახარებთ.

  4. ხაშური ჩემი ბავშვობის ქალქია და ძალიან მიყვარს…ჩემმა შვილმა ექსიც უძღვნა დედულეთს…

  5. გიორგი ახალკაცი says:

    არც დავბადებულვარ და არც მიცხოვრია ხაშურში, (მამიდაჩემთან და მამიდაშვილებათ ჩავდიოდი ყოველ წელს) მაგრამ დიდი სიამოვნებით დავიბრალებდი რომ ხაშურელი ვარ!!! ძალიან მაგარი ქალაქი თავისივე მაგარი ხალხით!!!

  6. Elza Lomidze says:

    sanam cocxali viqnebi xashuri chemtvis ertaderti iqneba, ar aaqvs mnishvneloba sad vcxovrob.

  7. xashuri hemi mShobliuri qalaqia,mikvars hemi xashuri, hemi megobrebi,mis xsenebaze guli sixarulit mevseba, didi sikvarulit movikitxav kvela xahurels ufalma daglocot da gagaxarot.

  8. ar vici ramdenad swori informacia maqvs magram chveni sabralo mxaretmcodneobis muzeumi datovebs male qalaqis centrs. rogorv vici sadgaac dzvel shenobashi gadaaqvt da amjamindeli adgili gayidulia… xma ar amovigot da uaressac gvizamen.. tvalsachino adgilze papa duqnebi da marketebi chavamwkrivot da suliereba sholis chuchkian wyals ar waugia!

  9. თბილისში კი გავიზარდე, მაგრამ ხაშურში დავიბადე და იგი ჩემი მშობლიური ქალაქია. ვენაცვალე ხაშურს და ხაშურლებს!!! თუ რამე დაიგეგმება ხაშურის გვერდში ამოსადგომად და დასახმარებლად საზოგადოებრივი აქტიურობის თვალსაზრისით, არ გამომტოვოთ, მეც თქვენთან მიგულეთ!!!