საქართველოს გზაჯვარედინი და ჰამაკებს მიღმა სამყარო

ზაფხულის სეზონი და დასვენება ამ დროისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია. მართლაც რთული წელი გავიარეთ ოქტომბრიდან მოყოლებული, პოლიტიკურადაც მეტად დატვირთულები, გადაღლილები მოვედით აქამდე და კარგი დასვენებაც ყველა ახალგაზრდას გვეკუთვნის.
ზღვა, მთა, გართობა. სოფელში ბებიასთან, ან უბრალოდ სუფთა ჰაერზე, მოკლედ ეს ყოველივე ძალიან გვჭირდება. თუ თქვენ თბილისიდან გადიხართ, ზღვისკენ, მთისკენ ან ასე შემდეგ, აუცილებლად გეცოდინებათ ჰამაკების ქუჩა. ჰამაკები ნაირგვარი, ნაირფერი, ყველა ფასის, ზომის მოკლედ ათასგვარი. ეს ხაშურია და ეს ამ ქალაქის სავიზიტო ბარათია, თუმცა რეალობა ბევრად სხვანაირია.
სინამდვილეში ეს დიადი ქართლის ნაწილია და ეს ხაშურის მუნიციპალიტეტია სადაც არაერთი ტურისტული ობიექტი, საკურორტო ზონა თუ ისტორიული ადგილია, რომელის მწყობრში მოყვანა და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირება ჩვენს მთავრობებს დავიწყებიათ. დავიწყებიათ მისი ისტორიული სოფლები, ისტორიისთვის მნიშვნელოვანი აქაური პიროვნებები, ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი ჰავა და ასე შემდეგ.
თავი, რომ არ შეგაწყინოთ თქვენთვის ყველაზე ნაცნობ და ალბათ ბევრისთვის სასიამოვნო ადგილზე სურამზე გიამბობთ, რომელიც ხაშურის მნიციპალიტეტში შემავალი დაბა, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკურორტო ზონა და კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტია 1948 წლიდან.დიდი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში იყო 1672-1673 წლებში, თავის წიგნში ,,მოგზაურობა საქართველოში”, აღნიშნავს, რომ ქართლში არის 4 ქალაქი: ,,გორი, სურამი, ალი და ტფილისი”. როგორც ვხედავთ ქართლის ოთხ მნიშვნელოვან ქალაქს შორის სურამი და ალი ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტიდანაა დასახელებული. ძველად სურამზე გადიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზა. ინდური საქონელი მდ. ამუდარიით ჩაჰქონდათ კასპის ზღვაში და იქიდან მტკვრით ამოჰქონდათ აღმოსავლეთ საქართველოში. აქედან კი უკვე ხმელეთით, სურამის უღელტეხილით ეზიდებოდნენ დასავლეთ საქართველოში, სადაც საქონელი მდ. რიონით შავი ზღვის სანაპირო ქალაქებს, კერძოდ ფაზისს ანუ ფოთს აღწევდა. ჯერ კიდევ წინარე ელინისტურ ხანაში სავაჭრო ურთიერთობა დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის წარმოებდა სურამის უღელტეხილით. ამავე პერიოდში აღნიშნული უღელტეხილის მეშვეობით ბერძნული იმპორტი იჭრება აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო ელინისტური ხანიდან, როცა ვაჭრობა იღებს ე.წ. “მსოფლიო” ხასიათს და სავაჭრო ურთიერთობის პროცესში არა მხოლოდ მცირე აზია, მესოპოტამია და ეგვიპტე, არამედ შუა აზიის ქვეყნები, ინდოეთის და ჩინეთის შორეული რაიონები ებმევა, იქმნება ერთიანი დიდი სავაჭრო-სატრანზიტო გზა ინდოეთიდან ფაზისისაკენ სურამზე გავლით. ასე, რომ სურამის ქალაქად ჩამოყალიბება იწყება IV-III  საუკუნეებში, ხოლო III საუკუნის ბოლოსთვის მას მკვეთრად გამოხატული ქალაქური იერსახე აქვს.დღეს სურამი დაბაა. საამაყო წარსულით და ჩვენი ბედკრული ისტორიის გამო რასაც ლეკიანობა ერქვა, არაერთგზის შემცირებული და გაზრდილი მოსახლეობით. ერთ დროს სამეფო ქალაქი იყო, მას ჰყავდა მამასახლისი, ნაცვალი და სხვა მოხელეები. აქ იყო ქართლის ერისმთავრების – სურამლების რეზიდენციაც.საბჭოთა პერიოდში, ის რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატო-ბალნეოლოგიურ კურორტად გამოცხადდა. საუცხოო ჰავა, ნაძვნარი გახდა მიზეზი წარსულში აქ აშენებულიყო სანატორიუმები, სხვადასხვა გამაჯანსაღებელი ადგილები. მაგრამ თანამედროვე ეპოქაში აქ კვლავ არის საუცხოო ჰავა, მაგრამ მისი მოწყობის პოლიტიკა არავის გახსენებია. იმის გათვალისწინებით, რომ აქ ყოველწლიურად უამრავი დამსვენებელია, ასეთი ისტორიული წარსული აქვს და წარსულის სიდიადე, ყოვლად გაურკვეველია, რატომ არ ცდილობს ადგილობრივი თვითმმართველობა ეს დაბა აქციოს ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკურორტო ზონად ვიდრე ახლაა. გაუგებარია, რატომ არ ცდილობს ცენტრალური ხელისუფლება ამ კლიმატის ტურისტულ ზონად გამოყენებას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის არ დებს აქ თანხებს. ყველას ხო მარ უყვარს ზღვა, ყველა ხომ არაა ჯანმრთელი, ჩვენ ხომ გვჭირდება ჯანმრთელი თაობა. სურამის ჰავა ეს ხომ რეცეპტია ჯანმრთელობისთვის, როგორც დიდებისთვის ასევე პატარებისთვის.
ბოლოს გეტყვით, რომ ბევრ კრიტიკას, ლანძღვას და ქილიკს მიმოიხედეთ ირგვლივ, დააფასეთ ისტორია და ის რაც რეალობაა ზემდგომ პირებს დააბრალეთ და მათ მოსთხოვეთ ყოველივე უკეთესი იყოს. ჰამაკების და ნაზუქების ირგვლივაც არსებობს სამყარო რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს და თუ ვინმე იქნება ამ ისტორიული მარშუტების მნახველი, სიამოვნებით ვიქნები თქვენი მეგზური. იმედია მთავრობები მიხვდებიან, რომ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება და სიცოცხლე გულიდან იწყება. ესაა ქართლი, ესაა საქართველოს გული და ის სამკურნალოა. იქნებ ვიფიქროთ ამაზე. მანამდე სურამი გელით ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად.

ახალგაზრდული ჟურნალი ,,360 გრადუსი” http://www.360gradus.ge

კომენტარები