სად განისვენებს ნიკოლოზ ბარათაშვილის მამა?

აქ წარმოდგენილი სტატია, სახელწოდებით ,,სად განისვენებს ნიკოლოზ ბარათაშვილის მამა?” 1998 წელს გაზეთმა ,,ჩვენმა მწერლობამ” გამოაქვეყნა, რომლის ავტორიც პოეტი და ფილოლოგი ცირა ბარბაქაძეა. გავიდა დრო და მელიტონ ბარათაშვილის საფლავი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ  აღადგინა. თუმცა სოფელ ოსიაურის სასაფლაოზე დიდი რომანტიკოსი პოეტის მამის, სახელოვანი თარჯიმნის ცხოვრება მხოლოდ სახელითა და გვარით შემოიფარგლებოდა… არც დაბადების და არც გარდაცვალების წლები იქ არ იქნა მიწერილი. დღეისათვის კი აღარც სახელი და გვარია თავის ადგილას, ის ჩამოცვენილი და მიმობნეულია.

2017 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წელი სრულდება და სოფელ ოსიაურში სამეცნიერო კონფერენციაც დაგეგმილია. კარგი იქნებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილთან მჭიდროდ დაკავშირებულ ამ სოფელში ყველა ეს პრობლემა მოგვარებული და მოწესრიგებული ყოფილიყო. მანამდე კი იხილეთ სტატია:

„მელიტონი როგორ არის, ტფილისისთვის ხომ არ ოხრავს?“- კითხულობს გრიგოლ ორბელიანი (მელიტონ ბარათაშვილის ცოლის ძმა) 1860 წლის 6 დეკემბრით დათარიღებულ წერილში.

„ვინ იცის, იქნებ ოხრავდა კიდეც. ამ დროს კი მელიტონ ბარათაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურშია- ქალიშვილის- ბარბარეს ოჯახში, რომელიც გათხოვილი იყო ამ სოფლის დიდებულზე- მეფის რუსეთის გენერალ-მაიორზე – დიმიტრი ვეზიროვზე (ვეზირიშვილი).

მელიტონსა და ეფემიას 15 შვილიდან მხოლოდ 5 დაურჩათ: ტატო, ეკატერინე, ბარბარე, ნინუცა და სოფიო; ოთხ დათაგან ორი ხაშურის რაიონში იყო გათხოვილი- ქვიშხეთსა და ოსიაურში, სადაც სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად სტუმრობდა მელიტონი.

ცოტა რამ ისტორიიდან

პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის მამა- მელიტონ ნიკოლოზის ძე ბარათაშვილი წარმოშობით ქართლიდან იყო. ბარათაშვილების ძველი არისტოკრატიული გვარეულობის სამკვიდრო იყო ქვემო-ქართლი. საქართველოს სამეფოს არსებობის უკანასკნელ საუკუნეებში ბარათაანთ გვარეულობა პირველობდა ქვემო ქართლში და ეს მხარე „საბარათიანოს“ სახელით წოდებული ქართლის სამეფოს „მოწინავე სადროშოში“ შედიოდა (XVI-XVII საუკუნეებში).

მელიტონ ბარათაშვილი დაიბადა 1794 წელს, 1803 წელს, როცა მელიტონის მამა- ნიკოლოზი, დიდი რაინდული ბუნების ადამიანი და პატრიოტი ქვეყნისა, რუსეთში გაჰყვა გადასახლებულ მარიამ დედოფალს, მელიტონიც თან წაუყვანია. როდის დაბრუნდა იგი საქართველოში, ამის შესახებ პირდაპირი ცნობები არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მე-19 საუკუნის პირველი ათეულის ბოლო წლებში იგი თბილისშია და სწავლობს „კეთილშობილთა სასწავლებელში“.

სრულიად ახალგაზრდა მელიტონი შედის სახელმწიფო სამსახურში და 1810 წელს ინიშნება თარჯიმნის თანამდებობაზე საქართველოს მთავარმართებლის სამმართველოში, იგი იყო მაღალი რანგის თარჯიმანი. 1837 წელს, როდესაც იმპერატორი ჩამოვიდა თბილისში, მელიტონი თარჯიმნობდა.

1820 წელს მელიტონმა კაპიტნობა მიიღო, მუშაობდა ქალაქ განჯის პოლიცმეისტერად, შემდეგ განჯის ოლქის მმართველად. 1832 წელს მელიტონს უბოძეს მაიორობა, დაუნიშნეს პენსია 900 მანეთი. ამ დროიდან მელიტონი თავს ანებებს სახელმწიფო სამსახურს და გადადის თავად-აზნაურობის არჩევნებითს სამსახურში. „მელიტონი, როგორც გადმოგვცემენ, და ეს ყველაფერი დასტურდება, დიდი გავლენით სარგებლობდა თავად-აზნაურობის წრეებში და მის სიტყვას დიდი გასავალი ჰქონდა“. მოგვიანებით მელიტონს ირჩევენ თბილისის თავად-აზნაურობის მარშლად. იგი საშუალო შეძლების თავადიშვილი ყოფილა. ცხოვრობდა დიდი ხელგაშლით. „მისი ოჯახი, – წერს იონა მეუნარგია, – ფართოდ გაშლილი ოჯახი იყო და სუფრა ღონეზე გადამეტებულად მდიდარი და ნაქები მთელს ქალაქში. ხშირმა სტუმარმა და წვეულებამ თან წარიღეს მისი ავლა-დიდებაც, მელიტონი ჩავარდა დიდ გადაუხდელ ვალში“.

თანამედროვეთა ცნობით, მელიტონ ბარათაშვილი ყოფილა ქართულ ენაზე განათლებული კაცი, კარგად მცოდნე ქართული ლიტერატურისა, საუცხოო მოსაუბრე და მჭერმეტყველი; ბუნებით- კეთილი, მაგრამ, ამასთან ერთად, პირდაპირი, მიუდგომელი, ზოგჯერ კი- გადამეტებულად ფიცხი, ზვიადი და მრისხანე. ორბელიანთა საოჯახო გადმოცემის მიხედვით მოგვითხრობენ, რომ მაზრის მარშლად ყოფნის დროს მელიტონს გუბერნატორის მდივანი გაულახავს, რომელსაც რაღაც ქაღალდის მოძებნაზე უარი უთქვამს.

გადმოგვცემენ როგორც კურიოზს, რომ როდესაც მელიტონი ანჩისხატიდან შუა ბაზარში გამოვიდოდა, ზოგი ვაჭარი დუქანსაც კი კეტავდა, ვაი თუ მელიტონს რაიმე არ მოეწონოს და გაგვირისხდესო.

მელიტონისა და ეფემიას ოჯახში, რომელიც წარჩინებულად ითვლებოდა 20-იან- 40-იან წლების თბილისში, იკრიბებოდა იმდროინდელი რჩეული ქართული საზოგადოება. კ. მამაცაშვილის გადმოცემით, „მელიტონის სახლში ნახავდით ძველს ჩვენს სწავლულ ქართველებს; იმათ შორის, თითქმის ყოველდღე მელიტონთან დაიარებოდა ეგნატე იოსელიანი, მამა ჩვენის მწერლის პლატონისა… ..აქ ხშირად დადიოდნენ: პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ორნი ძმანი ნიკოლოზ და მიხეილ ფავლენიშვილები, სოლომონ მეითარი თარხნიშვილი, გიორგი და ალექსანდრე საგინაშვილები და ბევრნი მაშინდელის დროის განათლებულნი ქართველნი.

სიღატაკეში

1844 წლისთვის ბარათაშვილების ოჯახი სრული სიღატაკის პირას დადგა. თუ სადამდე იყო მისული ოჯახის გაღატაკება, შესაძლოა წარმოვიდგინოთ იმის მიხედვით, რომ, ბროდესაც ნ. ბარათაშვილი გარდაიცვალა, ოჯახს არ ჰქონდა იმის შეძლებაც კი, რომ
შავებით შემოსილიყო.

ახალგაზრდა პოეტს- ტატოს სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმე ტვირთი დააწვა მხრებზე. მელიტონი ცდილობდა, რომ შვილისთვის როგორმე შეემსუბუქებინა ხვედრი. 1844 წელს მან მიმართა კავკასიის მთავარმართებელს ნეიდგარდტს თხოვნით, რომ დაენიშნათ იგი რაიმე თანამდებობაზე, რაც მის დამსახურებას შეეფერებოდა. მთავარმართებელმა არ ისურვა ნიკოლოზ ბარათაშვილის მამის სამსახურში განწესება.

მელიტონმა ვერ აიტანა ეს დარტყმა და დარდით შეპყრობილს დამბლა დაეცა. ამის შემდეგ იგი აღარ გამობრუნებულა და ლოგინად იყო ჩავარდნილი.

შეწუხებული გრიგოლ ორბელიანი, რომელიც ამ დროს დაღისტანში იმყოფებოდა, წერს ძმას- ზაქარიას: „ილიასაგან მომივიდა წიგნი, რომელშიაც მაცნობებს მელიტონის დამბლობას. შენი მტერი შეწუხდეს ისე, როგორც მე ამ ამბითა, რა უნდა ქნას სიყმითვე ეფემიამ (იგულისხმება მელიტონის მეუღლე, გრიგოლ ორბელიანის და), რით შეინახოს ესოდენი წვრილი შვილები, სრულიად ღატაკად დაშთომილნი…რა ვუყოთ, რითა ან როგორ შევეწივნეთ უსახლკაროს, უპუროს, უტანისამოსოსა ჩვენსა დასა. ეს ფიქრი მაგიჟებს სრულიად, ნეტავ მოვკვდე და მოვრჩე.

რა უნდოდა მელიტონს სოფელ ოსიაურში, ვინ იყო დიმიტრი ვეზირიშვილი?

1849 წელს მელიტონის მეუღლე- ეფემიაც გარდაიცვალა. გრიგოლ ორბელიანმა ითავა დიშვილთა დაოჯახება; 1852 წელს იგი თავის რძალს, ზაქარიას ცოლს- ქეთევანს წერს:

„გეთაყვანე, ერთი იფიქრე კარგად და უშოვე შესაფერისი ქმარი ჩვენს დისწულს, – ბარბარეს, ესე იგი ეფემიას ქალს, ჩემის მხრივ, შემიძლია მივცე ასი თუმანი თეთრ მზითვად“, როგორც ჩანს, ახლობლები მართლაც დატრიალებულან და შესაფერისი საქმროც ამოურჩევიათ ბარბარესთვის- ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურის მკვიდრი, შემდგომში მეფის რუსეთის გენერალ-მაიორი დიმიტრი ვეზიროვი (იგივე ვეზირიშვილი).

ქორწინება 1852 წელს შემდგარა, დიმიტრი ვეზირიშვილი გასული საუკუნის 90-იან წლებში ბათუმში მსახურობდა. ამავე დივიზიაში იმყოფებოდა დავით კლდიაშვილი, რომელიც ასე ახასიათებს დიმიტრისა და ბარბარეს: „ჩვენი ნაწილის უფროსი იყო პოლკოვნიკი ვეზირიშვილი, ცოლად ჰყავდა პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის და… თვით ვეზირიშვილი ახირებული ადამიანი იყო, ყმაწვილი ქალები ჩააცივდებოდნენ ხოლმე გამოეყვანა ბატალიონი სავარჯიშოდ- საპარადოდ.. ვეზირიშვილიც უსრულებდა მათ თხოვნას- გამოჰყავდა როტები და ამათ წინაშე ცერემონიალით არონინებდა წინ და უკან”.

მელიტონის გარდაცვალება

მარტოდარჩენილი მელიტონი სიძეების ხშირი სტუმარი ყოფილა. ერთ დროს ხელგაშლილს, ბედმა უმტყუნა. გაღარიბებასთან ერთად შვილი და მეუღლეც გამოეცალა ხელიდან და ქალიშვილების ამარა დარჩა. თბილისში ყოფნა მელიტონს ბოლო ხანებში აღარ შეეძლო და ხშირად ვეზირიშვილების ოჯახში იმყოფებოდა. 1860 წლის შემოდგომა მან ოსიაურში გაატარა, აქვე მოუსწრო ზამთარსაც. დეკემბრის თვე ავბედითი გამოდგა მელიტონისთვის, აქ, ოსიაურში, დაასრულა სიცოცხლე თბილისის მაზრის თავადაზნაურობის ყოფილმა მარშალმა, უმაღლესი რანგის თარჯიმანმა- მელიტონ ბარათაშვილმა, როგორც ამბობენ, შავი ჭირი შეყრია და ამიტომ ვერ წაუსვენებიათ თბილისს. უხვთოვლობისას ვინ იზრუნებდა მის წასვენებაზე და აქვე აუგიათ წესი და სოფელ ოსიაურის სასაფლაოზე- საყდრის ჩრდილოეთ მხარეს მიუბარებიათ იგი მიწისთვის. შემდეგში მელიტონის გვერდით დაუკრძალავთ სიძე- დიმიტრი
ვეზირიშვილი.

დაკარგული საფლავები

მელიტონის ქალიშვილებმა დიდხანს იცოცხლეს. ბარბარე 1919 წელს გარდაიცვალა 84 წლის, სოფიო- 1916 წელს 75 წლის.

როგორც ჩანს, ბარბარე ბოლო ხანებში თბილისში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა. მისთვის წესი აუგია საქართველოს მომავალ პატრიარქს- კალისტრატე ცინცაძეს (მაშინ დეკანოზი იყო). პოეტის და ბარბარე დაუსაფლავებიათ ვერის იოანე ღვთისმეტყველ ეკლესიის გალავანში, ამჟამად საფლავი აღარ ჩანს. ეფემიას საფლავიც დაკარგულა ქაშვეთის ეკლესიის გალავანში.

მელიტონის საფლავი, რომელიც ამ ორი ათეული წლის წინ სოფელმა აღადგინა, მაშინ სოფლის ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებლის (ამჟამად ფილოლოგ. მეცნ. დოქტორი, ხაშურის გიმნაზიის დირექტორი)- მურად მთვარელიძის ინიციატივით, ისევ იშლება და მიწით იფარება…დაიკარგება კიდევ ერთი საფლავი ნიკოლოზ ბარათაშვილის ოჯახიდან.

დასასრულის მაგიერ

მელიტონ ბარათაშვილის საფლავიდან ერთი ფესვმაგარი ტყემლის ხეა… ყოველ გაზაფხულზე ტყემლის თეთრი ყვავილები უღიმის მელიტონის სულს…ამ ხის შემხედვარეს ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავთან დაკავშირებული ერთი დეტალი მახსენდება. განჯის სასაფლაოზე დაკრძალულ დიდ პოეტზე პავლე ინგოროყვა წერდა:

„განვლო დრომ და დედის გარდაცვალების შემდეგ ნ. ბარათაშვილის საფლავიც მოიშალა… სამარხიდან აიღეს მეგობრის ხელით დადებული საფლავის ქვა. ნიკოლოზ ბარათაშვილის სამარე ამის შემდეგ იცნობებოდა დიდი კვიპაროზის ხით, რომელიც მის საფლავთან იყო ამოსული“.

კვიპაროსის ხისა რა მოგახსენოთ და მალე ალბათ იმ ბებერი ტყემლის ხით იცნობება მელიტონ ბარათაშვილის საფლავი.

© გაზეთი „ჩვენი მწერლობა“ #74, 17 ოქტომბერი, 1998 წელი

კომენტარები