როგორც ყველას, მეც მაქვს დიდი პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ – მეუფე სვიმეონი

 წმინდა სინოდის განჩინებით დედა ეკლესიას შვიდი მღვდელმთავარი შეემატა. ახლად გამორჩეულ მღვდელმთავრებს „კარიბჭის“ მკთხველს პერიოდულად გავაცნობთ. გთავაზობთ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე სვიმეონის (ცაკაშვილი) ინტერვიუს. მეუფე სვიმეონმა უწმინდესის, სამღვდელოების და მრევლის წინაშე სამების ტაძარში ეპისკოპოსად წარდგინების დროს სიტყვა წარმოთქვა:
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლად სამღვდელო მღვდელმთავარნო, ძმანო და დანო!
დღეს ღვთის ნებით, უწმინდესის ლოცვა-კურთხევითა და წმინდა სინოდის განჩინებით მივეახლები მღვდელმთავრის მძიმე და ამავდროულად ტკბილ უღელს, ვითარცა ბრძანებს უფალი: „უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ“…
განუზომელია ნება ღვთისა, უსაზღვროა წყალობა მისი! დიდია მღვდელმთავრობის პატივის ტარების მადლი და ასეთივე დიდია ის პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე, რომელსაც მე წმინდა სინოდის ნდობით ვიღებ. უწმინდესო, ვიხსენებ 1986 წელს, როდესაც თქვენ ჩამობრძანდით დედოფლისწყაროს რაიონში, მე მაშინ ოთხი წლის ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ გამოვეპარე დედას, გავაკეთე ხისგან ჯვარი და თქვენთან შესახვედრად წამოვედი. თქვენ მაშინ გვასხურეთ აიაზმა და ბავშვები გულში ჩაგვიკარით. დღემდე მომყვება ის სითბო და სიყვარული, რომელიც მაშინ ვიგრძენი. ათი წლის წინ ღვთის დიდმა სიყვარულმა მონასტერში მომიყვანა, სახიდან წამოსულს დედის ლოცვა მომყვებოდა, მე კი მთელი გზა გულში ვიმეორებდი წმინდა გრიგოლ ხანძთელის სიტყვებს დედის მიმართ თქმულს: „შენდობა იყავნ ჩემდა შენ მიერ, დედაო ჩემო, არამედ არა ნებითა ჩემითა განგეშორე, გარნა ნებასა ღმრთისასა ესრეთ სათნო უჩნდა, ვითარცა აქ იქმნა“. მაშინ ფიქრადაც ვერ გავივლებდი, რომ ოდესმე ღირსი გავხდებოდი ამ უწმინდესი ადგილიდან მომემართა თქვენთვის. როგორც ყველას, მეც მაქვს დიდი პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ. არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე, დგება უდიდესი დღესასწაული, მღვდელმთავარ ნეოფიტე ურბნელის ხსენებისა და, ამავდროულად, წმინდა კირიონ კათალიკოსის დაბადებისდღე. ეს დამთხვევა მახარებს, მწამს, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მათი ლოცვა-კურთევა შემეწევა და მომცემს უდიდეს ძალას ღირსებითა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით ვატარო ეს ჯვარი, „ვითარცა მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის“ (ინ. 10,1-16) და არა ვითარცა სასყიდლით დადგინებული, რომელი ილტვის მოწევნულისა განსაცდელისაგან, განვაგრძო გაძლიერება სურამისა და ხაშურის ეპარქიისა, მივიტანო ღვთის სიტყვა თითოეული ადამიანის გულამდე, გავიზიარო მათი ტკივილი და სიხარული, ვასწავლო ღვთისა და ადამიანის ნების გაერთიანება.
კიდევ ერთი ამ ჯვრის ღირსეულად ტარებისა, როგორც წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, არის გულწრფელი აღსარება და მორჩილება მოძღვრისა, რაც ჩემმა მოძღვარმა, მიტროპოლიტმა იობმა მონასტრეში მოსვლის პირველივე დღიდან შთამინერგა. ვმადლობ მას ყველაფრისთვის, რაც უსწავლებია.
აღვავლენ მადლობას უფლის მიმართ, მდაბლად ვიხრი ქედს უწმინდესისა და უნეტარესის წინაშე, მღვდელმთავართა წინაშე, მთელი ერის წინაშე და ვითოვ შენდობას, თქვენი ლოცვა-კურთევით, თქვენი თანადგომით შევეცდები გავამრთელო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის ნდობა, ვიყო უფლისა და ერის სამსახურში „აწ და მარადის ვიდრე აღსასრულამდე ჩემდა“. ამინ“.

გზა ბერობისკენ

10550023_509759919159330_4128427893539662475_oწმინდა მამები ამბობენ: მონასტერი ხილული სამოთხეაო. ჩვენ როგორც ადამიანები არ ვართ შობილები მხოლოდ იმისთვის, რომ ხორციელად ვიცხოვროთ, ჩვენ ვართ სასუფევლის წევრები. მონასტერში ცხოვრებით უფრო მეტად მჟღავნდება ადამიანის თავდადება. ღმერთი ხომ სიყვარულია. სიყვარული კიდევ თავდადებას მოითხოვს. პირადად მე როცა ბერობაზე ვფიქრობდი, მინდოდა მთელი ცხოვრება ღმერთისთვის მიმეძღვნა. ჱყველაზე დიდ ერთგუელბას ღვთისგან ვგრძნობდი და სურვილი მქონდა ანალოგიურად ერთგუელბით მეპასუხა უფლსითვის. მთელი ჩემი საქმეებით ეკლესიასთან სიალხოვეს ვეძებდი. ერში ყოფნის დროს მაშინდელი ბოდბელი ეპისკოპოსის დაივთის (ტიკარაძე) ლოცვა-კურთხევით, მცირე წვლილი შევიტანე კახეთში ეკლესიის მშენებლობაში, აღდგენით სამუშაოებში. წმინდა მამების სწავლებით ყველას ჩვენი ჯვარი გვაკისრია, რომლის გამომჟღავნება გვმართებს წუთსოფელში. ჩემი მონასტრული ცხოვრების სურვილი მაშინ დაიწყო, როცა მეუფე იობს (აქიაშილი)შევხვდი. მმეუფე იობის ცხოვრებიდან, გვერდით დგომიდან და ქადაგებიდან გამომდინარე გადავწყვიტე მონასტრული ცხოვრება. მანამდე სხვადასხვა მონასტერში ვცხოვრობდი, მაგრამ ვერ ვდგამდი ამ ნაბიჯს. არ ვიცოდი რა იყო ღვთის ნება. ბოლოს გადავწყვიტე გამომეცადა თუ სად უნდა მემსახურა და წავედი ტბეთის მამათა მონასტერში მამა შიოსთან (ხარძეიშვილი). მაშინ მამა შიო ტბეთის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ და სურვილი გამიჩნდა მასთან მემსახურა. მინდოდა მთელი გულით მემსახურა უფალთან და მონასტერში სტუმრად წავედი. მაშინ მეუფე დავითთან (ტიკარაძე) ვცხოვრობდი და სტიქაროსანიც ვიყავი, მესენაკეც. ყურადღებას ვაქცევდი ხოლმე მეუფე დავითს. პარალელურად ვცდილობდი სწავლაც გამეგრძელებინა, თან მონასტერში მეცხოვრა. ისე მოხდა, რომ მონასტერთან სიახლოვე ვარჩიე და მივედი წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში. აღდგომის მარხვა იქ გავატარე. აღდგომას სახლში შევხვდი, მეგობრების გარემოცვაში ყოფნისას რაღაც სიმყუდროვე ვერ ვიგრძენი და კვლავ ხირსის მონასტერში დავბრუნდი. ბრწყინვალე შვიდეულში მეუფე იობი ჩამობრძანდა ხირსის მონასტერში. მეუფესთან ადრეც ვიყავი შეხვედრილი და როცა ხირსას სტუმრობდა მომიკითხა და თავისთან წამოსვლა შემომთავაზა. მეუფე იობმა მითხრა; `თუ წამოხვალ ჩემს გვერიდთ იქნებიო. პირადი მძღოლობა შემომთავაზა. ოჯახის წევრებს ვუთხარი დროებით წავალ მეუფე იობის ეპარქიაში-მეთქი. მსმენოდა, მეუფის ეპარქიაში ბევრი ეკლესია-მონასტრები რომ იყო. მათი ნახვის სურვილი მაშინვე გამიჩნდა. მერე მშობლებმაც მომცეს კურთხევა. ექვსი თვე ვესმახურებოდი მძღოლად მეუფე იობს.
ერში ყოფნის დროს ჩემი სულიეირ მოძღვარი იყო მამა ბასილი, ახლა უკვე მამა იოანე (კიკვაძე). მაშინ მამაო ბერი არ გახლდათ, და რადგან მონასტრული ცხოვრების სურვილი მქონდა, მოძღვარი შევიცვალე და მამა შიოსთან (ხარძეიშვილი) მივედი ტბეთის სკიტში. რაც თვითონ არის ადამიანი, ყოველთვის იმას ეძებს სხვა ადამიანში. რატომღაც გადავწყვიტე ჩემი სულიერი მოძღვარი მამა შიო ყოფილიყო. რადგან მეუფესთან ჰქონდა მამა შიოს ხშირი ურთიერთობა, მეც მიწევდა მამა შიოსთან ყოფნა. ღვთის ნებით, მომიწია ტბეთის სკიტში განმარტოებით ცოხვრება. მხოლოდ ლოცვის დროს ვხვდებოდით ერთმანეთს. ასე ვცხოვრობდი რამდენიმე თვე. შემდეგ მეუფის ლოცვა-კურთხევით, ტბეთი მონასტრად გადაკეთდა. მამა შიო ჩემი ნუგეში იყო. ტბეთში მოღვაწეობა ჩემთვის და ჩვენი და ძმობისთვის საუკეთესო პერიოდი იყო. რამდენიმე თვეში ჩემი ბერად აღკვეცა გადაწყდა.
წმინდა მამები ამბობდნენ: როცა ადამიანი მონასტერში მიდის მონაზვნად, მისი მშობლების ტირილი, ნერვიულობა და შვილისგან უნუგეშობას ღმერთი იწირავსო და ისევ მათი სულების საკურნებლად იყენებს უფალიო. ჩემთვის მთავარი იყო, მშობლების ცრემლები და ნერვიულობა, ღვთისთვის სათნო ყოფილიყო. ღვთის შეწევნით და წყალობით არ მინდა დავზოგო ჩემი ამქვეყნიური ცხოვრება. ადამიანი შეიძლება ბერობისთვის დაიბადოს, მაგრამ ბერობას გამოცდილებით სწავლობს. თუ ბერი არ გახდი, ვერ გაიგებ რა არის ბერობა. თუ მორჩილი, დიაკვანი და მღვდელი არ გახდი, ვერ გაიგებ მათ მნიშვლეობას, ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოცდი და არ იტვირთავ ამ ჯვარს, ვერ გაიგებ მათ გემოს. მინდა ჩემი მსახურება ღვთისთვის სათნო იყოს. ღვთისგან გამომდინარე კიდევ ხალხს ვესმახურო.
ყველა ადამიანმა ჩვენი ჯვარი უნდა ვიპოვოთ
ღვთისადმი ერთგულება, ღვთისთვის სათნო უფლის წინაშე მართალი გულით მსახურებაა. ხშირად ადამიანები საკუთარ თავს კერპად თვლიან, ვითომ ღვთისმსახურებაში ვართ, ამ დროს კი შეიძლება საკუთარ პატივს ვემსახურებოდეთ. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: `გული წმინდა დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა~. ჩვენი სულის გასაღებია სიწრფოება, წრფელი აღსარება და ასეთვე გულწრფელი ცხოვრება. კეთილსინდისიერი მოპყრობა ერთმანეთის მიმართ. მადლიერების გრძნობა. პავლე მოციუქლი ბრძანებს: როგორ შეიყვარებ შენ ღმერთს, როდესაც საკუთარ ძმას, რომელსაც ხედავ და ის არ გიყვარს, რომელსაც ვერ ხედავო, ღმერთზე ეუბნება იმაზე ამბობს, ის მიყვარსო. როგორ შეიძლება ადამიანის მიმართ უმადური იყო, ხოლო ღმერთის მიმართ მადლიერი. ღმერთი ადამიანის გულს უყურებს თუ როგორი გულით და რისთვის ვემსახურებით უფალს. ღმერთი ყველანაირად ცდილობს გვასწავლოს ერის ადამიანთან, სასულიერო პირებთან ურთიერთობა. ყველას და ყველაფერს თავისი მიდგომა სჭირდება. ყველა ადამიანი ღვთისგან მინიჭებული სამწყსოა და მათზე მწყემსებად ვართ დადგინებული. ვცდილობ ხოლმე, რომ ყველას თანადგომა გაუწიო ჩემი მცირე შესაძლებლობებიდან გამომდინარე.. კეთილი მოშურნეობა მოყვასის მიმართ ღვთისაგან მინიჭებულია. ყველა ადამიანმა ჩვენი ჯვარი უნდა ვიპოვოთ, ამ ჯვრის ზიდვაში ბედნიერები უნდა ვიყოთ.. შევეცადოთ, ღვთის ნება ვიპოვოთ და ამით ბედნიერები ვიქნებით. მისი უწმინდესობა ხშირად გვიქადაგებს, რომ სასუფეველი და ჯოჯოხეთიც ამქვეყნიდან იწყებაო, ბედნიერება სწორედ სასუფევლის და სამოთხის პოვნაშია. ასევე იმ საქმის აღსრულებაშიც, რაც უნდა აღვასრულოთ ღვთის მიერ დადებული ჯვრით. ღმერთმა ქნას, რომ ყველას გვეტარებინოს საკუთარი ჯვარი წრფელად და ხალისიანად და არასდროს დავმძიმებულიყავით მისი ტარებით. ადამიანი მოთმინებით იწრთობა. ღმერთმა მოგვცეს მოთმინების ნიჭი. ამ მოთმინებაშიც ღმერთი მოგვცემს გვირგივნს. ხშირად ვამბობ, რომ ცხრა ნეტარებას უნდა ვეძებდეთ-მეთქი. ცხრა ნეტარებიდან ერთ-ერთი იქნება ჩვენთვის მაცხოვნებელი და გადამრჩენელი.

   ნებისმიერი ქრისტიანის სასულიერო პირის თუ ერის ადამიანის ცხოვრება, ღვთის ნებით უნდა მიდიოდეს

ადამიანისთვის უფლის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. როგორც თევზს არ შეუძლია წლის გარეშე ცხოვრება, ასევე ვერ იქნება ადამიანი უფლის გარეშე. აქედან გამომდინარე მუდამ იმის ფიქრში უნდა ვიყოთ, რომ ღვთის ნება საკუთარ ნებას დავამთხვიოთ. როცა ადამიანს ეკლესიასთან მუდმივი ურთიერთობა ექნება, მისი აზროვნებაც ღვთის ნებაზე იქნება აგებული და ღვთით გადაწყვიტავ ყოველივეს. თუკი გვსურს ღვთის ნება გამომჟღავნდეს, სასურველია ხშირად წავიკითხოთ სახარება, ახალი აღთქმა. ადამიანის ცხოვრების წესია სახარება, რამეთუ სახარებაში უფალი ხშირად მოგვიწოდებს, იყავით ბრძენი, ვითარცა გველნი და იყავით უმანკონი, ვითარცა მტრედნიო. ამბობს, რომ ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხოთო, მერე ამბობს, რომ `ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდად ვარ და მდაბალ გულითაო. სახარებაში უფალი ძალიან ბევრ რამეს გვაწავლს. თავად ადამიანებთან ურთიერთობისას კი გვასწავლის თუ ვინ არის მოყვასი შენი. ყოველდღიურად უნდა კითხულობდეს ადამაინი სახარებას და ცხოვრებაში ახორციელებდეს უფლის სწავლებას. წმინდა ბასილი დიდი ამბობს: თუ გსურს ბოროტმა არ დაგცეს, მოძღვრის მიმართ გულწრფელი და მიმნდობი უნდა იყოო. ეს ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია სწორი, ქრისტიანული ცხოვრებისა და ბოროტისაგან თავის ასარიდებლად. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეკლესიურად ცხოვრობენ ან კიდევ ჰგონიათ, რომ რაღაცისთვის ცხოვრობენ, სინამდვილეში კი მხოლოდ საკუთარ თავშია ჩაკეტილი და საკუთარი წარმოდგენებით კმაყოფილდება. ხშირია ხიბლის მომენტი. ზოგს ჰგონია, რაც უფრო დიდხანს დადის ეკლესიაში, სხვებზე სწავლების უფლება აქვს. ძალიან ძნელია გაარჩიო რა არის ხიბლი. ხიბლი არის, როცა უსიყვარულოდ აკეთებ საქმეს. ამ დროს გგონია, რომ ამით ღვთისმსახურებას აღასრულებ. როგორ შეიძლება გაიგოთ ამპარტავნებაში თუ ხართ? წმინდა მამები ამბობენ, თუ გწყინს საყვედურის, შენიშვნის მიღება, ეს ამპარტავნების გამოხატულებააო. ადამიანი ყველანაირად უნდა ცდილობდეს, სულიერად არ დაიჩაგროს და მუდამ ძლიერად იდგეს.ნებისმიერი ადამინისგან შეიძლება ღმერთმა ღვთის ნება განგიცხადოს, მაგრამ მოძღვართან ამის გადამოწმება აუცილებელია. ადამიანები ხშირად კმაყოფილდებიან ხოლმე ერთმანეთთან არასწორი მეგობრული დარიგებებით. ამისთვის აუცილეებლია გყავდეს მოძღვარი. თუ მინდობილი ვიქნებით ღმერთზე და მოძღვარზე, მერწმუნეთ, რომ ღვთის ნებას მივიღებთ და არა იმას, რაც ჩვენ გვსურს. ღვთის ნება გაცხადებისთვის ყველაზე კარგი იქნება თუ აღსარებით ჩვენს სინდისს განვიწმენდთ და სინდისის ხმას მივაქცევთ ყურადღებას. შინაგანად ადამიანს რამდენიმე ხმა აქვს _ ღვთის, ადამიანის და ბოროტის. კარგი იქნება თუ სინდისის ხმას გამოვარჩევთ და საკთარ თავს ვკითხავთ სწორ არჩევანს. გამორიცხულია, რომ სინდისის ხმამ გიღალატოს, თუმცა, მის გამორკვევასაც სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რადგან საკუთარი სინდისი და სახარება უნდა გავაიგივოთ და თუ ემთხვევა სინდისის ხმა და სახარებიდან ამოკითხული წმინდა წერილი, მაშინ ეს სინდისის გამოძახილია. ხშირად ბოროტი მრავალი კეთილ აზრს მოგვგვრის. მერე ისეთს გაგიკეთებს, რომ ყველაფერს წყალში ჩაგიყრის. კარგ აზრებს მოგაწოდებს. განსაკუთრებით ებრძვის ადამიანს ბოროტი ლოცვის დროს. თუ ვინმეზე გაბრაზებული ხარ, ძვირის ხსენებით მოგიდგება. თუ ამას აღსარებაში იტყვი, მოძღვარი გეტყვის, რომ ეს არასწორია და ბოროტისაგან მოდის. ბოროტიც ხომ გრძნობს ამ კარნახს _ იღებ თუ არ იღებ. თუ ბოროტი ხედავს, რომ ბოროტ აზრებს აღარ იღებ, მერე უკვე მოგიდგება ლოცვის დროს და ისეთ კეთილ აზრებს გაწვდის, რომ საერთოდ მოგწყვეტს ლოცვას და ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს უფლისგან მოდის ამგვარი აზრები. რატომ უნდა აღასრულებდეს ადამიანი რაიმეს ღვთის ნების საწინააღმდეგოს? ჩვენ ადამიანები ღვთის ქმნილება ვართ. შეუძლებელია ბოროტებას ემსახურებოდეს, მაგრამ უფალმა ხომ ყველა ადამიანს საკუთარი ნება მისცა _ ნათელის და ბნელის არჩევა. უფალი ბრძანებს: ადამიანი სულიერად ვაჭარი და მუდამ საუკეთესოს ძიებაში უნდა იყოსო. ღვთის ქადაგებით და კარნახითაც ასეთივე უნდა იყოს ადამიანი, მაგრამ იგი იმდენად ცოდვის და ტკბობის მოყვარულია, რომ კარგს კი არა, რაც მის ხორცს და ამ წუთისოფელს ესიამოვნება, იმას იძენს. ყველა ადამიანი სიკეთისთვის და სასუფევლსითვისაა შექმნილი, რამეთუ სასუფეველი კეთილი და წმინდა სულიერი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. რასაკვირველია იქ ბოროტი ვერ შევა. აქედან გამომდინარე, თვითონაც ამის მაძიებელი უნდა იყოს, რომ იმ დონემდე მივიდეს. სასუფეველი იძულებით მოიპოვება. იძულება იმიტომაა საჭირო, რომ ბოროტი იძულებით გიდგება. შეიძლება რაღაც განსაცდელით ან ტკბობით მიგიყვანოს ცოდვამდე. ზოგი ადამიანი საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი, ზოგიც მუდამ ძებნაშია. ხშირად ამ ძებნაში მხოლოდ ცუდს პულობს. ადამიანის ამ წუთისოფლიდან უდროოდ წასვლა _ ღვთის ნება კი არა, ღვთის გმობაა. რამეთუ უფალმა იცის, ვის რა დრო აქვს და ვინ როგორ იცოხვრებს მომავალში. სნეულებაში მყოფი ადამიანი, რომელიც ტკივილებს განიცდის წმინდა მამების გადმოცემით, ასეთ დროს ამადამიანებს უფალი წმენდს ცოდვებისგან. ტკბილად უნდა განვეწყოთ ასეთ დროს, რადგან ყველაფერი მაინც უფლის ნებით ხდება. უფალმა უკეთ იცის, ვინ როდის და რა მდგომარეობაში უნდა გაიყვანოს წუთისოფლიდან. ღვთის ნების გარეშე ადამიანს ერთი თმის ღერიც არ ჩამოუვარდება. თითოეული ჩვენი ფიქრი, ეჭვი, განცდა ეს ყველაფერი კარგად იცის ღმერთმა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნუგეში მოდის. რმერთი სიყვარულია და მას სიყვარულითვე უნდა უპასუხო. ადამიანი ბედნიერი იქნება თუ ღმერთთან ერთად იცოხვრებს. განსაცდლები მოვა, მაგრამ ბედნიერი მაინც იქნები. როგორც იობ მრვალვნებული ითმენდა ყოველივეს სიხარულით და მოთმინებით, რამეთუ იცოდა, რომ ღვთისგან იყო, ასევე უნდა ვიყოთ ადამიანები. ნებისმიერი განსაცდელი, პრობლემა, შეურაცხყოფა, ცილისწამება ყვლაფერი ღვთისგანაა. ღვთის დაშვება კი ის გახლავთ, როცა ადამიანი ამპარტავნებით ცდილობს ეძიოს საკუთარი ნება. ამიტომ უშვებს უფალი, რომ კარგად დაინახო ამპარტავნებიდან გამომდინარე საკუთარი გადაწყვეტილების სიმცდარე. შეიძლება სწორიც იყოს, მაგრამ საკუთარ თავზე რომ არ გქონდეს იმედი და სასოება ამას არ დაუშვებს. ღვთის დაშვება არის იმ შემთხვევაშიც, როდესაც ადამიანი ვერ ხვდება, როგორ იცხოვროს ამ დროს უფალი უშვებს რაიმე განსაცდელს საკუთარი უძლურების კარგად დანახვისთვის. ამით ღვთის ნებას განგვიცხადებს უფალი. შემთხვევით არაფერი ხდება. ვიდრე რაიმეს გადაწყვეტს ადამიანი კარგად უნდა გააანალიზოს. ბერობა შემთხვევით არ ხდება. ბერი მუდამ სიმდაბლისკენ უნდა მიილტვოდეს. ადამიანს მაგალითს ვინ აძლევს? ეკლესია, ღვთისმსახური, ბერი, მონაზონი. თუ ბერ-მონაზობაში ვერ ხედავ საღვთო მოშურნეობას, მაშინ ისიც დაუძლურდება. თუ ბერი შემართებით ცხოვრობს, მის გვერდით მყოფი ერის ადამიანიც მიმბაძველია. თუ ბერი უდებებით, სიზარმაცით ცხოვრობს, ისიც სიზარმაცით იცხოვრებს. ადამიანი მარტო თავის ცოდვებს ვერ გადალახავს თუ მოძღვარი არ დაეხმარა. ჩვენი ნუგეშიც ის არის, რომ ადამიანი სწორედ მორჩილებით და ღმერთზე მინდობით იცხოვრებს. რაც უფრო მეტად უახლოვდები უფალს, განსაცდელები მატულობს. ნებისმიერი განსაცდელი ღვთისგანაა და დასათმენია. ამით უნდა ვნუგეშებდეთ. უფალს სურს განსაცდელებით თავისთან მიგაახლოვოს და მასთან იყო. თუმცა, ჩვენი ნებით შორს განუდგებით და მივატოვებთ, ღმერთი კი არასდროს გვტოვებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ესაუბრა თეა ცაგურიშვილი
ჟურნალი „კარიბჭე“

კომენტარები