რაც გულმა გიჩურჩულოს…

მურად მთვარელიძე

,,სწერე ყველაფერზე, რაც გულმა გიჩურჩულოს და გონებამაც გირჩიოს. სწერე უბრალოდ, სადად, ნაძალადეობა მაშინვე დაეტყობა ნაწერს და აღარ ივარგებს. ქართული ლექსის წერა ადვილია, მაგრამ  იმდენადვე ძნელი, თუ აზრის უბრალოდ გამოთქმა გინდა და არა მისი გაბუნდოვნება”, – უთქვამს აკაკის  დომენტი თომაშვილისათვის ( მოგონებები აკაკიზე, გვ. 316).
არ მოხერხდება:
ვერ დავსთმობ
მე ჩემებურსა მღერასა,
სანამ ყურს ვუგდებ სიამით
სამშობლოს გულის ძგერასა.

ესეც აკაკის სიტყვებია, რომლისთვისაც მას არასოდეს უღალატნია.
… და წერდა ყველაფერზე, რაზედაც გული ეჩურჩულებოდა. მღეროდა  ქართულ სამოთხეში მისი ბულბული, მაგრამ ცოტამ თუ იცოდა, თუ როგორ, რა გარემოში, როდის ან როგორი განცდით იწერებოდა დიდი პოეტის ესა თუ ის ლექსი.
თანამედროვენი ერთხმად აღიარებენ, რომ აკაკი ლექსებს დილაობით წერდა. დილა იყო მისი შემოქმედებითი აღმაფრენის მომტანი.  ,, აკაკი გვიან იღვიძებდა. გაღვიძების მერე უთუოდ წერდა. საერთოდ, აკაკის წერა დილით უყვარდა. დღისით, ან საღამოთი იშვიათად წერდა ”, – წერს დავით ფაღავა, (იქვე,გვ.418), ხოლო ივანე ელიაშვილი, აკაკის ეს უერთგულესი მეგობარი, უფრო  დეტალურად წარმოგვიდგენს დიდი  მწერლის შემოქმედებით პროცესს: ,, ზოგჯერ  ლოგინში წოლისას, არც კითხულობდა ხოლმე, არამედ  თავის გონებაში ამუშავებდა  მომავალ თხზულებას. ადგებოდა დილას ლოგინიდან, მიუჯდებოდა მაგიდას და ლექსიც მზად იყო წერდა თითქმის შეუსწორებლად, რადგან აკაკი ლექსთა წყობის ტექნიკის დიდი ოსტატი  იყო. ხანდახან საზოგადოებაში ყოფნის დროსაც კი აკაკის გონება შორს იყო იმისაგან, რაც მის ირგვლივ ხდებოდა. ,,აკაკი დღეს რაღაც დაბნეული იყო” -ო  იტყოდნენ ხოლმე ისეთები, რომელთაც მისი ასეთი მდგომარეობა არ ესმოდათ. ლექსის დაწერის წინ აკაკის უყვარდა ოთახში სიარული და თმაში ხელის ფათური . ამიტომ მისი ხუჭუჭა თმები მუდამ აბურძგნული იყო. დაიარებოდა ოთახში და რაღაცას ღიღინებდა. ამ ღიღინში არავითარი მელოდია არ ისმოდა”. (იქვე,გვ 129)
აკაკი საერთოდ არ გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით, მაგრამ რა საოცარია, რომ  მისი ლექსების უმრავლესობა სწორედ ღიღინით იწერებოდა. ამასვე გვიდასტურებს პოეტის ახლო  ნათესავი პაპუნა წერეთელი: ,, აკაკის ერთი საინტერესო თვისება ჰქონდა თურმე- ლექსის წერის დროს ხმამაღლა მღეროდა. ერთ დილას, მე და ჩემი  ბიძაშვილი ტყეში სანადიროდ მივდიოდით, მიამბო ერთმა ჩემმა ნათესავმა, -აკაკის სახლს  რომ მივუახლოვდით, მამიდა ანა გამოგვეგება და მიგვიხმო: ,, ბიჭებო ღმერთი არ გაგიწყრეთ და თოფი არ ისროლოთ,  ბუძია ლექსს წერს”, – მამიდა, ოღონდ დაგვანახე ბიძია რომ წერს და სიტყვას გაძლევთ, არათუ დღეს, მთელ კვირასაც არ ვინადირებთო. მამიდამ შეგვიყვანა  თავის ოთახში , სადაც ბევრი ფუჩეჩი ეყარა. ბიძია აკაკის ოთახის კარი გამოღებული იყო. ის  თმააბურძგვნილი, აღელვებული დადიოდა ოთახში და ღიღინებდა. ძალიან გაგვაოცა მისმა ღიღინმა, რადგან თავის დღეში მისგან სიმღერა არ გაგვიგონიაო. ჩაიღიღინებდა, შემდეგ კიდევ დაიწყებდა სიარულს და სიმღერას და  შემდეგ  ისევ ჩამოჯდებოდა და ცოტას დაწერდაო. წერა რომ გაათავა, მთელი ლექსი ჩაიკითხა. ჩვენ ისე გამოვიპარენით ოთახიდან, რომ ვერც კი გაიგოო” (მოგონებები აკაკიზე; გვ.407).
დიდი პოეტის  წერის ამგვარი სტილის შესახებ დავით ფაღავაც საუბრობს: ,, სანამ წერას შეუდგებოდა, აკაკი ფაჩიფუჩს მოყვებოდა. ფაჩაფჩი მეორე ოთახშიც კარგად ისმოდა, მაგრამ სიტყვების გარჩევა არ შეიძლებოდა. ფაჩიფუჩის შემდეგ მოჰყვებოდა ძალიან დაბალი ხმით სიმღერას, თუმცა სიმღერისა აკაკის არა გაეგებოდა რა. მერე ფეხით დაიწყებდა ბაკუნს და მხოლოდ შემდეგ შეუდგებოდა წერას. წერის შემდეგ ძალიან უყვარდა ნაწერის სხვებისათვის წაკითხვა. ხშირად გამოტანდა და წაგვიკითხავდა ხოლმე.
ადვილი წარმოსადგენია  თუ რა გულის  ფანცქალით ვუცდიდით მის გამოსვლას წერის შემდეგ.
ერთ უქმე დღეს აკაკის დილით დაიწყო წერა. მე სულგანაბული ვუცდიდი მის გამოსვლას. გამოვიდა კიდეც და გამოიტანა ლექსი ,,განდეგილი” (მოგონებები აკაკიზე გვ. 419)
ცნობილია  ისიც, რომ პოეტის ახლო მეგობარი ელისაბედ მარჯანიშვილი, როცა თბილისში ყოფილა და მის ბინაზე ცხოვრობდა, პოეტს თავისი დაირით  ერთგვარ ფონს უქმნიდა  შემოქმედებითი საქმიანობისათვით. თედო სახოკია იხსენებს: ,, როცა ლექსი უნდოდა დაეწერა აკაკი დაირის ხმას ააყოლებდა. დიასახლისი ხელში დაირას აიღებდა და ნელა, სულ დაბალი ხმით დაიწყებდა დაკვრას. პოეტი ბოლთას  სცემდა ოთახში. მაგიდას რომ უნდა მისჯდომოდა და ხელში კალამი აეღო საწერად, თითით ანიშნებდა დიასახლისს, შეჩერდიო და შეუდგებოდა წერას. ასეთ პირობებში იწერებოდა თურმე  აკაკის იმდროინდელი ლექსები.”
შემოქმედებით წუთებში აკაკი სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული ხდებოდა. ოთახში მოსიარულე, თმებაბურძგნული, შთაგონებულ თვალებში ზეციურ  სხივჩამდგარი ნამდვილ ზევსს ემსგავსებოდა ეს ბიბლიური მოხუცი. ასე იქმნებოდა მისი შედევრები, ასე მდიდრდებოდა დიდი ქართული მწერლობა.
1895 წელია, კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავი. აკაკი ამ დროს სოფელ ბრილში, თავისი უახლოესი მეგობრის ნიკო დიასამიძის ოჯახში იმყოფება და იქიდან  ეხმიანება ქართველთა ამ ტრაგიკულ თარიღს. თავისთავად ეს ფაქტი საინტერესოა ლიტერატურის ისტორიისათვის,მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო საინტერესოა ერთი დეტალი. ერთ დილას აკაკი ადრე ადგა, თავისი მასპინძლის შვილს  მიხეილს  მოუხმო და უთხრა: ,, აბა მოამზადე ქაღალდი, მელანი,აიღე კალამი ხელში და რაც გითხრა ჩასწერეო”. იმ დილას დაიწერა სწორედ ლექსი ,, 11 ენკენისთვე”. აკაკი კარნახობდა მიხეილი კი წერდა. ,, კარნახის დროს,- მოგვითხრობს მიხეილი,- ავიხედე და ვხედავ, პოეტი ბოლთასა სცემს, თმები აბურძგვნილი აქვს, თვალები უბრწყინავს. ეს იყო ნამდვილი პოეტური ზე შთაგონებით აღსავსე სახე. ჩემზე ისე იმოქმედა, რომ წერის დროს ვჩერდებოდი და მეშლებოდა” (ლიტერატურის მუზეუმი; ხელნაწერი №13282).
ასეთი იყო აკაკი წერის დროს. ის ამ წუთებში ემსგავსეოდა არამიწიერ არსებას, რომლის ხილვა ერთბაშად იწვევდა დიდ მოკრძალებასა და თაყვანისცემას. აკაკი ბევრს ფიქრობდა თავის ნაწარმოებებზე და როცა იგრძნობდა მოზღვავებულ ენერგიას, მხოლოდ მაშინ ნებდებოდა მუზას. პოეტის ძმისშვილი ვასილ წერეთელი იგონებს : ,, ჩამოვარდა  ლაპარაკი მწერლის შემოქმდების ხასიათზე. აკაკიმ მითხრა, რომ როდესაც  მას ებადება აზრი ლექსის შექმნისა, იგი ჯერ გონებაში დაამუშავებს და შემდეგ გადაიტანს ქაღალდზე” ( მოგონებები აკაკიზე; გვ. 492),  თუმცა არცთუ იშვიათად, ყოფილა  შემთხვევა, როცა ბუნების საოცრებით და ამ შთაბეჭდილებებით აღსავსეს შეუქმნია ესა თუ ის ნაწარმოები. ეკატერინე მაჩაბელი იგონებს: აკაკი წერეთელმა თავისი ცნობილი ლექსი – ,,ნეტავ მას, ვინც შენ ტკბილ ხმას” გამოჩენილ მომღერალ ქართველ ქალს, იმხანად იტალიიდან ახლად ჩამოსულ ელენე თარხნიშვილს მიუძღვნა. ხოლო ლექსი ,, ვიშ, ამ საღამოს ტკბილსა  საამოს” აკაკი წერეთელმა ქართლის ლამაზ ბუნებას მიუძღვნა, როცა იგი  ჩვენი  სახლის  აივნიდან თეძმის თვალწარმტაც ხეობას  გადაჰყურებდა. ეს ორივე ლექსი აკაკი წერეთელმა ჩვენს ოჯახში დაწერა და მალე იგი ხალხში  სიმღერებად  გადაიქცა” ( მოგონებები აკაკიზე, დასახ. გამოცემა; გვ. 202).
აკაკის სიტყვა , მისი ლექსი,ზოგადად, სამშობლოს ჭირ-ვარამით გამოწვეული მწუხარების ამოძახილია.  და როგორც  უნდა ყოფილიყო პირობები და გარემო მისი  ნაწარმოებების შექმნის დროს , ის თავის ლექსებსა თუ მოთხრობებს წერდა საკუთარი ცრემლით- ნაღველში ამონავლები ცრემლით, რომლის გემო მხოლოდ იმას შეეძლო გაესინჯა, ვინც პოეტის გულში ღრმად ჩაიხედავდა.
ცრემლში მილესავს ნაღველი
და მელნად ის მიხმარია!…
შიგ თაფლი არის ნარევი
და ზოგან ცხარი ძმარია!..

ზოგს ეტკბილება, ზოგს არა,
მაგრამ რა ჩემი ბრალია?
ბულბული ვარდს და ეკალზე
თანსწორად მომღერალია.
( ,,გულის პასუხი”)

აკაკისთვის პოეზია იმ უფსკერო ზღვას მოჰგავდა, რომლის სიღრმეშიც მარგალიტები იყო დავანებული და მხოლოდ მრისხანების, სიბობოქრის ჟამს ტყორცნიდა იგი ამ მარგალიტებს მის შემკვრელ არე-მარეს. ასეა პოეტიც. მისი ბობოქარი შემოქმედებითი წუთებიც იმ მარგალიტების მსგავსად გამოაჩენს მისი გულის გულისა და სულის ნაფიქრს. ეს წუთები განსაზღვრავენ კიდეც პოეტის მდგომარეობას, მის ადგილს და მისიას. ამიტომ აფრთხილებდა აკაკი მკითხველს, რომ არ გაკვირვებოდათ მისი სულის მოძრაობა, რადგანაც ამ ყველაფრის წარმართველი სულ სხვა ვინმე იყო და არა თვითონ პოეტი.
ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.
ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა;
სულ სხვა ჰყავს ჭირისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.
ისე, როგორც ილია ჭავჭავაძემ, აკაკიმაც განსაზღვრა თავისი, როგორც მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მისია და როლი მშობლიური ქვეყნის სამსახურში, ამავდროულად, აკაკიმ მკვეთრად გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ პოეტი არის შუამავალი მიწასა და ცას შორის. ამით აკაკიმ თავისი დროის საზოგადოებას აუხსნა, რომ შემოქმედება არის უფლისგან კურთხეული და მისით გაბრწყინებული და რომ პოეტი სწორედ შემოქმედებით წუთებში უახლოვდება უფალს და ესაუბრება მას, რის შემდეგაც იქმნება ნაწარმოები. ამიტომ აკაკი ,,ხან მიწისა და ხან ცისა”, ამიტომ ნებდება იგი იმ გრძნეულ წუთებს და ეს ყველაფერი მთლიანობაში ქმნის პოეტის სახეს, რომლის სიტყვის ძალაც უფლის მადლითაა გასხივსონებული.

                               ჟურნალიდან ,,გორის უნივერსიტეტი” (რედაქტორი იოსებ ჭუმბურიძე)

მურად მთვარელიძე © 2017

კომენტარები