,,მხატვარი ხატწერამდე სულიერად კარგად მომზადებული უნდა იყოს” – ირაკლი ლიჩელი

ქრისტიანული ხელოვნება კატაკომბებში აღმოცენდა, კატაკომბები მიწისქვეშა საფლავები იყო, სადაც ქრისტიანები მიდიოდნენ თავიანთი წმინდა მიცვალებულების  თაყვანისსაცემად, იქვე აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც. თავდაპირველად მხატვრობის სახედ სიმბოლოები გამოიყენებოდა, მტრულად განწყობილ, წარმართულ გარემოცვაში, სიმბოლოების საშუალებით შესაძლებელი იყო თქმულიყო ი,ს რასაც სიტყვით ვერ ამბობდნენ. ჯვარი ძირითადად გამოისახებოდა ღუზის სახით, ქრისტე თევზის სახით და ასე შემდეგ, -ასეთი განმარტებით იწყებს საუბარს ახალგაზრდა ხატმწერი ირაკლი ლიჩელი. 313 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა, ქრისტიანული ხელოვნება კი კატაკომბებიდან გამოვიდა. მხატვრები, რომლებიც ადრე მალულად ხატავდნენ, უკვე ოფიციალურად იწყებენ მსახურებას, დაახლოვებით IV საუკუნეში, ეკლესიამ ხატწერა დააკანონა,რითაც კიდევ უფრო განმტკიცდა ხატწერის ძველი ტრადიცია. ხატწერას სათავე დაუდო ასევე ისტორიამ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის შესახებ, რომელიც ქრისტემ ედესის დასნეულებულ მეფე ავგაროზს გაუგზავნა.

***

როგორც მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ ისე ხატწერამაც ბევრი განსაცდელი გამოიარა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ხატმებრძოლეობის ეპოქა, როდესაც ხატების მასიური განადგურება დაიწყო,ხატთაყვანისმცემლებს კი ეკლესიიდან კვეთდნენ და ერეტიკოსებად აცხადებდნენ. ამიტომაც არის, რომ ამ ეპოქის ხატები ძალიან მცირედ არის შემორჩენილი. უფლის წყალობით მეშვიდე საეკლესიო კრებაზე ხატთაყვანისმცემლებმა საბოლოოდ გაიმარჯვეს ხატმებრძოლებზე. ხატს ეკლესიის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს,ალბათ საკმარისია ადამიანი ერთხელ მაინც დაესწროს წირვას, რომ მიხვდეს რამხელა როლი აქვს დათმობილი წმინდა ხატებს ღვთისმსახურებაში.

რაც შეეხება ქართულ ხატწერას,მინდა სიამაყით ავღნიშნო,რომ საქართველოში მართლაც უნიკალური,მსოფლიო დონის ხატწერისა და კედლის მხატვრობის ნიმუშები მოგვეპოვება. მაგალითისთვის ატენის სიონის და ყინწვისის მხატვრობაც კმარა,ასევე საოცარი ხატები, რომელიც სვანეთის მუზეუმშია დაცული, მათი ხილვისას გული სითბოთი და სიმშვიდით ევსება ყველა მომლოცველს.

1466279_1507456216168787_412794479629887454_n

ირაკლი, შენს შესახებაც გვიამბე ცოტა რამ…

 დავიბადე ქალაქ ხაშურში, სკოლა აქვე დავამთავრე. 2008 წელს  თბილისის სასულიერო აკადემიის ხატწერისა და რესტავრაციის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, რომელიც საკმაოდ წარმატებით დავამთავრე 2012 წელს, ამ დროიდან ჩემს ჯგუფელებთან ერთად, ჩვენი ლექტორის და რესტავრაციის კათედრის ხელმძღვანელის, ბატონ მერაბ ბუჩუკურის დახმარებით შევქმენით ხატწერის სახელოსნო და იქ გავაგრძელე მოღვაწეობა, ასევე პერიოდულად დავდიოდი სხვადასხვა ექსპედიციაში,სადაც რესტავრატორთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი ისეთი მნიშვნელოვანი ფრესკების რესტავრაცია-კონსერვაციაში, როგორიც არის საფარის საბა განწმედელის სახელობის ტაძრის მოხატულობა( XIII ს), ლეჩხუმში, სოფელ დერჩის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მხატვრობა (XVII ს), ჩემი მონაწილეობით მოხდა თბილისის სიონის, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მხატვრობის რესტავრაცია.

10394138_1492504254330650_7951845591895178403_nსურამისა და ხაშურის ეპარქიაში ხატწერის სახეოსნოს უძღვები? ამაზე რას გვეტყვი?

დიდი სურვილი მქონდა ჩემს მშობლიურ ქალაქში დაბრუნების, მინდოდა ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა ჩემს ეპარქიაში ხატწერის განვითარებაში. ეს სურვილი გავუზიარე ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუფე სვიმეონს (ცაკაშვილი), რომელიც ძალიან დაინტერესდა ამ იდეით და საკმაოდ მცირე ხანში ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე მეუფის ლოცვა კურთხევით  ხატწერის სკოლა სახელოსნო გავხსენი, სადაც ხატწერის შესწავლის ყველა მსურველს  საშუალება აქვს დაესწროს ხატწერის გაკვეთილებს. საბედნიეროდ მრევლისგანაც საკმაოდ დიდი დაინტერესებაა, სკოლა ჯერ ორი თვეც არ არის რაც გაიხსნა და უკვე ათი მოსწავლე გვყავს. სექტემბრიდან კი ბევრად მეტს ველოდებით. თქვენი ჟურნალის დახმარებით მინდა  დიდი მადლობა ვუთხრა მეუფე სვიმეონს, ვთვლი რომ ეს ადამიანი ჩვენი რაიონის მონაპოვარია. უღმესი მადლობა ასევე წმინდა მარინეს დედათა მონასტრის წინამძღვარს, დედა იულიანას, რომლის დახმარების და გვერდში დგომის გარეშეც არაფერი გამომივიდოდა.

სად არის შენი დაწერილი ხატები დაბრძანებული?

ჩემი დაწერილი ხატები დაბრძანებულია ხაშურის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში და ასევე სხვა ტაძრებში. კერძო პირებისთვის დამიწერია ბევრი ხატი, რამდენიმე კი საქართველოს ფარგლებს გარეთაც არის.  თუ ხატმწერი ხარისხიან მასალას იყენებს და პირობებიც კარგად აქვს მოწყობილი, ეს თითქმის სამუშაოს ნახევარს უდრის.   ვცდილობ ყოველთვის მაღალი ხარისხის მასალა გამოვიყეno.

როგორია მუშაობის პროცესი და რას გვთავაზობ მომავალში?

როგორც იცით ხატწერა ლოცვის ერთ ერთი ფორმაა, ამიტომ მნიშვნელოვანია მხატვარი ხატწერამდე სულიერად კარგად მომზადებული იყოს, აფორიაქებული და პრობლემებით დატვირთული ხატს ვერ დაწერ. კარგია იმ წმინდანის ცხოვრების კითხვა, რომლის ხატიც იწერება, მშვიდი გარემო. მუშაობის დროს ძალიან დადებითად მოქმედებს საგალობლების მოსმენა. რამდენიმე დღეში ხაშურის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძრისთვის  საქართველოს დიდების ხატის დაწერას დავიწყებ.  მოგეხსენებათ, რომ ეს ხატი ძალიან რთული შესასრულებელია წმინდანთა სიმრავლის გამო, ამიტომ ცოტას ვნერვიულობ, იმედია ღვთის შემწეობით ღირსეულად გავართმევ თავს ყველა სირთულეს…

თეა ცაგურიშვილი

ჟურნალი „კარიბჭე“.  

კომენტარები

Comments

  1. gaixare irakli chvens qalaqshi rom aset karg saqmes rom chauyare safuzveli..