,,მღვდელმთავრის ჯვრის ზიდვა ნიშნავს, რომ სულიერად ავაღორძინო ჩაბარებული სამწყსოს სულიერი ცხოვრება” – მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი)

,,ხაშური ნიუსი” კიდევ ერთ ინტერვიუს გთავაზობთ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსთან, მეუფე სვიმეონთან. აღნიშნული ინტერვიუ მოგვაწოდა ჟურნალ ,,კარიბჭეს” ჟურნალისტმა, ქალბატონმა თეა ცაგურიშვილმა და საინფორმაციო სააგენტო ,,ხაშური ნიუსის” სახელით გვინდა დიდი მადლობა ვუთხრათ მას და გამოვხატოთ მადლიერება იმის გამო, რომ ქალბატონი თეა ყოველთვის ცდილობს წარმოაჩინოს ჩვენი ეპარქია. აღნიშნული ინტერვიუ ჩაწერილია 2013 წელს, როდესაც მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი) დაადგინეს სურამისა და ხაშურის ახლადშექმნილი ეპარქიის მმართველად.

  სურამისა და ხაშურის ეპარქიის ახლადგამორჩეულ მღვდელმთავართან, მეუფე სვიმეონთან (ცაკაშვილი) საუბარი „კარიბჭეში“ ადრე შემოგთავაზეთ. მაშინ მეუფე სვიმეონი ახლადნაკურთხი მღვდელმთავარი გახლდათ და ეპარქიის შესახებ საუბარი ცოტა ნაადრევად მივიჩნიეთ.    დიდი დრო არ გასულა, რაც ახლადშექმნილ ეპარქიას მეუფე სვიმეონი წინამძღვრობს, მაგრამ, სათქმელი ბევრი დაგროვდა… ღვთის შეწევნით, მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით მომავალში კიდევ მეტ სიახლეებს ველოდებით.

მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით მეუფის სულიერმა შვილმა თამარ ზექალაშვილმა  მეუფესთან  ჩაიწერა ინტერვიუ. მეუფე სვიმეონმა ამ ინტერვიუს გამოქვეყნება ჩვენს ჟურნალში ინება. დიდი მადლობა მეუფეო ამ დიდი სიყვარულისთვის.

მეუფე სვიმეონ, გარდა იმისა, რომ იტვირთეთ მძიმე ჯვარი და გახდით ეპარქიის წინამძღვარი, ცნობილია, რომ ასევე დაიწყეთ ეპარქიაში არსებული წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სასულიერო სკოლის მართვა, სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მოითხოვს ბოლომდე დახარჯვას. ამდენი ოფიციალური თუ არაოფიციალური საქმეების შემდეგ, როგორ ახერხებთ სკოლის ხელმძღვანელობას?

ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში, მის მომავალ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიას, ოჯახს და  სკოლას. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას და მიდგომას ამ საკითხისადმი, უფრო იმით არის განპირობებული, რომ კარგად მაქვს გათავისებული ჩვენი ერის და ქვეყნის მომავალი. მომავალი კი დღევანდელ ახალგაზრდობაზეა დამოკიდებული.   მღვდელმთავრის ჯვრის ზიდვა უპირველესყოვლისა იმას ნიშნავს, რომ სულიერად ავაღორძინო ჩაბარებული სამწყსოს სულიერი ცხოვრება. ვიზრუნო ახალგაზრდების მომავალზე, მათ ზნეობრივ, კულტურულ, ტრადიციულ თუ ჯანსაღი ქრისტიანული ცხოვრების წესზე.   მთავარი საუნჯე არის უფალი, სამშობლო, ადამიანი.

მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი)მეუფეო, როგორ შეაფასებდით დღევანდელ ახალგაზრდობას  რწმენის მხრივ?

საქართველოში მართლაც წარმოუდგენლად გაიზარდა   ეკლესიურად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა. ამას უპირველესად განაპირობებს უწმინდესის დაუღალავი ლოცვა, შრომა  და ზრუნვა როგორც  საქართველოს ეკლესია–მონასტრების გამრავლებისთვის, ამავე დროს  მრევლის ქრისტიანულ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებისთვის.  მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენს მოსახლეობას ქრისტიანული წეს–ჩვეულებების დაკარგვასა და გაუბრალოებაში სამწუხაროდ მრავალი სექტა ებრძვის. სამწუხაროდ, ადამიანი ეძებს თავისუფალ და ,,დამოუკიდებელ ცხოვრებას”, თვითნებურს, რაც იწვევს დაუმორჩილებლობას და საკუთარი შეხედულებების მეტად გაკერპებას. ადამიანი მიწიერ შვებაში ეძებს დასაყრდენს,  რაც იწვევს სიმსუბუქეს და უპასუხისმგებლობას. ახალაზრდები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად მიბაძონ არა ძირეულ, ყველასათვის საოცარი წარსულის მქონე ქრისტიანულ წეს–ჩვეულებებს, არამედ ცდილობენ მიბაძონ ჩვენთვის მოურგებელ და შეუთავსებელ ,,უკომპლექსოდ” საკუთარი ზნე–ჩვეულებების წარმოჩენას, რაც უფრო მიმბაძველობითია ლათინო–ამერიკული თავაშვებული ცხოვრებისა.

ზოგადად 14–დან 18 წლამდე მყოფი ბავშვების უმრავლესობა არ დადის ტაძარში. ისინი თვლიან, რომ მოძღვართან ვერ იხსნებიან, აღსარების დროს არ არიან გულწრფელები. რას ურჩევთ მოზარდთა ამ კატეგორიას? რა წერტილიდან უნდა დაიწყონ მათ მოქმედება?

ეს არის მათი პირადი, არასწორი მიდგომა, ვინაიდან მოძღვართან ურთიერთობის ამინდი თვითონ უნდა შექმნან. მათი შეხედულებაა, თითქოს მოძღვარი სხვანაირად სთხოვს  რამეს,  ბოროტი შთააგონებს, რომ მოძღვარი მკაცრად ექცევა, ან მათთვის გაუგებარი ცხოვრების წესს ითხოვს. არც ერთი მოძღვარი არ ეთანხმება დღევანდელი ახალგაზრდების ცხოვრების წესს, რაც  ქმნის ამ მოზარდებში ამგვარ დამოკიდებულებას. მათ უნდა დაიცვან საღმრთო სჯული. რაც შეეხება აღსარებას, ეს თვითონ უნდა იცოდნენ თუ რას ნიშნავს. მოძღვარი არ არის ფსიქოლოგი ან ადვოკატი, ის არის სულიერი მკურნალი, რომელიც ადამიანს აძლევს ცხოვრებისთვის საჭირო მიმართულებას. მოზარდს თვითონ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გაიგოს მისი  მომავლისთვის რა არის საჭირო. რაც შეეხება მოძღვარს, ადამიანი მისი სახით მოითხოვს ,,ერთგულ მეგობარს”. ჩვენი სულების გადასარჩენად იგი ყველა მეგობარზე და ამქვეყნიურ პიროვნებაზე მნიშვნელობანია. თუ ადამიანი ცუდად ცხოვრობს, იქიდან არის გამოწვეული, რომ ცუდად ლოცულობს, ხოლო თუ ცუდად ლოცულობს, იმისთვის, რომ ცუდად ცხოვრობს.

10632655_825203327523272_8151555490474766769_nროგორ აპირებთ მოსწავლეებთან მიდგომას და რა სიახლეების განხორციელებას გეგმავთ წმინდა დიმიტრი ყიაფიანის სახელობის სკოლაში?

ყოველდღიულად ვმუშაობ სკოლის მეტად განვითარებისთვის და ვფიქრობ, რომ ყოველი დღე  მნიშვნელოვანი და წარმატებული იყოს. ამ ყველაფერში იგულისხმება სკოლისთვის ყველა მხრივ შესაფერისი განვითარება.   თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვა, ასევე დისციპლინის მხრივ უფრო გამკაცრება,  დაწყებული პედაგოგებიდან სხვა ყველა შემდგომი საფეხურებით დამთავრებული. აუცილებელია ბავშვებმა შეიყვარონ სკოლის მოვალეობა, სიყვარული და პატივისცემა ისწავლონ   პედაგოგების მიმართ. ეს იქნება მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის ლამაზად ჩამოყალიბება. ვფიქრობ,  ბავშვების მომზადება უნდა მოხდეს იმ დონეზე, რომ მათ შეძლონ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება. თუ უსახსრობის გამო ვერ მოხერხდება ბავშვის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის თანხის დაფარვა, მათ ბოლო წლებში მიეცემათ საშუალება, მიიღონ სხვადასხვა პროფესიული განათლება, რომელიც საწინდარი იქნება მათი წარმატებული მომავლისა. პროფესიულ განათლებაში იგულისხმება დღეს არსებული და საჭირო სპეციალობები: სანერგე მეურნეობა, ხელოსნობა, ადგილობრივი პირობების და შესაბამისი მცენარეების გაცნობა და განვითარება, რომელიც ადგილობრივ კლიმატს შეეფერება. სკოლაში შეისწავლება ხატწერა, თექის დამუშავება, ქარგვა, თანამედროვე ჩარხებთან ურთიერთობა და დამოკიდებულება. ასევე იგეგმება კულინარიულად ქართული ტრადიციული კერძების აღდგენა, შესწავლა და განახლება. შესაძლებლობის ფარგლებში შემოტანა და დანერგვა ახალი, თანამედროვე ელექტრონული ჟურნალებისა. არსებობს და იქმნება ბავშვებში ყოველდღიური ცხოვრების და სკოლაში ყოფნის პერიოდში აღრიცხვა, მათი ზნეობრივი და კულტურული ცხოვრების, შენიშვნების ჟურნალი, სადაც მოხდება სემესტრის ბოლოს  ჩადენილი დანაშაულებების აღრიცხვა. თუ არ იქნება დაკმაყოფილებული შესაბამისი მოთხოვნილებები, ისინი გამორჩებიან სხვადასხვა სკოლის მიერ დაგეგმილ მომლოცველობით ღონისძიებებს (იგულისხმება ჯერჯერობით ტაო–კლარჯეთი, ფერეიდანი და საინგილო-ჰერეთი) საზღვრებს გარეთ, ხოლო საზღვრებს შიგნით კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეები.

მეუფეო, გთხოვთ გვიამბეთ ახლადშექმნილი ეპარქიის სამომავლო გეგმებზე?

მთლიანად საქართველოსთვის და სურამ–ხაშურის ეპარქიისთვის დაგეგმილი გვაქვს აღდგენა და დაბრუნება ისტორიული ტაძრისა, რომელიც  ყოფილი საქართველოს ისტორიულ მხარეში, ტაო–კლარჯეთში მდებარეობს.  ნგრევის პირას მყოფი ერთ–ერთი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელსაც იმ დროის საქართველოში პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა, ბაგრატიონებმა  ერთ–ერთ საეკლესიო და სახელმწიფო ეროვნულ ცენტრში, ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, მდინარე ბანას მარჯვენა ნაპირას, ცენტრალური გზის მახლობლად ააგეს, რათა საქართველოში შემოსულ თუ გასულ სტუმარს ენახა, როგორ ქვეყანაში შემოდიოდა, როგორ ქვეყანას ტოვებდა. ჩვენ ვგეგმავთ ხაშურის ერთ–ერთ ღირსშესანიშნავ ადგილას  აშენდეს და განახლდეს იდენტური,  ისტორიული ბანას ტიპის აღდგომის სახელობის ტაძარი, რომლის  მშენებლობაში ყველა ადამიანს ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება.. მასთან შემავალი იქნება ეგრეთ წოდებული სამონასტრო ლავრა, რაშიც იქნება  შენობები გაერთიანებული, შესაძლებლობის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობების წარმოჩინება და ასევე მცირე ზომის სამედიცინო კლინიკა, სადაც მოემსახურებიან სხვადასხვა მიმართულების სამედიცინო პერსონალი. ასევე იქნება საგანმანათლებლო ბიბლიოთეკა, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და სხვა მრავალი. საჭიროა ყველამ მიიღოს მონაწილეობა, რათა ჩვენს შთამომავლობას დავუტოვოთ უდიდესი სულიერი, ზნეობრივი და კულტურული ნავთსაყუდელი, რომელიც იქნება გარანტი ჩვენი ბედნიერი მომავლისა.

მეუფე სვიმეონ, თქვენ უკვე ყველასთვის ცნობილი ხართ, მაგრამ იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვითხროთ თქვენს შესახებ?

 1610823_765609150153559_8448928130856978061_nდავიბადე ქალაქ სიღნაღში 1982 წლის 19 აგვისტოს. მყავს დედა, მამა და ერთი და. ოჯახი მთლიანად ჩართულია მედიცინის სფეროში. 1988 წელს შევედი თბილისის N100 საშუალო სკოლაში. დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიკა, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, პარალელურად გავდიოდი თეოლოგიურ სწავლებას. იმ პრიოდში დავიწყე სიარული მთაწმინდის მამა დავით გარეჯელის სახელობის ტაძარში.  პერიოდულად, განსაკუთრებით მარხვაში რამდენიმე კვირით სხვადასხვა მონასტრებში ვცხოვრობდი.

     2000 წლიდან სათავეში ჩავუდექი მშობლიურ მხარეში,  დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის  ორი წმინდა გიორგის და ერთი ღვთისმშობლის  მიძინების სახელობის ტაძრების  აღდგენა–რესტავრაციას. ამ ტაძრებიდან  არც ერთი არ იყო მოქმედი. ზოგი  პირუტყვის სადგომად იყო ქცეული, ზოგიც ბანქოს, კარტის სათმაშოდ. იმ დროისათვის ძნელი წარმოსადგენი იყო ზოგადად მოძღვრის ფუნქცია, ეკლესიების აღდგენა და ფუნქციონირება, რადგან უფროსი თაობის კომუნისტური აზროვნება გარკვეულ სირთულეებს გვიქმნიდა, თუმცა სოფლის დიდი ძალისხმევითა და თანადგომით ოთხი წლის განმავლობაში სიკეთით დავასრულეთ  სამივე ტაძრის რესტავრაცია, სადაც დღესაც აღევლინება საღმრთისმსახურო წირვა–ლოცვები.

უნივერსიტეტის დავამთავრებამდე რამდენიმე თვე ბოდბის ეპარქიაში,  მაშინდელ მღვდელმთავართან, მეუფე დავითთან (ტიკარაძე) რეზიდენციაში ვცხოვრობდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ჩემი სიცოცხლე და ახალგაზრდობა  ღვთისა და უფლის მსახურებისთვის მიმეძღვნა. გადავწყვიტე მონასტერში ცხოვრება და  საერო ცხოვრებისგან განშორება. მთელი არსებით მინდოდა მემსახურა ღვთის წინაშე. ამ პერიოდში ვაკვირდებოდი სად შეიძლებოდა ბერული სკოლის, მოღვაწეობის სწავლა  და ათვისება, არჩევანი  რუის–ურბნისის ეპარქიაზე შევაჩერე. 21 წლის ასაკში წამოვედი მეუფე იობთან და მასთან გავდიოდი საბერო მორჩილებას . როცა საბოლოოდ გადავწყვიტე მონასტერში დარჩენა, არჩევანი  ტბეთის მთავარანგელოზის  სახელობის მონასტერზე შევაჩერე. გადავწყვიტე იქ დამედო საუნჯე. ამ დროს, მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი) იყო. ჩემი მოძღვრობაც მან იტვირთა.

10730768_765609543486853_6781816658995269515_n2005 წელს, 23 წლის ასაკში ბერად აღვიკვეცე. 2006 წლის 4 დეკემბერს, 24 წლის ასაკში, ქოზიფის მამათა მონასტერში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, დიაკვნად  დამასხა ხელი. 2006 წლის 1 მარტს, ასევე მიტროპოლიტმა იობმა ბერთუბნის მონასტერში, წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობის ტაძარში  მღვდლად დამასხა ხელი  და საჭიროებისამებრამ მონასტრის  კეთილმოწესედ დამადგინა. რამდენიმე ხნის შემდეგ დავბრუნდი ტბეთში, მღვდელმსახურის ხარსისში.მეუფე იობის ლოცვა–კურთხევით,  მალევე  გადმომიყვანეს და დამადგინეს დაბა სურამის წმიდა იობ  მრავალვნებულის სახელობის რეზიდენციასთან არსებული მონასტრის წინამძღვრად.   ერთი წლის მსახურების შემდგომ, აღდგომას, ბრწყინვალე შვიდეულში მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ლოცვა–კურთხევით დამადგინეს ურბნისის საკათედრო ტაძართან არსებული რეზიდენციის მონასტრის წინამძღვრად. აქ მსახურების დროს მეუფე იობის ლოცვა–კურთხევით ვხემლძღვანელობდი  და ვაწარმოებდი ძამის ხეობის ბერმუხის მამათა მონასტრის აღდგენა–რესტავრაციას. ურბნისში 1 წელი და 2 თვის მოღვაწეობის შემდეგ გადამიყვანეს და დამადგინეს ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვრად, სადაც 22 მაისს იღუმენის ხარისხში ამიყვანეს  და  ოქროს ჯვრით დამაჯილდოვეს. საკმაოდ დიდი ტვირთი იყო არსებული ისტორიული მონასტრის  წინამძღვრობა და მსახურება. ამას თან დაერთო 2008 წლის აგვისტოს ომი, სადაც მოგვიწია ასობით ჯარისკაცის და მოსახლეობის შეფარება, მათი უზრუნველყოფა. მონასტერში ბერთა სიმრავლის და სივიწროვის მიზეზიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ მონასტრის გაფართოვება. ამავე წლის ზამთრის დადგომამდე, ღვთის მადლით მოვასწარით მონასტრის დროულად აშენება. ამ ყველაფერმა, ცხოვრებისეულმა, თუ ქვეყნის ომმა  და უბედურებამ უფრო ნათლად დამანახა წუთისოფლის ამაოება და გადავწყვიტე აღმომეჩინა სადმე სულისათვის მყუდრო და ერისაგან განშორებული მონასტერი. ღვთის განგებით და წმინდა გიორგის წინამძღოლობით აღმოვაჩინე სოფელ ხცისის თავზე მდებარე წმინდა გიორგის VIII საუკუნის მიტოვებული ნამონასტრალი. ამის შემდეგ მონასტრის რამოდენიმე წევრმა გამოვითხოვეთ კურთხევა და სამოღვაწეოდ გადავედით ზემოთ აღნიშნულ ნამონასტრალში.

     ეკლესიის კეთილმოსურვე შვილების დახმარებით, თანადგომით განახლდა ტაძარი და მის გვერდით შეიქმნა და აშენდა ახალი მამათა საცხოვრებელი მონასტერი. დროთა განმავლობაში ვფიქრობდით მონასტრის სახელწოდებაზე, სოფლის უხუცესებთან გამოკითხვის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ის მთა, სადაც მდებარეობდა ზემოთ აღნიშნული ტაძარი და ნამონასტრალი, ცნობილი   იყო „ყურაქედის” სახელით. ნამონასტრალი კი წმინდა ელია წინასწარმეტველის სახელს ატარებდა. იმის გამო, რომ მონასტერში და მთის მწვერვალზე ხშირად ბუდობდნენ ყორნები და ეს უკანასკნელნი კი გადმოცემის თანახმად კვებავდნენ წმინდა ილია წინასწარმეტყველს, მონასტერს ,,ყორანქედი” ვუწოდეთ. ამ მონასტერში მსახურობის პერიოდში  მონასტრის საჭიროებისამებრ, წმინდა გიორგის ტაძრის სივიწროვის და მრევლის სიმრავლის გამო გადავწყვიტე ამეშენებინა დიდი ზომის ტაძარი. ღვთის შეწევნით მშვიდობით განხორციელდა და აშენდა ღვთისმშობლის ჯვარგუმბათოვანი, ორსართულიანი ტაძარი. სართულქვეშ წმიდა ელია წინასწარმეტყველის, წმინდა ნიკოლოზის და წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრებია.

     მეუფე სვიემონი კონფერენციაამავე პერიოდში  უწმინდესის ლოცვა–კურთხევით და მეუფე იობის დავალებით ვხელმძღვანელობდი დავით გარეჯში არსებული წმინდა დოდო გარეჯელის  სახელობის უძველესი სენაკებისა და მონასტრის აღდგენას, ასევე დამევალა ბერთა საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა . უფლის წყალობით დროულად იქნა აღნიშნული სამუშაოების შესრულება და ამის შემდეგ მეუფე იობმა აკურთხა და განაახლა მონასტრის შერყეული ტრაპეზი,რამაც საფუძველი დაუდო სამონასტრო ცხოვრების აღდგენას და მის წინამძღვრად  იღუმენი სერაპიონი დაინიშნა. პარალელურად მიმდინარეობდა ყორანქედის საცხოვრებლების და მეურნეობის განვითარება. იმ დროისათვის  მიტროპოლიტი იობის ლოცვა–კურთხევით ვხელმძღვანელობდი სოფელ ხცისის წმიდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერს, სოფელ კრისხევის ყოვლადწმიდა სამების დედათა მონასტერს და წმიდა ნიკოლოზის ტაძარს.

     ჩემთვის ყოველდღიური ჩვეული ცხოვრების ერთ–ერთი დღის საღამოს, მეუფე იობმა შემატყობინა, რომ გამოძახებული ვიყავი  უწმინდესთან ჩემთვის უცნობ საკითხზე. მეორე დღესვე ვეახლე უწმინდესს, სადაც მომიწია გასაუბრება და გაცნობა მისთვის ზემოთ აღნიშნული ჩემი პირადი ცხოვრებისა, რის შემდეგაც უწმინდესმა, 2013 წლის 11 ოქტომბრისთვის მიმითითა,  ვყოფილიყავი საპატრიარქოს შენობაში, სადაც უნდა ჩატარებულიყო წმიდა სინოდის სხდომა.  ლოცვა-კურთხევისამებრ მორჩილებით მივედი საპატრიარქიში.  წმიდა სინოდის სხდომის პროცესში გამომიძახეს და წარმადგინეს საეპისკოპოსო კანდიდატურად, საბოლოოდ გადაწყდა გამორჩევა და დანიშვნა სხვა იმ დღისთვის ახლად წარდგენილ საეპისკოპოსო კანდიდატურებთან ერთად, თანრიგით 10 ნოემბერს უნდა აღსრულებულიყო მესამედ სულიწმიდის მოწვევა და მღვდელმთავრობის ხარისხში აყვანა. დამადგინეს სურამისა და ხაშურის ეპარქიის მმართველად, რამაც განაპირობა ჩემთვის წარმოუდგენელი, უდიდესი მადლისა და ტვირთის სიმდაბლით, სიყვარულით ტარება. ღმერთმა დაგლოცოთ! გაგაძლიეროთ უფლისა და სამშობლოს სიყვარულში.

თეა ცაგურიშვილი

„კარიბჭე“

მეუფე სვიმეონი

კომენტარები

Comments

  1. დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უფალმა, დალოცვილი იყოს თქვენი მრევლი. მეიმედება თქვენისთანა სასულიერო პირების არსებობა.