მოშურნემ უნდა იცოდეს, რომ შური უფრო მეტად განაშორებს შურის საგანს და მისთვის მიუწვდომლად შექმნის – დეკანოზი ნიკოლოზი (ბითაძე)

გვესაუბრება  ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარის მოძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზი (ბითაძე):

  – ეკლესიის სწავლებით ყოველი ცოდვის საწყისი ამპარტავნებაა, ამპარტავნებიდან იღებს სათავეს ყველა, ჩვენთვის ხილული თუ უხილავი ცოდვა. ამპარტავანს სურს იდგეს ყველაზე მაღლა და ამიტომ ვერ ეგუება იმას, თუ ვინმე მისი ტოლია ან მასზე მაღალია. სულისასეთი მდგომარება წარმოშობს ძლიერ შურს ადამიანებისადმი.  თუ ამპარტავნება ცოდვის ბოროტი ხის ძირია, შური მისი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და შხამიანი ტოტია. ძნელია სრულად აღწერო ის საზარელი ნაყოფი, რაც კაცობრიობის არსებობის მანძილზე ამ საზარელ ტოტს გამოუღია. წმინდანთა სწავლებანი გვაფრთხილებენ, რომ ეს არის სულისათვის მომაკვდინებელი ცოდვა.ეს არის ერთ-ერთი უმოკლესი გზა ჯოჯოხეთისაკენ, რომელსაც არაერთი ადამიანის სულიერი სიკვდილი გამოუწვევია.

   ადამიანს, რომელიც ამ გრძნობას განიცდის, ჩვენ მოშურნეს ვუწოდებთ. ადამიანები ხშირად განიცდიან შურის გრძნობას და არ ცდილობენ მისგან გათავისუფლებას. მათ მოშურნეობა ჩვეულებრიობად,  ხოლო შური მათი ცხოვრების აუცილებელ თანამდევ გრძნობად მიაჩნიათ. მათ არ აშფოთებთ ასეთ გრძნობასთან მუდმივი თანაარსებობა.  ადამიანთა უმეტესობა  ვერ აცნობიერებს, რომ შური ძალიან ვერაგი გრძნობაა და რამდენადაც ვერაგია ეს გრძნობა, იმდენად შენიღბულია მისი  სულისთვის დამღუპველი  პოტენციალი.  უფრო მეტიც: ზოგი ცრუ მოძღვრება ქადაგებს, რომ შურის გრძნობა მოშურნესთვის წარმოადგენს სტიმულს იმისა, რომ შეებრძოლოს არსებულ პრობლემებს და გახდეს უკეთესი. ასეთი უგუნური ხედვის წინააღმდეგ არსებობს უამრავი სწავლება ეკლესიის და წმინდანების. არსებობს უამრავი ისტორიული მაგალითი იმის დასანახად, თუ რამდენად საგანგაშოა მოშურნის სულიერი მდგომარეობა.

  შურის ყველაზე ზუსტი ფორმულირება ასეთია:  ესაა მწუხარება სხვათა ბედნიერების გამო. მაშასამამე, მოშურნე სიხარულსა და მწუხარებას შორის თვითონ ირჩევს მწუხარებას და მიეცემა მას საკუთარი ნებით. წმინდა ისაკ ასური ამბობს: „ვინც შური მოიპოვა, მოიპოვა დემონიც”.  წმინდა მამის ეს სიტყვები გვიჩვენებენ თუ ვის უღებს მოშურნე თავისი სულის კარს, როცა შურის გრძნობას მიეცემა. წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: „როგორც იქედნე დაბადებისას მშობელს კლავს, ასევე შური ღრღნის სულს, რომელშიც ის იბუდებს”. ასევე წმინდა დიმიტრი როსტოველი ბრძანებს: „შური ჩრჩილს  ჰგავს, რომელიც იმ სამოსს აფუჭებს, რომელშიც დაიბადა. ასევე ის ჭამს იმ გულს, რომელშიც იბადება”. აქედან ჩანს, რომ შური აზიანებს, ანადგურებს და კლავს იმ გარემოს, იმ პიროვნებას, რომელშიც იგი ბუდობს. წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი ასე გვიხატავს მოშურნის სურათს: „თუ ძაღლებს აჭმევენ, ისინი მორჩილნი ხდებიან; როდესაც ლომს უვლიან, თვინიერდება; მოშურნეები კი უფრო მეტად მძვინვარდებიან, როდესაც მათ სიკეთეს უკეთებენ”. ერთ-ერთი  მამა ბრძანებს: „როგორც კი შური სულს დაეუფლება, მას – დიდებისთვის შექმნილ ჭურჭელს, ყოველგვარი სისაძაგლით აღვსილ ჭურჭლად აქცევს”.

  10168986_742675512439368_1511377930_nშური წარმოადგენს უამრავი სულიერი თუ ფიზიკური დაავადების  მიზეზს. ძველი მედიცინით შური ითვლებოდა უამრავ დაავადებათა, მათ შორის გულის დაავადებათა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიზეზად. იაპონელი მეცნიერების თანამედროვე გამოკვლევებით შურის დროს ადამიანის თავის ტვინის რეაქცია ძირითადად გადის ტვინის ხვეულების წინა ნაწილებში. ამასთან, ტვინის ეს უბანი ძირითად როლს თამაშობს ტკივილების განცდისას. სავარაუდოა, რომ შურის მდგომარეობაში ხანგრძლივმა ყოფნამ მოშურნე ადამიანში სხვადასხვა ტკივილების პროვოცირება გამოიწვოის. დაკვირვებები გვიჩვენებენ, რომ ხშირად ფსიქიკურ აშლილობათა წინა სტადიებში ავადმყოფებს აღენიშნებათ შურის გრძნობათა გააქტიურება. ჯერჯერობით არაა გამოკვლეული, ეს ფსიქიკურ უნართა დაქვეითების შედეგია, თუ თვითონ შურის გრძნობაა დაავადების ერთ-ერთი მასტიმულირებელი. შურის გრძნობას გააჩნია მოშურნე ადამიანზე თავისი ნეგატიური მოქმედების უწყეტობა, ანუ იგი მოქმედებს მაშინაც, როდესაც გონება შურის ობიექტზე არ ფიქრობს. ის გარკვეულ აქტივობას ინარჩუნებს მაშინაც, როცა ადამიანს ძინავს, ანუ შური არსებობს და მოქმედებს ქვეცნობიერების დონეზე ცნობიერების მიძინებისას.

  შურს, რომლის უკანაც დემონები დგანან, გააჩნია პროგრესირებისადმი უდიდესი ლტოლვა: თუ გარემო პირობები ხელს არ უშლის, ის ცდილობს მოშურნის მთელი პიროვნება მოიცვას. ამიტომ მოშურნე ადამიანი მას ჩანასახშივე უნდა შეებრძოლოს, როგორც ხორციელი სიმსივნის პირველად გამოვლინებას.

***

   მოშურნე საკუთარი ხედვით, საკუთარი მსოფლმხედველობით, ღვთის მოწინააღმდეგის პოზიციაზეა. ის არა თუ არ იზიარებს ღმერთის განგებულებას, არამედ მისი აქტიური მოწინააღმდეგეა.  შური აჩლუნგებს მოშურნის სინდისის მეტყველებას, სინდისისა, რომელიც ღვთის მეგობარია ჩვენში და უტყუარი მრჩეველია სულიერ გადაწყვეტილებათა მიღებისას. ასევე მოშურნე თანდათანობით კარგავს სხვათა თანაგრძნობის უნარს. შურის და სიყვარულის თანაარსებობა შეუძლებელია ერთ ადამიანში. შური არა თავსებადია სიყვარულთან, რომელიც ღმერთთან მსგავსების ყველაზე უტყუარი გამოვლინებაა ადამიანში. ამითომ მოშურნე ადამიანი თანდათანობით კარგავს სიყვარულის უნარს, შესაბამისად კარგავს მსგავსებას ღმერთთან და დემონებთან მსგავსებაში გადადის.

  მოშურნის არასახარბიელო მდგომარეობაზე ყურადღებას ამახვილებდენ გამოჩენილი მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც შურს არა სულიერი, არამედ ფსიქოლოგიური ან სოციალური კუთხით განიხილავენ. ცნობილი ჰიპოკრატე წერს: „მოშურნე თავის თავს ვნებს, როგორც მტერს.” ბალთაზარ მორალესის სიტყვებით „მოშურნე არაერთხელ კვდება, იმდენჯერ, რამდენჯერაც მეტოქის ქებას ისმენს.” მოლიერი ამბობს: „მოშურნეები კვდებიან, შური კი უკვდავია”, რაც პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ შური ადამიანზე თავის დამღუპველ მოქმედებას პიროვნების გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს. გო პეროდოტი ამბობს: „მოშურნე ორმაგად უბედურია – ის უბედურია საკუთარი უბედურობით და სხვისი ბედნიერებით.”  ლაროშფუკოს სიტყვებით, „ჩვენი შური ყოველთვის უფრო დღეგრძელია, ვიდრე სხვისი ბედნიერება, რომელიც გვშურს”. ამ სიტყვებით შური მოქმედია მაშინაც, როდესაც შურის ობიექტი აღარ არსებობს. ერთ-ერთი ფრანგი ლიტერატორი ანტუან დე ლამოტი იძლევა შურის არცთუ ზუსტ, მაგრამ ორიგინალურ განმარტებას: „შური – ეს არის უნებური პატივის მიგება, რომელსაც არარაობა მიაგებს ღირსებას”. ეს უფრო ხატოვანი გამოთქმაა ვიდრე ზუსტი ნათქვამი, მაგრამ ერთი კუთხით კარგად წარმოაჩენს მოშურნის სავალალო მდგომარეობას.

  გამოკვლევები გვიჩვებენ, რომ ადამიანი ყველაზე ძლიერად შურს განიცდიან მათ მიმართ, ვინც მათთან ახლოა სოციალური და ფიზიკური მდგომარეობით, რომელთაგანაც აშორებს მცირე სოციალური დისტანცია. ამას თუ გავიაზრებთ დავინახავთ, რომ ასეთი ადამიანები ქმნიან ჩვენი მეგობრების და ახლობლების წრეს. ეს ის ხალხია, ვისაც უფალი ჩვენს მოყვასს უწოდებს.  მათთადმი უფალმა მოგვცა ერთ-ერთი დიდი და ძირითადი მცნება: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”. ეს მცნება ადამიანის სულის გადარჩენის აუცილებელი პირობაა.  მოშურნე ამ მცნებას უპირისპირდება, მას უკუღმა აღასრულებს, აღვივებს რა გულში მიყვასისადმი სიძულვილს სიყვარულის ნაცვლად.

   მოშურნე, რომელიც არ ცდილობს შურისაგან გათავისუფლებას, მუდმივ დეგრადაციას განიცდის. მოშურნეობა სულიერ დაღმართზე სვლაა და მისი ფინალი ცალსახაა.  შური მძიმე ბალასტია როგორც სულისთვის, ასევე გონებისთვის. ის არ აძლევს მათ ისეთი ჯანსაღი ფუნქციონირების საშუალებას, ისეთი თვითგამოვლინების უნარს, როგორი მიზნითაც ისინი ღმერთმა შექმნა. ამიტომ მოშურნის აუცილებელი ხვედრი დამარცხებაა. ეკლესიის ისტორია გვიჩვენებს უამრავ მაგალითს მოშურნეთა ტრაგიკული ბედის შესახებ, იმ საშინელი აღსასრულის შესახებ, რომელიც მათ საკუთარი ნებით აირჩიეს, რადგან არ ისურვეს შურისაგან გათავისუფლება და ბოლომდე მიეცენ ამ გრძნობას. შურმა მიიყვანა ეშმაკი ანგელოზის მდგომარეობიდან დემონის მდგომარეობამდე და გადმოგდებულ იქმნა ზეციდან. შურის გამო კაენმა მოკლა აბელი და ამით უდიდესი ცოდვა იტვირთა. შურმა უბიძგა ძმებს გაეყიდათ იოსები ეგვიპტეში, რაც მომავალში მწარედ შეინანეს.  შური აიძულებდა საულს მოსაკლავად ეძებნა დავით წინასწარმეტყველი, რაც მისი სრული განადგურებით დასრულდა. შურის გამო გააკვრეს ფარისევლებმა ჯვარზე მაცხოვარი და ამით საუკუნო წყევლა დაატეხეს საკუთარ თავს და საკუთარ მოდგმას.  შეგვიძლია მოვიყვანოთ კიდევ უამრავი მაგალითი და ყველა მოშურნეთა სასტიკი და სამარცხვინო დამარცხებით მთავრდება. შეგვიძლია მიმოვიხედოთ გარეშემო და დავაკვირდეთ მოშურნეთა ცხოვრების დინამიკას. დავინახავთ უამრავ მარცხს, დაქვეითებას, გაბოროტებას, შხამიან ყოფას და მრავალ უარყოფით მდგომარეობას.

  ყოველი ადამიანი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ამა თუ იმ ფორმით ვარდება შურის მდგომარეობაში.  მოშურნის უპირველესი ამოცანა შურისაგან გათავისუფლება უნდა იყოს. ამისათვის ეკლესია უამრავ უტყუარ  „რეცეპტს” იძლევა. არსებობს წმინდანთა მრავალი რჩევა შურისაგან განსაკურნებლად.  ნეტარი ავგუსტინე შურთან საბრძოლველად გვარიგებს: „შური ამპარტავნების შვილია. მოუკალი მშობელი და მოკვდება შვილი”.  მართლაც, ამპარტავნება მიზეზია, მოშურნეობა კი მისი შედეგი. მხოლოდ შედეგთან ბრძოლა უმეტეს შემთხვევაში უაზრობაა, თუ არ შევებრძოლებით მიზეზს.

  ადამიანი ჩანასახშივე უნდა შეებრძოლოს შურის პირველ იმპულსებს. ის უნდა გავაშიშვლოთ ცოდვათა მონანიებისას. ეს გრძნობა ნათლად უნდა აისახებოდეს მორწმუნე ადამიანის აღსარებაში. მასთან ბრძოლას ადამიანი სიყრმიდან უნდა მიეჩვიოს და ამას უპირველეს ყოვლისა ოჯახმა უნდა შეუწყოს ხელი. მშობლებმა და ზოგადად უფროსებმა უნდა ასწავლონ ყრმას როგორ ებრძოლოს შურს, რათა ისინი არ გადაიქცენ უიმედო სტატისტ მოშურნეებად და არ დაიტანჯონ ამ საშინელი გრძნობით.

   მოშურნემ უნდა იცოდეს, რომ შური უფრო მეტად განაშორებს შურის საგანს და მისთვის მიუწვდომლად შექმნის. ასევე უნდა იცოდეს რომ სხვისი სიხარულის გაზიარებით ადამიანი ღირსი ხდება ასეთივე სიხარულისა. ეს არის მარტივი და უმოკლესი გზა ბედნიერების მოპოვებისა.  შური უკუსვლაა ღვთისაგან და სიმშვიდისაგან. შეუძლებელია მოშურნის დაკმაყოფილება: თუ მოვაშორებთ შურის ერთ საგანს მისი გონება სწრაფად მოძებნის შურის ახალ საგანს. მოშურნის ერთადერთი ჭეშმარიტი სიხარული შურისაგან გათავისუფლებაა და ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს.

ესაუბრა თეა ცაგურიშვილი

ჟურნალი „კარიბჭე“.

კომენტარები

Comments

  1. Nino Latsabidze says:

    ბრძენი მოძღვარია მამა ნიკოლოზი!

  2. Mako Vaxo says:

    chemi modzgvaria 🙂 rogor miyvars <3

  3. უფალმა დიდხანს გვიცოცხლოს თქვენი თავი მამა ნიკოლოზ!!!!

  4. ძალიან დიდი ძალა აქვს მამაო თქვენ ლოცვას, უფალ ვთხოვთ თქვენ კარგად ყოფნას!

  5. chemi modzgvari mama nikolozii dzalian miyvarxart mamaoo