მეუფე სვიმეონი თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტებს შეხვდა

   2015 წლის 2 იანვარს, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის რეზიდენციაში, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა სვიმეონი შეხვდა საკუთარი ეპარქიის იმ სტუდენტებს, რომლებიც თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში და მასთან არსებულ ინსტიტუტებში სწავლობენ.

   შევხედრა უმთავრესად გაცნობით ხასიათს ატარებდა და მას 20 სტუდენტი ესწრებოდა. გარდა ამისა შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დაგეგმავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა და აქტივობებს .

   პირველივე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეპარქიის სტუდენტებმა წელიწადში რამდენჯერმე გამოსცენ ჟურნალი, რომელშიც იქნება საღვთისმეტყველო, მართლმადიდებლური ხუროთმოძღვრების, ქრისტიანული ფსიქოლოგიისა და ხელოვნებადმცოდნეობის, აგრეთვე მეცნიერების სხვა საინტერესო დარგების შესახებ რუბრიკები.

  პირველი ნომრის მომზადება დაგეგმილია დიდი მარხვის პერიოდში.

   გარდა ამისა, შევხედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია სოციალური და სხვა სახის აქტივობები, რომელთა შესახებაც ეტაპობრივად მოგახსენებთ.

    სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე სვიმეონმა, თითოეულ სტუდენტს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები, გადაიღო მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები და სამომავლოდ, ყველა სახის საინტერესო იდეებისა და მოსაზრებების განხორციელებაში დახმარებას შეპირდა. მეუფემ განაცხადა ასევე მზადყოფნა, რომ ის ყველა კარგ, ჯანმრთელ და ცოცხალ იდეას მიესალმება. მისი აზრით, საღვთისმეტყველო ცოდნა და ახალგაზრდა თაობა, ვინც ამ სფეროში განათლებას იღრმავებს, არის სერიოზული ფუნდამენტი ეკლესიის უკეთესი მომავლისათვის. მისი შეფასებით ეკლესიის მომავალს სწორედ განათლებული და კომპეტენტური ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებიც მომავალში მრავალ სფეროში სერიოზულ სიტყვას იტყვიან და თავიანთ ეკლესიას და სამშობლოს სასიკეთოდ გამოადგებიან.

გივი ლომიძე

კომენტარები