ლექსები ხაშურის მუნიციპალიტეტზე (ნაწილი პირველი)

შიდა ქართლის მხარის ეს პატარა მუნიციპალიტეტი,  ძველად რაიონს რომ უწოდებდნენ პოეზიით და პროზით მეტად მდიდარია.  მდიდარია იმიტომ,  რომ აქაურ სოფლებს,  წყაროებს თუ სხვა ადგილებს არაერთი ლექსი ეძღვნება, რომლებიც დიდი ქართველი მწერლების მიერაა შექმნილი და ამ დიდ ტრადიციას არც თანამედროვე პოეტები ჩამორჩებიან…  ხაშური – ეს სევდით სავსე და პატარა მუნიციპალიტეტი,  თავისი ქალაქით, დაბით და სოფლებით ქართულ ლიტერატურას ამდიდრებს პოეზიის უკვდავი მარგალიტებით და ,,ხაშური ნიუსი” პერიოდულად თავს მოუყრის და ერთად შემოგთავაზებთ პროზისა და პოეზიის ამ ქმნილებებს.

***

გასეირნება ტაშისკარში

ჩვენ არ გვხლებია ზანგი პატარა
და არ გვჭერია ფინია ხელში,
ტყემ ბილიკები შემოგვატარა
და ყველგან იყო ალვის ხე ელჩი.

რა ლამაზია ტყეში საყდარი,
და საფლავები ხავსით მოცული,
ნაძვი-სიჩუმის ბაირახტარი,
და გრილი წყარო მთით ჩამოსული.

რა ლამაზია ურმის გზა ტყეში,
ფეხქვეშ ფოთლების რბილი ფენები,
მე არ მინახავს, ვფიცავ, ჩემს დღეში
ასეთი არე დასასვენები.

წაბლის ხეები, როგორც კარავი,
შემოგვესალმნენ დინჯი შრიალით.
აქ არის ჩვენი თავსაფარავი,
კმარა ამაო, ცრუ ხეტიალი.

 

ვალერიან გაფრინდაშვილი

 

***

ნაბახტევში ქალი მღერის,

მღერის ხალისიანი

და ნაპერწკლებს ბღუჯად ფანტავს

წამწამთა ქვეშ იანი,

ხორბლისფერ თმის ჩანჩქერს აფრქვევს

სიო ცელქი, მზიანი.

 

შალვა აფხაიძე

 

***

დედას რომ ბავშვი გაეპარება

გზააბნეული ბორგავს ცისკარი,

დგას ცა, გახსნილი, ვით ცხრაკარება

და ძირს შეჰყურებს მას ტაშისკარი.

მე აღარ ვიცი, ვინა სწერს ამ ლექსს,

უშენოდ არ აქვს არაფერს ფასი,

ასე ყოველთვის სექტემბრის დამდეგს

მტკვარზე გიგონებს შენი მგოსანი.

 

ტიციან ტაბიძე

 

***

ბრილის წყაროები

მოდით შეხედეთ ბრილის წყაროებს,
მშობლიურ მიწას ქვეშ რომ უვლია
მთელი ხმით იტყვით,რომ ჭეშმარიტად
ჩვენი ქვეყანა სასწაულია.ვერ დაძლევთ სურვილს,რომ არ შეჩერდეთ,
არ შეისხუროთ შუბლზე ეს წყალი,
აავსებთ პეშვს და ნახავთ როგორ დუღს
და როგორ ცვივა მას ნაპერწკალი.ყელმოღერილი ხუთი ჩანჩქერი
აძლევს დასაბამს ბრილის დიდღელეს
გაგრილებული მის მიერ გული,
რომ არ უნდოდეს მაინც იმღერებს.მიდის იშლება შემდეგ დიდ ველზე
იგი წყალუხვი და მოკამკამე,
ლაღად გაშლილი ბაღჩა-ბაღები
ძლიერ ფესვებით მას უხვად სვამენ.

მიდის ხალისით ის ყანებს შორის,
როგორც ჩვენი გზა სიმართლისაკენ
და რასაც ვხადავთ,აქ ყოველივე
დიდ შრომისაა ნამდვილი სარკე.

მადლობელი ვარ ამ წმინდა მიწის
გული სიამით სიომ ამიძგერა,
როგორც ყოველი-სოფელი ბრილიც
არის შრომის და მშვიდობის კერა.

ბუნებას თავის ნორჩი საუნჯე
ამ მიდამოში დაუბერტყია
მართლაც რაც ვნახე თავის მშვენებით
ის სიცოცხლეზე თითქოს მეტია.

უფრო წმინდაა სოფლის ლაჟვარდი,
მე სიყვარულით რომ გადამძალა
დიდება დიდ ხალხს,მადლიან შრომით
რომ ზრდის ამ მიწის სიცოცხლის ძალას.

ბრილში ვარ,ბრილის წყალს დახარბებით
ვსვამ პეშვით,მაგრამ მაინც მწყურია
და ვამბობ ჩემთვის:ჩვენს ქვეყანაში
მართლა რა დიდი სასწაულია.

შალვა აფხაიძე
***
ბრილის წყარო
ბრილი… ბროლი დატბორილი,
უშრეტელი ვერცხლის წყარო,
წმინდა, როგორც ხალხის გული,
სადღაც ქართლში მოცინცხალობს,შიგ ცის კალთა თუ ჩაირხა,
მოსჩქეფს, მოშხეფს უთავებლად…
შესვი პეშვი, უკვდავი ხარ,
რაღად გინდა უკვდავება?!ერთს ვინდომებ: ვით მინდორ-ველს
ესხურება ბროლის ცვარი,
ყოფილიყოს ჩემი სიტყვაც
ხალხის გულზე გადამწვდარი.და ვით ხალხი ― ბროლის წყარომ,
ისე ხალხმა შეიწყნაროს!

წყაროსავით მეც მყოლოდეს
ბევრი, ბევრი მეგობარი,
რომ მასავით ვატრიალო
ლექს-წისქვილის მე ბორბალი…

და რომ ყველას, ყველას გული
იყოს წმინდა, როგორც არი
ოქროს ცვარი…

ნეტამც ნატვრა ამისრულდეს,
სანატრელი, მე რომ მინდა,
ამოდუღდეს წყაროები,
წკრიალა და გემოწმინდა.

ჩუხჩუხებდნენ კაშკაშებდნენ
თვით სამშობლოს გარისგარად,
ჩქარა,
ჩქარა!

ბრილი… ბროლი თუ ჩაირხა,
მოსჩქეფს, მოშხეფს უთავებლად…
შესვი პეშვი, უკვდავი ხარ,
რაღად გინდა უკვდავება!

გიორგი ლეონიძე
***
ქვიშხეთის ქარმა მე ფუფუნებით
მომიალერსა, მომცა ნუგეში
და ვარ იგივე მისი რწმუნებით,
რაც რომ ვიყავი სიჭაბუკეში.
ვალერიან გაფრინდაშვილი
***
ის მოგონება გავისისხამე,
რადგან სიყვარულს არ აქვს სამანი,
მაკინე, თარი, მაისის ღამე,
მთვარე, მიმქრალი იასამანი.ნადნობი ღვენთი, ციცნათელები,
ძველ აივანზე ოხვრა თარისა,
რას დაჰკვესავდა სხივი მთვარისა,
თუ არ სიყვარულს და განშორებას?ვიგონებ ღამეს შენთან გათეულს,
ამაყ ნიგვზნარებს დაგუმბათებულს,
ქვიშხეთის ღამეს,
რძედაღვრილ ღამეს,
განა იმ ღამეს,
სიტყვები ზღავენ?
ანუ სიყვარულს თუ აქვს სამანი?
მთვარე მდინარი,
ნალოდინარი,
შენი თვალები… იასამანი…
ძველი კოშკების ალვა – სურონი,
როგორ მსუროდი, როგორ მსუროდი…
მინათე ღამე,
მაგ თმის უშავე,
შენი საყურის ალმასურობით. 

გიორგი ლეონიძე

***
დიდი ცაცხვები აქ რიგში მდგომი
ნეტავ ვიცოდე რამ გაარინდა,
ეგებ მოესმით გარდახდილ ომის
მძვინვარე ხმები ტაშისკარიდან?
შრიალი მათი ესოდენ ნაზი
მათი ჩურჩული, მათი გალობა –
ეს არის მადლით ავსილი თასი
რაც ცამ და მიწამ მე მიწყალობა.
კოლაუ ნადირაძე
***
როდესაც დუღაბით ჩაკირულ კედელზე,
მზე სხივებს მოაბნევს თბილსა და ელვარეს,
როდესაც ზღვა ნისლში ის ციხე გასცურავს,
მე ფიქრი შემიპყრობს, შმაგი და მღელვარე,
ბნელ საუკუნეებს გაფანტავ გონებით.
დილაა, ზღვა ხალხი ციხესთან ზურაბი
ნაღვლიან თვალებით გასცქერის მიდამოს
დაბლა მის ფეხებთან გართხმულა სურამი.
ეს ხალხის სიჩუმე: ქვითინი დედისა
ქაფჩების ხმაური და გულთან სიცივე;
ოცნების დაღუპვა, ქვითინი სატრფოსი,
ჰაერის სიმცირე, ჰაერის სიმცირე.
გათავდა ჰაერი ათრთოლდა ქვითინით
კედელთან გამოჩნდა მტირალი ასული;
ციხეს არ შორდება, იქ ეგულებოდა
ჭაბუკი კედელში დუღაბში ჩასმული.
საღამო, ო ბნელი ის ქართლის საღამო
რომელიც ერეკლემ ნაღმებით დაფლითა
და ციხე ნაომი ათასი წლებითა
აიღო ნაღარით, ზეიმით, დაფითა.
***
ხაშური
ადგილის დედამ ყველა ტკივილის
და სიხარულის იცის შენახვა
და მეც ვეძებდი ხაშურის ხედებს,
უფრო ლამაზად, რომ დამენახა…
და მეც ვეძებდი ზეციურ ედემს
და სულში ვკრებდი მზეებს ხელახლა,
მსურდა ოცნების ღვთიური ბადე
უფრო ხილულად რომ დამენახა.
დრომ ვერ გააქრო ოცნების ხედი
და ვერც ზღაპრული განცდა შელახა,
და მეც ვეძებდი ხაშურის ხედებს
სულის სიღრმიდან რომ დამენახა.
მურად მთვარელიძე
***
ხაშურს
შენა ხარ დიდი საქართველოს ცრემლის ნაჟური, მლაშობს ნიშნავსო, საბა ამბობს, თურმე ხაშური.
აქ, თრიალეთზე ღრუბლებს წეწავს ქარი წარმართი,
ცრემლი ქვად იქცა, ქვამარილი ვეღარ წაგართვეს.
შენ სიყვარული იცი კაცის უღვთოდ მართალი,
დამემოწმება ძველთაძველი წრომის ტაძარი.
პარხლის ოთხთავი შეგვინახე ნეტავ რა ძალით
და დიდ ექვთიმეს მოუყევი როგორც ზღაპარი.
ადგილის დედავ, ჭრილობებში შენი მარილით
მე საქართველოს ყველა კუთხე გულით ვიწამე,
თუ ვერ შეგწირო სიყვარული სულს ჩატანილი,
ერთი წუთითაც ნუ მეცოცხლოს მშობელ მიწაზე.
ძვალთშესალაგი შენი წაღვლის ისე დიდია,
რომ მისი მადლი ვეღარ ზიდა მარტო სოფელმა,
დიდი დავითი მოგეახლა როგორც მინდია
და გაღიარა ურჯულოთა უარმყოფელმა.
შენა ხარ დიდი საქართველოს ცრემლის ნაჟური
ჩემო სახატევ, წაგლეკავდა, აბა, რა შური?!
მტლად დაგედები, სიყვარულში რომ ხარ საშური,
მლაშობს ნიშნავსო, საბა იტყვის, თურმე ხაშური.
კლარა ელჩიბეგაშვილი
***
ვერასდროს გავცვლი მე ვერაფერზე,
ამ პაწაწინა სულის ნაფლეთებს,
ჩემი ბავშვობის,
ჩემი ცხოვრების,
ჩემი სიცოცხლის ლამაზ ,, ნაწილებს”
აქ! – სადაც შვილებს წყობით უვლიათ,
სადაც გაზრდილან ჩემი ასულნი,
და მირჩევნია მთელს გალაკტიკას,
ჩემი სიცოცხლის სუნთქვა – ხაშური!
არასდროს გავცვლი მე არაფერზე,
ამ უზარმაზარ სულის ნაფლეთებს!!!
ხათუნა ჩიტაძე
—-
მოამზადა მაიკო წიქარიშვილმა
კომენტარები