კულტურული კრიზისი თუ უპასუხისმგებლობა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის გარშემო?

თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევები, ტექნოლოგიური პროგრესი და კულტურული აღმავლობის ერაა, მსოფლიოში არც ერთ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს არ ავიწყდება, რომ ყოველივე ამას მნიშვნელოვნად ალამაზებს და ზრდის სულიერება, კულტურა და მისით ტკბობა. მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში ეს კულტურა დაფასებული, განვითარებული და იმაზე მეტად გაღრმავებულია ვიდრე შეიძლება იყოს. ეს კი მუზეუმების სიმრავლეში, იქ არსებულ ხელსაყრელ გარემოზე და ექსპონატთა დაცულობაში გამოიხატება ამ ყველაფერს მნახველთა რაოდენობაც ემატება და იქმნება და ყალიბდება საზოგადოება, რომლის მსოფლმხედველობა და კულტურული მრწამსი გაცილებით მრავალფეროვანია იმასთან შედარებით სადაც არ ექცევა ყურადღება სულიერ, ესთეტიურ ღირებულებებს.

საქართველოში ამ მხრივ ძალზედ ცუდი სიტუაციაა, კერძოდ მუზეუმებს შევეხებით და იქ ქართველ დამთვალიერებელთა ნაკლებობაზე, მოუწესრიგებელ გარემოზე გავამახვილებთ ყურადღებას. მნახველთა რაოდენობის სიმწირეზე მუზეუმების თანამშრომლები წუხილს გამოთქვამენ, ყველაზე მცირე რაოდენობით კი ქართველი ახალგაზრდები სტუმრობენ, ალბათ ეს ინტერნეტიზაციით აიხსნება, რადგან აქ ხომ ყველაფერს ნახავ ნებისმიერ ექსპონატზე და პიროვნებაზე, თუმცა ვერ ჩასწვდები ორიგინალთა სიდიადეს და სიღრმეს.

რაც შეეხება მოუწესრიგებელ გარემოს, აქ მაგალითად და განსაკუთრებული მწუხარებითაც კი უნდა წარმოგიდგინოთ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთში არსებული ქართველი თანამედროვე წმიდანის, XIX საუკუნის 60-იანი წლების საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის და ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ყიფიანის (1814-1887 წ.წ.) სააგარაკოდ აგებული სახლ-მუზეუმი.  მუზეუმის ფონდებში დაცულია დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა, ხელნაწერები, წერილები, ფოტომასალა, აგრეთვე ყოფისა და ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშები. ამას გარდა ეს სასახლე წლების მანძილზე ქართველ მწერალთა საზაფხულო რეზიდენცია იყო, აქ იწერებოდა და იქმნებოდა ქართული კლასიკური ლიტერატურა ჩვენი სახელოვანი მწერლების მიერ, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებს ატარებდნენ ქვიშხეთში. მუზეუმი, როგორც ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი 1990 წელს გახსნა, თუმცა დღეს მისი მდგომარეობა მეტად სავალალოა. როცა ის თავად მოვინახულე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს აქ ყოველივეს ყველამ ზურგი აქცია და დღემდე არავის მოუცლია, ალბათ სხვა პრობლემების გადაჭრას ცდილობენ და მუზეუმის არსებობა არარსებობის საკითხი მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ, მცირე ჯგუფს თუ ადარდებს. წლის დასაწყისში სახლ-მუზეუმს ვესტუმრე სადაც ჩვენთან საუბარში მუზეუმის თანამშრომელმა გივი გელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ახალი ხელისუფლების პირობებში მუზეუმი პირვანდელ სახეს დაიბრუნებდა.

„თბილისი თაიმსი“ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის თანამშრომელ გივი გელაშვილს ესაუბრა

„აქ დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ დიმიტრის უმცროსი ვაჟი კოტე ყიფიანი მეუღლესთან ერთად და ცხოვრობდნენ უფროსი ვაჟის ქალიშვილები. შემდეგ ქალიშვილები გადავიდნენ ცოტა მოშორებით. აქ კი კოტეს ოჯახი დარჩა. კოტე 1921 წელს გარდაიცვალა და დარჩა მეუღლე ნინო ყიფიანი, რომელიც 1937 წლამდე ცხოვრობდა.  კომუნისტური წყობის დროს ფაქტობრივად ართმევდნენ ამ სახლს  და ჯერ სკოლა გაიხსნა, შემდეგ ბაღი, ეს სახლი, რომ არ განადგურებულიყო და დაკარგულიყო დიმიტრის რძალმა ნინო ყიფიანმა გადასცა მწერალთა კავშირს 1923 წელს. შემდეგ მწერალთა, მხატვართა და ხელოვანთა სახლად ითვლებოდა, მოგვიანებით კი მხოლოდ მწერლებს გადასცეს. მწერალთა კავშირმა კი ეს სახლი ფაქტობრივად გადააკეთა დასასვენებელ სახლად, დაიტიხრა, დაახლოებით 35-მდე ოთახი იყო. გულის ტკივილით მინდა ვთქვა, რომ ბევრი ნივთი, რომლებიც მემორიალური ნივთები იყო აქ მაგ დროს მოუვლელობისა და უყურადღებობის გამო დაიკარგა და განადგურებულ იქნა. ახლა კი რაც გვაქვს ზოგი სად ვიპოვეთ და ზოგიც შევიძნეთ. ასე შევაგროვეთ ნაწილი.

2007 წელს დიმიტრი ყიფიანი წმიდანად იქნა შერაცხული საპატრიარქოს წმიდა სინოდის მიერ და ჩვენ რაიონში ფაქტობრივად ჩვენი წმიდანი გვყავს. ამ სახლკარს კი ხედავთ, როგორ მდგომარეობაშია, ფაქტიურად განადგურებული და დღემდე ვერ შევძელით აღდგენა. პროექტი არსებობს პირვანდელი სახის, რომ სპონსორი გამოჩნდეს და ეს სასახლე პირვანდელი სახით აღდგეს.

ბოლო დროს ხელისუფლება დაინტერესებულია მუზეუმის აღდგენით, საპატრიარქოს ტელევიზიაც იყო და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხდება სასახლის აღდგენა,“ – აცხადებს სახლ-მუზეუმის თანამშრეომელი გივი გელაშვილი.

ჩამონგრეული ჭერი, საშინელი ნესტი და სხვა მრავალი პრობლემა უამრავთაგან. დიმიტრი ყიფინის სახლ-მუზეუმი ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებას ეკუთვნის, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები 2013 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო. ამის შესახებ რამდენიმე განცხადებაც გაკეთდა სხვადასხვა ტელევიზიის თუ პრესის საშუალებით, თუმცა აქ რესტავრაცია ჯერ არავის გაუკეთებია. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ვინაიდან დღეს კულტურული კრიზისია ჩვენს საზოგადოებაში, მუზეუმთა მწირი დაფინანსება კი არ აძლევს საშუალებას მუზეუმის მუშაკებს ააღორძინონ სამუზეუმო საქმე და შეძლონ საზოგადოების აღზრდა და კულტურულად გაზრდა. დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი კი კიდევ ერთ ზამთარს გადაიტანს გაუსაძლის მდგომარეობაში და ეს გაბზარული და დანგრეული კედლები რამდენად გაუძლებს აქაურ სუსხიან ზამთარს მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი კვლავ იმედი ვიქონიოთ და უდიდესი საყვედური გამოვთქვათ იმ ორგანოების მიმართ ვისაც შეუძლია მისი რესტავრაცია და სხვადასხვა გარემოებანი აფერხებს ამ მადლიან და მნიშვნელოვან საქმეს.

© გიორგი ჩუბინიძე   

http://www.ttimes.ge  ,,თბილისი თაიმსი”

კომენტარები