კულტურის ტრაგედია ხაშურში – დანგრეული მუზეუმები, შეუსრულებელი დაპირებები

,,ხაშურის კულტურის ტრაგედია”- სამწუხაროდ სწორედ ასე გვიწევს ჩვენი სტატიის დასათაურება, ვინაიდან სტატია ორ შეუსრულებელ დაპირებას ეხება, რომელიც ყველაზე მტკივნეულია, როგორც ,,ხაშური ნიუსისთვის”, აგრეთვე ხაშურელი საზოგადოებისთვის და სრულიად საქართველოსთვის.

ტრაგედია I

   ყველას გვახსოვს გასული წლის სექტემბერში, როგორი გახარებული იყო საზოგადოება, როდესაც გავიგეთ, რომ წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია იყო დაგეგმილი. ყოველივეს ფოტოს საშუალებით შეგახსენებთ.

10300902_982146815129227_9108293415717046885_n

   გავიდა რამდენიმე თვე. მოვიდა წმიდა დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღე და სოფელ ქვიშხეთში, წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში შეკრებილმა ინტელიგენციამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და დამსწრე სტუმრებმა იხილეს მუზეუმის რესტავრაციის პროექტი. ცალკე აღნიშვნის თემაა იქ წარმოთქმული ფრთიანი დაპირებები, თითქოს მაისში მოხდებოდა ისტორიული მოვლენა, რასაც ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ვაჟა შუბითიძეს და ზოგადად ადგილობრივ თვითმმართველობას უმადლოდა იქ შეკრებილი საზოგადოება. მაისი მოვიდა და წავიდა, ისევე, როგორც მოდიან და მიდიან დღენი, თვენი და წლები მრავალნი.

   რა ხდება დღეს? მუზეუმი ინგრევა და სევდა სევდად დარჩა, ტკივილი ტკივილად. ხაშურის საზოგადოება კი კვლავ დუმს. დიმიტრი ყიფიანის სახელი მიანიჭეს ხაშურის ცენტრალურ მოედანს და იქ წარმოდგენილი ბანერი ,,ლიბერთი ბანკის” სარეკლამოდ უფროა, ვიდრე სახელოვანი წინაპრის სახელობის მოედნის აღმნიშვნელად. იგეგმება ხაშურის ბიბლიოთეკისთვის (რომელიც ასევე ინგრევა) წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელის მინიჭება. რას ცვლის სახელების დარქმევა ან გადარქმევა? რა შედეგს ვიღებთ? რას ვასწავლით მომავალ თაობას?

ტრაგედია II

2015 წლის იანვარში, სოციალურ ქსელში გავრცელდა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დანგრეული კედლის ამსახველი ფოტოები, რომელზეც შემდეგი სახის განცხადება იყო:

11048743_1012480385429203_3969520210729816524_n   ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ნამდვილი კულტურის ცენტრი, საქართველოში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და მდიდარი მუზეუმი ინგრევა?!
ჩვენი მუნიციპალიტეტის გვერდებზე შესვლისას სახე გაგიბრწყინდება, თითქოს ყველაფერი უბადლოდ იყოს.
ჩვენი ქალაქის ცენტრში კი ინგრევა მუზეუმის ცენტრალური შენობა, ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობა, ინგრევა ძველი კინოს შენობა და ახლანდელი ,,ვისოლი ჯგუფის” კუთვნილი შენობა. ჩვენი ცენტრალური მოედანი, რომელიც წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს საშინელ მდგომარეობაშია.
როდის ეშველება ჩვენს ქალაქში კულტურას?”

   ამ პოსტს სულ მალე ხაშურის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ბატონი კონსტანტინე ფრუიძე გამოეხმაურა, რომელმაც დიდი საყვედურითა და კრიტიკული კომენტარით მიმართა გვერდის ადმინისტრაციას.

კონსტანტინე ფრუიძე: ,,ცნობისთვის მუზეუმის შენობა იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რის გამოც ვერ ხერხდებოდა შენობის შეკეთება, ამჟამად გადმოეცა მუნიციპალიტეტს და შესაბამისი რეაგირებაც გაკეთდება და კედელიც შეკეთდება, ნუ ინერვიულებთ მაგ თემაზე….ისე ადრეც რო გეფიქრათ ამ თემებზე უკეთესი იქნებოდა.

მოგეკითხათ რა ხდებოდა, ახლა უკვე მოკითხულია და ტყვილა ვიღაცეები ნუ დაიბრალებთ რო ჩვენი აქტიურობის შედეგად მუნიციპალიტეტი იძულებული გავხადეთ რო გაეკეთებინათო…

დიდი ხანია ბევრი რამეა ხაშურში გასაკეთებელი.აქამდე ვერ ხედავდით?დაწყნარდი,მიხედავენ უშენოდ.ეს “გულშემატკივრობა” ადრეც გამოგეჩინა”. მიმართავს კონსტანტინე ფრუიძე ხაშურის გვერდის ადმინისტრაციას”.

   ამ კომენტარის მიუხედავად ფაქტი სახეზეა. თითქმის ექვსი თვეა კედელი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად შენობას და იქ დაცულ ექსპონატებს უდიდესი საფრთხე ემუქრება.

   ხაშურში კულტურის ტრაგედია მთელი რიგი საკითხებიდან ჩანს და ამის შემჩნევა მარტივია. სამწუხარო ისაა, რომ არ სურთ შეამჩნიონ.

კომენტარები