იოსებ სტალინის წერილი ხაშურელ მეგობარს

1933 წლის 7 დეკემბერს სსრკ-ს გენერალური მდივანი იოსებ სტალინი წერილს უგზავნის ხაშურელ მეგობარს – პეტრე კაპანაძეს. პეტრესა და იოსებ ჯუღაშვილის მეგობრობა სემინარიაში სწავლისას დაიწყო.

მურად მთვარელიძე, ლიტარატურათმცოდნე: ,,…სოსო ჯუღაშვილი მსოფლიოში უცნობილეს პოლიტიკოსად იქცა, “დედამიწის ერთ მეექვსედს რომ აზანზარებდა”, ხოლო პეტრე კაპანაძე ხაშურის რკინიგზის სკოლის დირექტორად და მასწავლებლად მუშაობდა.
ცხოვრება კი მიდიოდა და როცა პეტრე კაპანაძეს ეკონომიურად გაუჭირდა და თავისი სიყრმის მეგობარს დახმარება თხოვა, მისგან საგულისხმო ბარათი მიიღო.
რამდენიმე წლის შემდეგ, ომის წლებში, ვინ უწყს, ბავშვობის მონატრებით, თუ მეგობრის სიყვარულით, სპეციალური ვაგონით გაამგზავრეს ბატონი პეტრე ბელადთან. კრემლის დარბაზების მიღმა გორსა და ხაშურზე საუბრობდნენ და ჭაბუკობის წლებს იხსენებდნენ, ხოლო როდესაც პეტრემ წამოსვლა გადაწყვიტა, შეევედრა თურმე ბელადი მეგობარს – კიდევ დარჩიო ცოტა ხანს.
– ვეღარ დავდჩებიო, უთქვამს პეტრეს.
– რა იყო, შე კაცო, ხაშურის ტალახები
მოგენატრაო განა?
– გაუღიმია სტალინს,
და კიდევ რამდენიმე დღით დაუტოვებია დიდი ხვეწნითა თუ ძალით”.

გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს:

,,პეტას გაუმარჯოს !
ჩემი დეპეშა როგორც ჩანს მიგიღია. გიგზავნი 2 000 მანეთს. მეტი არა მაქვს. ეს ფული ჩემი ჰონორარია. ჩვენ აქ ჰონორარს არ ვიღებთ, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ვიღებთ ხანდახან. შენი გაჭირვება ჩემთვის განსაკუთრებული შემთხვევაა და ამიტომ ავიღე ჰონორარი. გარდა ამ ფულისა, შენ მოგცემენ 3 000 მანეთს სესხად, მე ვუთხარი ამის შესახებ ბერიას, და იმანამ სიტყვა მომცა უეჭველად აღვასრულებო. მაშ ასე: 2000 მანეთი მიიღე, როგორც ჩემი მეგობრული ნობათი და 3000 მანეთი- როგორც სესხი.
იცოცხლე მრავალჟამიერ.
შენი სოსო.

1933 წლის 7 დეკემბერი”.

კომენტარები