ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ,,ხაშური ნიუსის” რედაქცია გთავაზობთ სტატიას, რომელიც ილია ჭავჭავაძისა და თაობათა ურთიერთობებს ეხება.

XIX საუკუნის საქართველოს ისტორია გარკვეულწილად თაობათა ისტორიაცაა… იდეოლოგიური, თუ ასაკობრივი თაობები ისევეა განფენილი კონკრეტული პიროვნების ცხოვრების ასპარეზზე, როგორც დრო და სივრცე ჩვენს სამყაროში. ესაა ძველი, ახალი და მომავალი თაობა. ადამიანი თავისი საუკეთესო და ნაყოფიერი სიცოცხლის შემთხვევაში სამივე საფეხურს გადის. ჯერ მოელიან და როცა სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდის მომავლის პირმშოა, შემდეგ ახალი თაობის წარმომადგენელი ანუ შემდგარი პიროვნებაა და ბოლოს – ის ძველი თაობის წარმომადგენელიც ხდება. ყოველივე ეს ასაკობრივი თაობათა ცვლაა, თუმცა თაობა შეიძლება იყოს იდეოლოგიურად და მსოფლმხედველობრივად განფენილი და სხვადასხვა ჯგუფს მიკუთვნებული…

ილია ჭავჭავაძემ ეს საფეხურები განვლო და მისი ცხოვრების ფართო ანალიზით თაობათაშორისი ურთიერთობების გარკვეულ კანონზომიერებებს დავინახავთ. ილიას ნააზრევში თაობა უწყვეტი ჯაჭვია და შვილმა უნდა იცოდეს, როგორ იცხოვრა მამამ, რა შექმნა და რა დარჩა გასაკეთებელი, რომ გააგრძელოს ,,ცხოვრების უღელის წევა”.

შვილმა უნდა იცოდეს მამის ყველა ღირსება და ყველა ნაკლოვანება. ამ გზით შეუძლია შვილს შემნას ქვეყნის ღირსეული მომავალი. ყოველივე ამას ილია ნათლად აყალიბებს პუბლიცისტურ წერილში ,,ერი და ისტორია”.

მართლაც, ასე განიზრახა ილიამ თავისი მოღვაწეობის პირველი ნაბიჯების გადადგმა და განვლილი ცხოვრების ყველა ეტაპს თავისი სახელი დაარქვა – ვინ ვიყავით და ვინ გავხდით მე-19 საუკუნის საქართველოში.

რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ქვეყანაში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსულ ილია ჭავჭავაძეს დახვდა მამათა თაობა, რომელიც მანამდე ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ქმნიდნენ საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ამინდს. იმპერიის პერიოდში დაბადებული, დამკვიდრებული თაობა იყო ეროვნული ცნობიერებისთვის ერთგვარად დაკარგული თაობა, რომლებსაც საქართველოსადმი სიყვარული რუსეთის გუბერნიებისადმი სიყვარულით ჰქონდათ შეცვლილი საკუთარ ცნობიერებაში.

ილიას ჩვეული სატირული ლექსები უხვადაა გაჯერებული ამ შემგუებლობითა და რუსოფილური განწყობის მქონე უფროსი თაობის მიმართ. ასე მაგალითად იგი გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელის მიმართ წერს:
,,კოხტაა და ღობე მძვრალა,
პატარა და ჩამომხმარი,
ცხვირ ნისკარტა, ნიკაპ მწკვეტი,
უჟმაჟური, განს გამდგარი;
ჭკუით, გულით მოცვეთილი,
ქვეყანაზედ უქმად გდია,
თვით მაღლა ზის, ქვეყნის საქმე
მასაც ფეხებზე ჰკიდია.

პლატონ იოსელიანის მიმართ წერს:
,,ტაციობით დღეს აღამებს,
გულ მურტალი და ფლიდია
ყველა ლანძღავს, მაგრამ ყველა
ამას ფეხებზედ ჰკიდია”.

თუმცა ილია ჭავჭავაძის კრიტიკა არაა მხოლოდ უარყოფითი. იგი უფროსი თაობის მისი აზრით ღირსეულ წარმომადგენლებს გარკვეული ნაკლოვანებების მიუხედავად ღირსეულად წარმოაჩენს. ასეთად დიმიტრი ყიფიანი მოაჩნია, რომლის დაწყებული არაერთი საქმე განაგრძო ილიამ. იგი წერს:
,,…
ერთი კარგი საქმის იგი,
დამწყობი მეთაურია;
თქმულა: თუ იცნობთ ნაყოფსა,
ხე მისიც საცნაურია.

ერთმანეთის მტრებს გვასწავლა
ერთმანეთის ძმური შველა.
ბანკის ძირი იმან ჩარგო,
ღონე ხსნისა მოგვცა ხელთა;

ბევრი ვიცი მე იმისი
ცოდვა და ნაკლულოვნება
მაგრამ კარგი საქმის დამთესსა
ბევრი რამ მიეტევება,
რაც არის კიდევ ეგ არის,
ჩვენში ხელ მოსაკიდია,
მარტო მას, ძმანო ქვეყანა
ფეხზედ არა ჰკიდია”.

როგორც ხედავთ ილიამ სათანადოდ შეაფასა წარსული ცხოვრება. მას ერთბაშად არ გადაუსვამს ხაზი უფროსი თაობის გარკვეულ ღვაწლს, რაც თუნდაც დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი გამოცანიდან შეგვიძლია დავასკვნათ. ილია მოეჭიდა და დაეფუძნა წარსულში ჩაყრილი საძირკვლის მხოლოდ ღირსეულ აგურებს და 60-იანელთა ანუ ,,თერგდალეულთა” თაობის წინამძღოლად მოგვევლინა, რომელთა საქმიანობის შედეგებს აღარ შევეხებით.

ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, ცხადია, იყო უკეთესი მომავლის შექმნა:
,,აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ჩვენია” – წერს იგი ერთ-ერთ ჰიმნად ქცეულ ლექსში და ცდილობს შექმნას ის საფუძველი, რაც მას თითქმის არ დახვედრია. ის ცდილობს ილიას მოღვაწეობის ნიადაგზე დააფუძნოს მომავალმა თაობამ სამშობლოს – საქართველო მომავალი.

ილიას შემოქმედებაში თავი მოიყარა კრიტიკულმა აზროვნებამ. კრიტიკის არსზე იგი წერს:
,, პირველი ნიშანი საზოგადოების ასაკოვნებისა და
აღმატებულობისა, სხვათა მრავალთა შორის, ის არის, რომ საზოგადოება სხვისის
აზრის შეწყნარებამდე ტანში იყოს გამართული. შეწყნარება დაჯერებას კი არ
ჰნიშნავს, გინდა თუ არა, არამედ პატივსა, რომლითაც უნდა მოექცეთ სხვის აზრს,
თუნდაც თქვენს უსიამოვნოს, თქვენს წინააღმდეგს”
სწორედ ასე უყურებდა ილია კრიტიკის მნიშვნელობას, ანალიტიკური აზროვნების აუცილებლობას და გადაწყვეტილებათა ასე მიღების აუცილებლობას.
კრიტიკული აზროვნება წარმატებული მომავლის ერთ-ერთი საწინდარია, სადაც არ არსებობს მონოპოლია სიდიადეზე.

ილიას ,,პასუხის პასუხშიც” ნათლადაა წარმოჩენილი მისი შეფასება ,,ლიბერალიზმისა” და ,,პატრიოტიზმის” მიმართ, რომ აღარ მოვიშველიოთ სხვა ლიტერატურა. მას ეს ორი რამ პროგრესულ იდეად – იდეოლოგიად მიაჩნია თავისი ავთენტური ორიენტირებით:
,,ჩვენი ქვეყანა,
მკვდარი თქვენგანა
თქვენებრ ჩინებზე არ გაგვიცვლია,
ლიბერალობა,
პატრიოტობა
სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია”.

ილიას სწამდა ის, რასაც მომავალ თაობასაც მოუწოდებდა. იგი იყო თაობათა შორის გადებული ხიდი, რომელიც წარსულს და მომავალ აკავშირებდა. ეს კავშირი დღემდე მოდის. დღეს ყველა ილიას გზით სიარულს იჩემებს, მაგრამ განა ვიცით კი ამ გზის ნამდვილი არსი?

და თუ მაინც ვინმე იკითხავს:
,,რატომ მოკლეს ილია?”
პასუხი ერთია – სიმართლისთვის!

სამწუხაროდ სიმართლე ყოველ ეპოქაში დევნილია.

გიორგი ჩუბინიძე

კომენტარები