თბილისის საკრებულოს ისტორიულ სხდომათა დარბაზს დიმიტრი ყიფიანის სახელი მიენიჭა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიულ სხდომათა დარბაზს ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი მესვეურის, დიმიტრი ყიფიანის სახელი მიენიჭა. წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, სხდომათა დარბაზის შესასვლელთან აბრა საზეიმოდ ჩამოკიდა, რომელზეც დიმიტრი ყიფიანის სახელი ასომთავრული დასაწყისითაა დაწერილი და დამსწრე საზოგადოებას დარბაზისათვის დიმიტრი ყიფიანის სახელის მინიჭება მიულოცა.
„მოგეხსენებათ, დიმიტრი ყიფიანი თავისი მოღვაწეობით თითქოს ძველი საქართველოდან, ახალ, ილიას საქართველოში გადმოსული პიროვნება იყო. მან 1875 წელს ქალაქის თავის არჩევნებში გაიმარჯვა და თბილისის თვითმმართველობის ორგანოს სამი წელი მეთაურობდა და, ამავდროულად, არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების ინიციატორიც გახლდათ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვსურდა ის ორი კავშირი აღგვედგინა, რაც, ერთი მხრივ, დიმიტრი ყიფიანის, მეორე მხრივ კი, იმ პატივისცემის გამოხატულება იქნებოდა, რასაც ჩვენთვის სამი დამწერლობის მქონე ერის სტატუსი ნიშნავს.
სწორედ ამიტომ, რამოდენიმე ვარიანტიდან ჩვენ მისი სახელის ასომთავრული დასაწყისი შევარჩიეთ. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დიმიტრი ყიფიანის იმ დიდ, მამულიშვილურ გზას, რაც, თავის მხრივ, ილია ჭავჭავაძემ გააგრძელა. ვისურვებდი, რომ ვიაროთ წრფელი, ჩვენი ქალაქის მოსახლეობაზე ორიენტირებული და სასიკეთო გზით“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის ინიციციატივა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ერთ–ერთ სხდომაზე წამოაყენა, რომელსაც საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
დიმიტრი ყიფიანის მმართველობის პერიოდს უკავშირდება ყოფილი ერევნის მოედნის (თავისუფლების მოედანი) კეთილმოწყობა, შუამდგომლობა ახალი სახაზინო თეატრის აგებისათვის, თბილისში წყალსადენის პროექტის დასამუშავებლად საჭირო თანხების მოძიება; ამავე პერიოდში დაიწყო დაბალჩინოსანთა ოჯახებისთვის დახმარების გაწევა, უპატრონო ძაღლების განადგურება, მოხდა ქალაქის გაზის ნათურებით განათება, გაიაფდა საწვავი და სხვა. საქართველოს წმინდა სინოდის განჩინებით, 2007 წლის 26 აპრილს XIX საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური დიმიტრი ყიფიანი წმინდანთა დასში შეირაცხა და მას წმინდა დიმიტრი ყიფიანი – სამშობლოსთვის წამებული ეწოდა.

კომენტარები