ვარსკვლავიანი ღამის ამბავი – მიხეილ ჯავახიშვილის უკანასკნელი ზაფხული

 1928 წლიდან მიხეილ ჯავახიშვილი თავის ოჯახთან ერთად ხშირად ისვენებდა ქვიშხეთში. მწერლის ქალიშვილი ქეთევანი წერს: “სახლი მაღლობ ადგილზე დგას. ცაცხვების ხეივანში ჩამჯდარი და მთელ იმ ხეობას გადაჰყურებს. შესანიშნავი ხედი იშლება აქედან, მოსჩანს მტკვარი, ბორჯომის ხეობა, მატარებლების მიხვეულ_მოხვეული გზა, რომლებიც ქვიშხეთს ორი მხრიდან უვლის გარს. აქ იყრიდა თავს მწერალთასაზოგადოება თავიანთი ოჯახებით და ზაფხულიც საინტერესოდ და შეუმჩნევლად გადიოდა”.

1 0081937 წლის ზაფხულშიც ჩამოვიდნენ ჯავახიშვილები ქვიშხეთში.

,,ჩვენ რომ ქვიშხეთში ჩავედით, მგზავრობით ცოტა დაქანცულები ვიყავით. მამას გაუხარდა მეგობრების დანახვა და კარგ გუნებაზე დადგა. მცირე ხანს ოთახში დაჰყო, შემდეგ ეზოში ჩავიდა. ხის ძირში სკამზე ჩამოჯდა და ოფლი მოიწმინდა. სათვალეები მოიხსნა, თვალები მოჭუტა და გაირინდა”. 
ასე დაიწყო ქვიშხეთში შემოქმედებითი ზაფხული. აქ იწერებოდა ,,არსენა მარაბდელის” დარჩენილი თავები. და მართლაც, რა ოსტატურად ხატავს ქვიშხურ პეიზაჟს: “ბნელი, მშვიდი ღამეა. ქვევიდან მტკვრის დუდუნი ისმის. საცაა თრიალეთზე მთვარე შემოჯდება.
დღეს ქვიშხეთში ნაადრევად შესახლდა დუმილი.”

როცა ცა ვარსკვლავებს გულზე გადაიყრის,
ცა – მთვარის სხივებით ნაბანი,
მუდამ მახსენდება ერთი სევდიანი
და იარიანი ამბავი…

ქეთევან ჯავახიშვილი: ,,ბოლო საღამო, ქვიშხეთში გატარებული, ჩემს ცხოვრებაში ღრმად, სამუდამოდ დამამახსოვრდა. საღამო ხანს მე და მამა სახლის წინ ბაღში ვიჯექით. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი და მთვარე დღესავით ანათებდა არემარეს. თბილი და მშვიდი საღამო იყო. არც ერთს ლაპარაკის სურვილი არ გვქონდა და ორივენი ვდუმდით. კარგა ხანს ვიჯექით ასე. ბოლოს ფიქრებიდან გამოვერკვიე, მამისკენ გავიხედე და ჩემდა უნებურად ზევით ცას ავხედე. დავინახე, რომ ცას ერთი მოზრდილი ვარსკვლავი მოსწყდა და ძირს დაეშვა. მე თვალი გავაყოლე ვარსკვლავს და რატომღაც არ მესიამოვნა მისი მოწყვეტა. ეს ამბავი სასიკეთოთ არ მენიშნა. მე შევკრთი და მამას შევხედე. ის ისევ მდუმარედ იჯდა და სივრცეს გაჰყურებდა. მას სევდა მოწოლილი ჰქონდა. დავინახე, რომ იმანაც გააყოლა თვალი ვარსკვლავის მოწყვეტას. არ ვიცი ამ დროს რა გაიფიქრა მან.
– მამა, რა ხდება ჩვენს ირგვლივ, ამ ამბების შესახებ რას ფიქრობ ? მან დიდხანს პასუხი არ გამცა, შემდეგ მიპასუხა: “ვერაფერს გეტყვი, მე თვითონ არაფერი გამეგება რა”. მცირე ხნის შემდეგ ჩვენ დასაძინებლად გავემართეთ.
ეს უკანასკნელი ღამე იყო, ჩვენ რომ ერთ ჭერქვეშ გვეძინა.

37-ის ქვიშხური ზაფხულია,
მიხეილ ჯავახიშვილი ოჯახით ისვენებს,
ამ ბოლო ხანებში სულ ფიქრობს რაღაცას,
თითქოსდა რაღაცას იხსენებს..
სიტყვაძუნწია და თითქოს უბრადაა,
თითქოს სხვა სამყაროს შერთვია,
ეს გაუტეხელი კაცი შეუვალი
სევდას მისცემია ერთიან.
უცებ კი ცაზე ვარსკვლავი მოწყდება,
სხვაგვარად შეკრთება მწერლის ასული,
რაღაც უცნაური ფიქრი თავს წაართმევს,
ფიქრი – გრძნეული და ავსული..
ვარსკვლავი მოწყდაო, ვისი ვარსკვლავია,
ვის დაუბნელაო ნათელი,
თვალი გააყოლა ასე სევდიანად,
ვარსკვლავს – სულ სხვა მხარეს გაფრენილს.
და, ჰოი საოცრებავ, მამას რომ შეხედა,
ისიც გაჰყურებდა იმ ვარსკვლავს თურმე,
სიტყვა ვერ დაუძრავთ და კვლავ დიდხანს ისხდნენ
ასე უსიტყვოდ და დუნედ..
მერე კი მოვიდნენ ის სულთამხუთავნი,
სადღაც წაიყვანეს ქართველი ბალზაკი,
ოი და რა სირცხვილს ინახავს, ვინ იცის,
ხაშურის მილიციის ის ბნელი საკანი..
და როცა ვარსკვლავთა გვირგვინებს გავყურებ,
გრძნობა მეუფლება რატომღაც ისეთი,
ეს რა სირცხვილია, ეს რა ტკივილია,
მწერლის ბოლო სხივი – ქვიშხეთი..

მურად მთვარელიძე ,,ხაშურის მისტერია”

კომენტარები