ესტონეთი, თქვენი კარგი მეგობარი ევროკავშირში

 ევროკავშირის ყურადღება მიმართულია ისეთი პროექტების განხორციელებისკენ, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რიგითი ადამიანების ცხოვრებას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, – ეს განცხადება გააკეთა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა.
აღმოსავლეთის პარტნიორობა ევროკავშირისა და 6 ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელორუსის ურთიერთთანამშრომლობას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტს უკვე აქვს პარტნიორული ურთიერთობები ევროკავშირის 4 ქვეყნის მუნიციპალიტეტთან: ლიტვის ქალაქ რადვილიშკისთან, ლატვიის ქალაქ ბაუსკასთან პოლონეთის ქალაქ ტარნოვთან და შვედეთის ქალაქ ჰედემორასთან. ხოლო ოს ორი ქალაქი, რომელთანაც ხაშურს ასევე აკავშირებს პარტნიორობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებშია (ნოვოგრად-ვოლინსკი, უკრაინა და გორკი – ბელორუსი). შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივები საინტერესო უნდა იყოს. ამჯერად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ესტონეთია. ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში პარტნიორობასთან დაკავშირებით ორი ფართო მიზანი აქვს: 1) შეინარჩუნოს ევროკავშირის პოლიტიკური ფოკუსი პარტნიორობის მიმართ და 2) გააუმჯობესოს პარტნიორობა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებს მიმართა, რომელის ტექსტსაც აქვე გთავაზობთ:

,,ესტონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა 1,3 მილიონი მოსახლეობით. მიუხედავად ამისა, ვამაყობთ, რომ გვაქვს პატივი ჩვენი თავმჯდომარეობის ნახევარწლიან პერიოდში ვუხელმძღვანელოთ ევროკავშირს, რომლის მოსახლეობაც 500 მილიონს აღემატება და გავლენა მოვახდინოთ ამ დიდი გაერთიანების პრიორიტეტებზე.

ესტონეთისთვის და ჩვენი კეთილი მეზობლებისთვის – ლატვიისა და ლიტვისთვის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირის და ჩვენი აღმოსავლელი მეზობლების პარტნიორობის შენარჩუნება და გაღრმავება, ამიტომ 2017 წლის მეორე ნახევარში ესტონეთისთვის კვლავ მნიშვნელოვანია ესტონეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორების
კომუნიკაცია მათი ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფის მიზნით.

მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობა ნიშნავს ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე ექვს სახელმწიფოსთან – საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და ბელარუსთან სტრუქტურულ ურთიერთობებს. ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება მხლოდ ლამაზი ფრაზა არ არის. ევროკავშირმა უკვე მიაღწია კარგ შედეგებს იმ აღმოსავლელ პარტნიორებთან, რომლებიც ღიად თანამშრომლობენ ევროკავშირთან. შედეგებს, რაც სარგებლის მომტანია ამ ქვეყნების რიგითი მოქალაქეებისთვის.

ბევრი ადამიანისთვის, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია უვიზო რეჟიმი შენგენის ზონის ქვეყნების მოსანახულებლად – ასეთი შესაძლებლობა სადღეისოდ უკვე აქვთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს. რიგითი მოქალაქისთვის, შესაძლოა, შედარებით ნაკლებად აქტუალური ჩანდა ასოცირების ხელშეკრულებების რატიფიკაცია ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაზე უფრო პროგრესული ხელშეკრულებებია, რაც კი ევროკავშირს მისი არსებობის ისტორიის მანძილზე მესამე ქვეყნებთან გაუფორმებია.
ხელშეკრულებების საფუძველზე პარტნიორი ქვეყნები პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც დაუახლოვდნენ ევროკავშირს. ფორმულა მარტივია: პარტნიორები ახდენენ საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ნაცვლად მათთვის თანდათანობით იხსნება ევროკავშირის შიდა ბაზარი. მოცემული ხელშეკრულებების ძალაში შესვლა პარტნიორობისთვის ახალი გზის დასაწყისია. ახალი ვალდებულებები, კერძოდ კი რეფორმების განხორციელება, პარტნიორებს კარგ შესაძლებლობას აძლევს ევროკავშირისგან დიდი დათმობები მიიღონ მომავალშიც.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე მუშაობისას, მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის თითქმის ყველა ქვეყანას ვესტუმრე. ამიტომ, შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ ესტონეთის მიმართ რეგიონში დიდი ნდობაა,
ჩვენი ძალისხმევა ტოვებს ღრმა კვალს, ხოლო პარტნიორების მხრიდან მოლოდინი იმისა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში გაიზრდება, ძალიან მაღალია.

ბევრ აღმოსავლელ პარტნიორს ძველებურად სჯერა „ევროპული პროექტის“ და ცვლილებების ძალის, ისინი ცდილობენ ევროპულ ქვეყნებთან დაახლოვებას. საჭიროა ამ რწმენის მხარდაჭერა. სურვილი გვაქვს, თითოეულ სახელმწიფოს მართავდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე და ადამიანის უფლებების პატივისმცემელი მთავრობა, რომელიც ემყარება ხალხის, და არა ვიწრო ჯგუფების კორუფციულ ინტერესებს. პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად, ჩვენს მეწარმეებს სურთ, რომ მათი ინვესტიციები სამართლებრივად დაცული იყოს. ამიტომ, მიზნად უნდა დავისახოთ ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც საზოგადოებას გააძლიერებს და თანამშრომლობის პირობებში უფრო მდგრადს გახდის შიდა თუ გარეშე ზეწოლის მიმართ.

რამდენადაც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ურთიერთობის სახელშეკრულებო და ინსტიტუციური ასპექტები უკვე ნათლია, ახლა ძირითადი ყურადღება ეთმობა თანამშრომლობის პროექტებს, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს რიგითი ადამიანების ცხოვრებას. უნდა ვაღიაროთ, რომ ევროინტეგრაციისა და
ევროკავშირიდან სუბსიდირების მიუხედავად, რიგითი მოქალაქეები გატარებული ბრეფორმების შედეგად მათი ცხოვრების დონის ამაღლებას შესაძლოა არც კი აკავშირებენ ევროკავშირთან. ეს არამხოლოდ ასუსტებს მოქალაქეების ნდობას რეფორმების მიმართ, არამედ ხელს უშლის ევროპული ღირებულებების მხარდაჭერასაც. არასაკმარისი კომუნიკაცია რჩება პრობლემად, რომლის მოსაგვარებლადაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო”.

© თარგმნა და კომენტარები დაურთო ნინო სუხიაშვილმა.

 

კომენტარები