დიანა გელაშვილი: ,,ჩემი უპირატესობა ჩემს თავისუფლებაშია”

   საქართველოში საარჩევნო პროცესები აქტიურ ფაზაში გადადის. 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს საზოგადოება ახალი მოლოდინებით და სურვილებით ხვდება. 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრიც უცვლელი დარჩა ამიტომ პოლიტიკური სპექტრიც მეტად განსხვავებული და საინტერესოა. ,,ხაშური ნიუსი” საარჩევნო პროცესების გაშუქებას იწყებს და პირველ ინტერვიუს გთავაზობთ პარტია ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატთან – დიანა გელაშვილთან. იგი მრავალი ხაშურელისთვის უკვე კარგად ნაცნობია, როგორც ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის პოსტიდან, ისე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი ,,თანამონაწილე”–დან. ვფიქრობთ საინტერესო ინტერვიუ შედგა, დანარჩენი კი მკითხველზეა დამოკიდებული.

 პირველ რიგში გვითხარით რამ განაპირობა თქვენი არჩევანი ჩართულიყავით საარჩევნო მარათონში ,,თავისუფალი დემოკრატებისსახელით?

 ჩვენი ქვეყანა ზოგადად ძალზედ პოლიტიზირებულია. პოლიტიკა არის ყველგან და ყველა სფეროში. ჩვენი ცხოვრების ხარისხს, განწყობებს და ხშირად ადამიანების ბედსაც ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები განსაზღვრავს. მოგვწონს თუ არა, ეს განვითარებადი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ფაქტორია და თუ გული შეგტკივა შენს ქვეყნაზე, თუ უსამართლობას ვერ ეგუები,  თავისთავად ხდები პოლიტიკის ნაწილი,  მხოლოდ ზოგ შემთხვევაში ამ პროცესებს შორიდან აკვირდები, აკრიტიკებ, წუწუნებ და ფიქრობ, რომ შენ ამ პოლიტიკოსის ადგილზე სულ სხვაგვარად მოიქცეოდი, უფრო მორალური, უფრო ადამიანური იქნებოდი თუმცა ჩუმი პროტესტის იქით ვერც ვერაფერს ცვლი. შეიძლება გადაწყვიტო, რომ პასიურ მდგომარეობაში ყოფნა დანაშაულია და ამ პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღება და სხვისი კრიტიკის სამიზნედ თავის გაწირვა გიღირს, თუკი პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მოგცემს ისეთ მექანიზმებს და რესურსებს, რომ შეძლებ განახორციელო დიდი ხნის მანძილზე ჩაფიქრებული პროექტები თუკი ამით ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებ. სწორედ ამ ფაქტორებმა განსაზღვრა ჩემი გადაწყვეტილება დავთანხმებოდი ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას შემოთავაზებას ხაშურში მაჟორიტარ კანიდატად მეყარა ჯენჭი.  თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არა ირაკლი ალასანიას დიდი ავტორიტეტი, მისდამი ნდობა, ,,თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური კურსი, იდეოლოგია, ეკონომიკური და სოციალური პროგრამა და ქვეყნის განვითარების პერსპექტიული ხედვა, ასეთ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ მივიღებდი. შესაბამისად, ჩემი არჩევანი არა ინერციული, არამედ სრულიად გააზრებულია.

  რა მნიშვნელოვანი ინიციატივები გაქვთ და როგორ გესახებათ ხაშურის მუნიციპალიტეტის განვითარება?

ხაშურის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ფიქრი ახლა არ დამიწყია. ყოველთვის მქონდა ჩემი ხედვა და მოსაზრებები, ცოტა ამბიციურიც კი.

პირველ ეტაპზე  უნდა გაკეთდეს ჩვენი მუნიციპალიტეტის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი, რათა ძლიერი მხარეები ეფექტურად იქნას გამოყენებული და ათვისებული, ხოლო სუსტი მხარეების დაძლევაზე შეიქმნას თანმიმდევრული და კვალიფიციური განვითარების სტრატეგიული გეგმა.
 ჩემი მიზანია, ჩვენი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა თაობისა და ასაკის ადამიანი ცხოვრობდეს ღირსეულად. არ იყოს ადამიანი, რომელიც თავს უსარგებლოდ, დათრგუნულად  და მიტოვებულად გრძნობს და სიღარიბე უკვე დაუძლევ პრობლემად მიაჩნია.
უნდა გაიხსნას პროფესიული და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო ცენტრები, როგორც ახალგაზრდებისთვის ისე ზრდასრუთათვის.  ხაშურის ადგილმდებარეობით და დავაინტერესოთ ინვესტორები და ბიზნესმენები. თუნდაც სურამის ტურისტული პოტენციალი რად ღირს? ქვიშხეთის ლიტერატურული ტრადიციების აღდგენა სრულიად განხორციელებადია. სოფლებში უნდა გაიხსნას ფერმერთა მომზადების ცენტრები, დავეხმაროთ ადამიანებს ბიზნესის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში, ბიზნესის რისკების მართვაში, ეს ჯაჭვური პროცესებია და ცალკე ერთი რომელიმე სეგმენტის განვითარება შედეგს ვერ გამოიღებს.
ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ ისეთი სოციალური გარემო, სადაც ახალგაზრდები თავიანთ მომავალს თავის ქალაქს და სოფელს დაუკავშირებენ და გაქცევის სურვილს და ,,აქ რა ვაკეთოს“ განწყობა აღარ  ექნებათ.

რატომ უნდა გენდოთ ხაშურის მოსახლეობა?

 ჩვენს საზოგადოებას აქვს ძალიან ბევრი მიზეზი და საფუძველი აღარ ენდობოდეს პოლიტიკოსებს. ამდენმა იმედგაცრუებამ, მათი პრობლემებისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ და დაპირებების უგულებელყოფამ ნეგატიური კვალი დააჩნია ხალხის განწყობას. ამომრჩეველთა დიდი პროცენტი არჩევნებზე წასვლას აღარ აპირებს, რადგან არც არჩევნების სამართლიანობის და აღარც პოლიტიკური პერსონების სჯერა. ამომრჩეველი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მილიონერი პოლიტიკოსების იმედად ყოფნა თავის მოტყუებაა.
ასეთი მძიმე გამოცდილების შემდეგ რათქმაუნდა კიდევ უფრო რთული იქნება მოსახლეობაში ნდობის და იმედის აღდგენა, მაგრამ სწორედ ესაა ჩემი ამბიცია, რომ დავანგრიო ის სტერეოტიპი, რომ პოლიტიკა ,,ბინძური საქმეა“, რომელსაც მხოლოდ ცბიერი ადამიანები ქმნიან.
საერთოდ მგონია, რომ ქართული პოლიტიკის ტრაგედია ადამიანების ცხოვრებისადმი ჩინოვნიკების გულგრილობაზე გადის და მხოლოდ ვიწრო ინტერესებით იმართება.

რატომ უნდა მენდოს ამომრჩეველი? იმიტომ, რომ მე მათიანი ვარ, მათი გულშემატკივარი. მეც იმ სოციალურ წრეს წარმოავდგენ, ვისთვისაც ადამიანური გაჭირვება უცხო არ არის. მე პოლიტიკას გავაადამიანურებ და ეს სიტყვები შემახსენეთ როცა გსურთ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია თითქმის 10 წელი ხაშურის ბიბლიოთეკის დირექტორი იყავით, რა მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით ხაშურის ბიბლიოთეკაში?

 ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას უკავშირდება უდიდესი გამოცდილება,  წარმატებები და ძალიან ბევრი განსაცდელი, მაგრამ ამ განსაცდელებმა გამაძლიერეს, როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი, მასწავლეს ბრძოლა გამარჯვებისათვის.
ჩემ კოლეგებთან ერთად  ურთულესი პერიოდები გამოვიარე, როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბიბლიოთეკები ძველმოდური და დრომოჭმული სფეროა, რომ კომპიუტერიზაციის ეპოქაში აღარავის ჭირდება და მხოლოდ ზედმეტი ტვირთი და ხარჯია ადგილობრივი თვითმმარველობისთვის, როგორც ბიბლიოთეკების ფუნციონირებისათვის ხელშეწყობა, ისე ბიბლიოთეკარებისათვის საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასების გადახდა.  იყო სხვა უამრავი სირთულეც, რაც ცალკე სასაუბრო თემაა, მაგრამ ეს ყველაფერ ახლა იმიტომ გავიხსენე, რომ ნათლად დაგანახოთ ის, რომ როგორი ბიბლიოთეკებიც აქვს დღეს ხაშურს, ამის მიღწევა პირდაპირი მნიშვნელობით სასწაულის და გმირობის ტოლფასი იყო.
დღეს ბიბლიოთეკებისა და სხვა კულტურული ორგანიზაციების მიმართ განწყობა შედარებით პოზიტიურია, თუმცა ეს ერთი შეხედვით არსებული ,,კეთილგანწყობა“ ბიბლიოთეკარების, მუზეუმელების და სხვა კულტურის სფეროში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე არანაირად არ აისახება.  დანგრევის პირას მყოფი დიმიტრი ყიფიანის სახლ–მუზეუმის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა ნათლად გამოხატავს  ადგილობრივ მოხელეთა პრიორიტეტებს.

 ხშირად ახორციელებდით სხვადასხვა პროექტებს სამოქალაქო ჩართულობის კუთხით, სადაც ახალგაზრდებიც იყვნენ ჩართული, რა პროექტები იყო ეს და რა იყო მათი განხორციელების მიზანი?

 ახალგაზრდების გააქტიურება და განვითარების ხელშეწყობა ყოველთვის იყო ჩემი პრიორიტეტი. შესაბამისად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელე ახალგაზრდებისთვის ჩემს თანამოაზრეებთან ერთად.
პროექტები მოზარდებისთვის, ახალგაზრდებისთვის და მათი უშუალო ჩართულობით ხორციელდებოდა, რითაც ხელს ვუწყობდით ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას.
ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანია განავითარონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები, რათა თავისუფლად წარმოაჩინონ საკუთარი როლი საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ხელი უნდა შევუწყოთ ახალგაზრდების ჩართვას საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამებში, არაფორმალური განათლების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას და ეს ყველაფერი ადგილობრივ დონეზე მაჟორიტარი დეპუტატისა და ადგილობრივი თვითმმართთველობის ხელშეწყობით უნდა ხორციელდებოდეს.

 თქვენი არჩევის შემთხვევაში რა მნიშვნელოვან ღონისძიებას განახორციელებთ?

ყველაფერი მნიშვნელოვანია რაც მოსახლეობის უკეთეს ცხოვრებას და მუნიციპალიტეტის განვითარებას ეხება. არ არსებობს წვრილმანი საქმე. გამარჯვებული კანდიდატი თავისი წარმატებით და პრივილეგიებით ტკბობით კი არა, მეორე დღესვე დანაპირებების შესრულებით უნდა დაკავდეს.

თქვენი აზრით რა უპირატესობები გაქვთ სხვა კანდიდატებთან შედარებით?

ჩემი უპირატესობა ჩემს სუფთა წარსული და თავისუფლებაშია, ჩემი თავისუფლება კი მდგომარეობს იმაში, რომ ,,ვალშიარ ვარ არცერთ ბიზნესკლანთან და ჩინოვნიკთან ვის ინტერესებზე მორგებაც, როგორც წესი უწევთ ხოლმე მთელი შემდგომი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე ჩვენ მიერ არჩეულ პოლიტიკოსებს.
მე ანგარიშ-ვალდებული ვიქნები მხოლოდ ჩემი ამომრჩევლის წინაშე და ეს ნამდვილად დიდი უპირატესობაა.

 მიმართეთ საზოგადოებას, რას ეტყვის ყოველ მოქალაქეს დიანა გელაშვილი?

გახდით თქვენი ქალაქის, სოფლის განვითარების თანამონაწილე, აქტიურად ჩაერთეთ პროცესებში, იცოდეთ თქვენი უფლებები და მოთხოვეთ თქვენ მიერ არჩეულ დეპუტატს, გამგებელს, საკრებულოს წევრს მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ჩაერთეთ აქტიურად და შეიტანეთ თქვენი წვლილი თქვენი ქვეყნის განვითარებაში. ნუ შეგეშინდებათ ღიად დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, კარგად მოისმინეთ რას გპირდებიან და ვინ დგას ამ დანაპირების უკან და აუცილებლად მოდით არჩევნებზე.

კომენტარები