გაუკვალავი ეზოები ანუ 26 საუკუნე

   გასულ ზამთარს სურამის იმ ქუჩაზე მომიხდა გავლა, სადაც სულ რამდენიმე ათეული წლის წინათ კომპაქტურად ცხოვრობდნენ ქართველი ებრაელები. იდგნენ სახლები უპატრონოდ თეთრ მდუმარებაში, მათ ჭიშკართან წუხელ ქარს თოვლი მიუნამქრავს და გზის გამკვალავი აღარავინ იყო, ოდესღაც ხმაურიან და სიცოცხლით სავსე სახლებში მაგრად დაეხურათ დარაბები, კარებზე დიდი ბოქლომი დაეკიდათ და 26 საუკუნის წინათ მიტოვებული სამშობლოსკენ წასულან. პატარა ლამაზი აივნების სხვენზე შეცივნებული ბეღურები შეყუჟულიყვნენ, ეზოში კი მხოლოდ მათზე სანადიროდ გამოსული კატის ნაკვალევი იყო, მხოლოდ კატის… სადღაც გულის სიღრმეში ტკივილი ვიგრძენი, გამახსენდა სკოლა, ჩემი ებრაელი კლასელები და…

1987 წლის აგვისტოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ქართველი ერის სათაყვანებელი შვილი, ერის მამა, უდიდესი მამულიშვილი, საზოგადო მოღვაწე და თავისი ქვეყნის უკურნებელი პატრიოტი ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა. ამავე წლის ოქტომბერში ახლადშერაცხული წმინდანის ხატი იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში შეაბრძანეს და მეორე დიდი ქართველის, შოთა რუსთაველის ფრესკასთან დიდი სასოებით და მოკრძალებით დაასვენეს ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ებრაელებმა. ამავე მონასტერში ქრისტიანმა ქართველებმა და იუდეველმა ქართველმა ებრაელებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს. ამ ამბის შემსწრე ისრაელის უამრავი მოქალაქე თუ აკრედიტირებული ჟურნალისტი გაოცებას ვერ მალავდა, არადა მართლაც საოცარი არ იყო? აბა წარმოიდგინეთ მართლმადიდებლურ ტაძარში ლოცვად დაყუდებული იუდეველი ხატით ხელში, ის იუდეველი, რომელსაც საკუთარი რელიგია პირდაპირ უკრძალავს რაიმე ანალოგიურ საქციელს: “არა ჰქმნა კერპი და არავითარი გამოსახულება იმისა, რაც ცაშია, დედამიწაზეა ან წყალშია”…

ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობის ისტორია 26 საუკუნეს მოითვლის, 26 საუკუნეა ერთად ვცხოვრობდით ერთად გვილხინდა, ერთად გვიჭირდა, დიახ 26 საუკუნეა, რაც ერთად მხარდამხარ მოვდივართ ქართველები და ებრაელები.

1891 წელს რუსეთში მოღვაწე ებრაელი მწერალი ლევ ტოლსტოი წერდა:

ვინ არის ებრაელი? ეს კითხვა არც ისე უცნაურია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ მოდით ვნახოთ რა განსაკუთრებული არსებაა ებრაელი, რომელსაც ყველა მბრძანებელი და ყველა ერის ხალხი შეურაცხობდა და ავიწროვებდა, ჩაგრავდა და დევნიდა, ფეხით თელავდა, წვავდა და ახრჩობდა და რომელიც, ყოველივე ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ცხოვრობს და ხარობს…
ებრაელი – წმინდა არსებაა…
ებრაელი – კულტურის პირველაღმომჩენია…
ებრაელი – თავისუფლების პირველაღმომჩენია…
ებრაელი – მოქალაქეობრივი და რელიგიური შემწყნარებლობის სიმბოლოა.

“გიყვარდეს უცხოელი – გვმოძღვრავდა მოსე – ვინაიდან თავადაც უცხოელი იყავი ეგვიპტის ქვეყანაში. ეს სიტყვები ითქვა იმ შორეულ ბარბაროსულ ხანაში, როცა საყოველთაოდ მიღებული იყო სხვადასხვა ხალხების მიერ ერთმანეთის დაპყრობა…”

ებრაული რელიგია შორსა დგას იმ აზრისაგან რომ მოიმხროს მიმდევრები, იუდეველთა წმინდა წიგნში “თალმუდში” წერია: არაებრაელს, რომელიც ებრაული რჯულის მიღებას გადაწყვეტს, უნდა აუხსნათ თუ რა ძნელია იყო ებრაელიო.

საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ გვერდი-გვერდ ქართველები და ებრაელები, ერთად იზიარებდნენ ჭირსა და ლხინს პირველი პროზელიტები ქრისტიანობამ სწორედ მათ წრეში ჰპოვა და ხელს უწყობდნენ ქრისტანობის გავრცელებას, გავიხსენოთ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი – ქრისტეს პერანგის მცხეთაში ჩამომტანნი, სიდონია – ქრისტეს პერანგთან ერთად დამარხული ებრაელი ქალწული და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი მათგანის ჩამოთვლა შეიძლება.

ქართველ ებრაელებს ქრისტეს სისხლში ხელი არ გაუსვრიათ, არც ელიოზ მცხეთელს და არც ლონგინოზ კარსნელს მის გასამართლებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, პირიქით, უფლის პერანგი, კვართი წამოიღეს და უდიდესი ღვთიური მადლი ჩამოუტანეს მთელ საქართველოს. ალბათ სწორედ ამის გამო იყო ქართველთა მრავალწლოვანი ტოლერანტული დამოკიდებულება ებრაელობისადმი. ალბათ სწორედ ღვთის განგება იყო, რომ 1914 წელს ფრანკფურტში, გერმანიაში, გამართულ ებრაელთა მსოფლიო კონგრესს ფეხზე ამდგარს მოესმინა ქართველი ებრაელის რაბინ დავით ბააზოვის (გერცელ ბააზოვის შვილის) სიტყვა:

ძმებო მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ებრაელობა 2600 წელია ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე ერთხელ არ განუცდია რბევა და აწიოკება ეს ქვეყანა შორს არის ჩვენგან, მაგრამ იგი ახლოს უნდა იყოს ყველა ებრაელის გულში. ევროპა დღეს ცდილობს ადამიანის სიყვარულის განხორციელებას. ეს კი ქართველ ერს 2600 წლის წინათ ჰქონდა შეთვისებული… თუმცა ბევრი ცვლილება მოხდა ამ მშვენიერ ერში, მაგრამ თავისი იდეალი ადამიანის სიყვარულისა და ძმური განწყობისა, მათში შეუცვლელია…

ქართველებისა და ქართველი ებრაელების მეგობრული დამოკიდებულება რამდენიმე ეპიზოდს კი არ მოითვლის, არამედ ლაიტმოტივად მიჰყვება მთელ 26 საუკუნოვან თანაცხოვრებას. ამ ხნის განმავლობაში ტოლერანტობის, ურთიერთსიყვარულის და მეგობრობის არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა ორივე ერის მხრიდან: XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, მაშინ როდესაც საქართველოში ძმათა ომი მძვინვარებდა, სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში ქართველი ქართველისათვის ტყვიის სასროლად შეიჭრა, შეიქმნა საშიშროება ისრაელში წასულ ებრაელთა სახლებისა და სინაგოგის განადგურებისა, მაგრამ მთელი სოფელი აღსდგა და ქართველის ტყვიას ქართული მკერდი მიუშვირა რათა გადაერჩინა ებრაელთა სახლები და მათი სიწმინდეები. ვერაფერს იტყვი, გულის ამაჩუყებელია…

ამავე პერიოდში შექმნილი რთული კრიმინოგენული ვითარების გამო წაიბილწა ქართველ ებრაელთა საფლავები, ხდებოდა ებრაელთა ძარცვა, გატაცება წამება… მაგრამ ერთი ძვირი სიტყვა არ დასცდენიათ ქართველ ებრაელებს, პირიქით 1992 წლის 12 ივნისს გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნდა “ქართველ ებრაელთა მიმართვ სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანამოძმეებისადმი”: “გააგებინეთ მსოფლიოს რომ ჩვენი ოჯახების დარბევას ანტისემიტიზმის გამოვლინებად ნუ მიიჩნევენ და საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს ტყუილ-უბრალოდ ნუ ამოსვრიან… ეს ჩვეულებრივი ყაჩაღური თავდასხმებია”. ძნელია ეს სიტყვებიც ემოციების გარეშე წაიკითხო…

ხაშურიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიმავალმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიაროს დაბა სურამი, პატარა მრავალეროვანი დასახლება, ნამდვილი ტოლერანტობის სიმბოლო. აქ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად, მეგობრულად მართლაც და ტოლერანტობით განმსჭვალულნი ცხოვრობდნენ ქართველები, სომხები, ებრაელები, ოსები, რუსები, უკრაინელები, ლეკები… სამი რელიგიის წარმომადგენლები: მართლმადიდებლები, გრიგორიანელები და იუდეველები. სურამი, თამამად შეიძლება ითქვას, ქართული ტოლერანტობის შესანიშნავი სიმბოლოა, ამის კარგი დასტურია დაბის ჩრდილოეთით 250 მეტრის რადიუსში გვერდიგვერდ განლაგებული ებრაული და სომხური სასაფლაოები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და ებრაული სინაგოგა…

…ფიჩხაძე, ჯანაშვილი, ჯინჯიხაშვილი, პაპისმედოვი, მანაშეროვი, გაგულაშვილი… ეს გვარები მდუმარე მარმარილოს ქვებზეა ამოტვიფრული. მათი ოჯახის წევრების უმრავლესობა ახლა აღთქმულ ქვეყანაში, თავიანთ სამშობლოში, ისრაელშია… მათ კი საქართველოს მიწაში ჰპოვეს სამუდამო განსასვენებელი. 1989 წელს სურამის ებრაელთა სასაფლაო გაიწმინდა, გასუფთავდა, მესერი შეუცვალეს, ქვებზე სურათები აღადგინეს და რაც მთავარია ამ ღონისძიებაში ქართველ ებრაელებთან ერთად მონაწილეობდნენ ქართველებიც და სომხებიც. აქაური მოსახლეობისათვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მათ ნებით თუ უნებლიედ სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი ტოლერანტობა, მაგრამ აბა უცხოს, უცხოელის თვალით შეხედეთ, ვგონებ ამაღელვებელია…

სურამში ებრაელთა დასახლებას მეცნიერები იმ პერიოდს უკავშირებენ, როდესაც ლტოლვილთა პირველი ნაკადი შემოვიდა საქართველოში. ბუნებრივია, ებრაელი სალოცავის გარეშე ვერ გაჩერდებოდა, სავარაუდოდ სინაგოგასაც ამ პერიოდიდან უნდა ეარსება. სურამის ებრაელთა ახლანდელ სალოცავს კი საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

საქართველოში ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მათთან მიმართებაში ვერ ვიტყვით, რომ ესა თუ ის არის “ქართველი რუსი”, “ქართველი ბერძენი”, “ქართველი სომეხი” ან ‘ქართველი აზერბაიჯანელი”, თუმცა არსებობენ ქართველი ებრაელები, ესენი ის ადამიანები არიან რომლებმაც თქვეს “სასიმღეროდ ენატკბილი ქართული მაქვს, სალოცავად სათაყვანო ებრაული”-ო, ესენი ის ადამიანები არიან, რომელთა შვილებმაც ფრანკფურტში ებრაელთა მსოფლიო კონფერენციაზე განაცხადეს: “ქართველ ერს შეუძლია ამაყად წარმოთქვას ჩვენც გვყავდა მეფეები, სამღვდელოება, მწერლობა, მაგრამ სხვა ერების დევნა ფიქრადაც არ მოგვსვლიაო, ევროპელ ებრაელთა დაქცეულ სისხლში ჩვენი ხელი არ გასვრილაო. აი ასეთია ქართველი ხალხი… შვილებო ანდერძად გქონდეთ, ვისაც როგორ შეგეძლოთ, იმით გამოხატეთ ქართველი ერის სიყვარული…”

ჯაბა ლაბაძე

კომენტარები

Comments

  1. Ani Burduli says:

    kargi statiaa dzalian, cotac avforiaqdi, suramis ebraelta sasaflaoze chemi axloblebic arian, matiojaxis wevrebikiisraelshi, yoveltvis vwuxvaramis gamo.