,,ახალი ეპარქიის წინამძღოლი“ – მცირე ბიოგრაფიული ცნობები

   11 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის თავმჯდომარეობით შედგა წმიდა სინოდის სხდომა, რომლის მიერაც განხილულმა და გადაწყვეტილმა საკითხებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან რამდენიმე მღვდელმთავარი პენსიაზე იქნა გაშვებული, თუმცა მათ შეუნარჩუნდათ წოდება და წმიდა სინოდის წევრის სტატუსი. ამასთან ერთად შეიქმნა და გაიყო რამდენიმე ეპარქია. გაყოფილ ეპარქიებს შორის ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო რუისისა და ურბნისის ეპარქიის გაყოფამ, რომელსაც მეუფე იობი (აქიაშვილი) ედგა სათავეში უკვე 1996 წ. 21 ოქტომბრიდან.11 ოქტომბერს კი გახდა ცნობილი, რომ ამ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მნიშვნელოვან ეპარქიას გამოეყო სურამისა და ხაშურის ეპარქია, რომელსაც იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი) უხელმძღვანელებს, მას შემდეგ რაც 2013 წლის 10 ნოემბერს მოხდება მისი კურთხევა უმნიშვნელოვანესი მისიის დასაკისრებლად. ,,ხაშური ნიუსი“ დაინტერესდა მამა სვიმეონის მოღვაწეობით და გთავაზობთ მისი მოღვაწეობის შესახებ მცირე ბიოგრაფიულ ცნობებს.

მამა სვიმეონი (ცაკაშვილი) – ერისკაცობაში თემურ ცაკაშვილი, დაიბადა 1982 წლის 9 აგვისტოს. წარმოშობით კახეთიდან, სიღნაღის რაიონიდან, ქიზიყიდან გახლავთ. მამა სვიმეონი მეათე წელია, რაც ურბნისისა და რუისის ეპარქიაში მსახურობს და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მონასტერში მოღვაწეობდა. კერძოდ ძამის ხეობაში – ტბეთის მონასტერში, აქვე აღიკვეცა ბერად 2004 წელს როდესაც 21 წლის იყო. შემდეგ ურბნისის საკათედრო ტაძარში იმსახურა ერთი წელი რის შემდეგაც ყინწვისის წინამძღვრად გადაიყვანეს. მას შემდეგ კი ის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში, ყორანქედის მამათა მონასტრის წინამძღვარია ვიდრე 10 ნოემბრიდან არ გაუძღვება სურამისა და ხაშურის ეპარქიას. მისი უდიდესი დამსახურებაა ყორანქედის წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის, სამონასტრო ცხოვრების გაჩენა და გაძლიერება.

 

ხაშურელი მრევლი მამა სვიმეონს მხოლოდ საუკეთესო სიტყვებით ახასიათებს და მის უდიდეს ღვაწლზე და სიკეთეზე საუბრობს მიუხედავად მისი მცირე ასაკისა. მალე ის მეუფე სვიმეონი იქნება და გაუძხვება ახალ ეპარქიას, რომელიც დახუნძლულია უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ტაძრებით, რომელთაც გამორჩეული მრევლი ჰყავთ და მამა სვიმეონსაც ვუსურვებთ გაამრავლოს და შემოიმტკიცოს მრევლი და მისი ლოცვით გააძლიეროს ეპარქია და სრულიად საქართველო.

© გიორგი ჩუბინიძე  

,,Khashuri news  

13.10.2013

კომენტარები